in

10 კითხვა, რომლებსაც კვალიფიციური ინტერიერის დიზაინერი აუცილებლად დაგისვამთ — სტუდია „Design it“-ის გზამკვლევი

ბაზარზე ინტერიერის დიზაინერის მოთხოვნა სწრაფი ტემპით იზრდება და სულ უფრო აქტუალური ხდება ეს პროფესია. შესაბამისად, ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვიც მზარდია. ამიტომ დამკვეთებს შესაძლოა არაკომპეტენტურ დიზაინერებთანაც მოუწიოთ თანამშრომლობა, რაც მომავალში სირთულეებს გამოიწვევს. დღევანდელ სტატიაში არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სტუდია „Design it“-ი ძალიან საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს და იმ 10 კითხვას გაგვაცნობს, რომლებსაც გამოცდილი და პროფესიონალი დიზაინერი პროექტზე მუშაობისას აუცილებლად დაგისვამთ. ეს ცოდნა კი უთუოდ დაგეხმარებათ სწორი კადრის შერჩევასა და სასურველი შედეგის მიღებაში.

„ინტერიერის დიზაინ პროექტის შედგენა ისეთი საქმიანობაა,  რომელიც მხოლოდ საათების შრომით არ ანგარიშდება. დიზაინერის მიერ სამუშაოს შესრულების ხარისხი, პირდაპირპროპორციულად აისახება დამკვეთის მომავალი ცხოვრების რიტმსა და რუტინაზე. გამომდინარე აქედან, აუცილებელია ინტერიერის დიზაინერთან მაქსიმალურად გულწრფელი და ნდობით სავსე ურთიერთობის შექმნა“, — აღნიშნავენ სტუდია „Design it“-ის დამფუძნებლები, თიკო დემეტრაშვილი და ირაკლი კირკიტაძე.

1. რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ თქვენს ახლანდელ სივრცეში?

როგორც ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, ახალ სახლში გადასვლის მიზეზი, ძირითადად, ცხოვრების დონის გაუმჯობესებაა. ამიტომ აუცილებელია, დიზაინერთან იმ რიგ საკითხებზე საუბარი, რომლებიც ძველ სივრცეში გიქმნიდათ კომფორტსა და დისკომფორტს. მოცემული საკითხების პროექტირების ადრეულ ეტაპზე დაფიქსირება, დიზაინერებს პროექტის სწრაფად და ხარისხიანად წარმართვაში ეხმარება. აგრეთვე, მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს უკეთ გაანალიზონ, როგორი სახის  სივრცე სურთ, რა აკლიათ ან ეზედმეტებათ პროექტში.

2. მოგვიყევით ოჯახის წევრების შესახებ

დიზაინერმა აუცილებლად უნდა დაგისვათ კითხვა ოჯახის წევრების შესახებ, რადგან თითოეული მაცხოვრებლის აზრის გათვალისწინება პროექტირების საწყისი ეტაპიდანვე აუცილებელია. პროფესიონალი კადრის  მოვალეობაა, წინასწარ განსაზღვროს მომავალი სივრცე, თუ რად შეიძლება გარდაიქმნას სახლი, როდესაც მასში კონკრეტული ოჯახი იცხოვრებს. შესაბამისად, ინტერიერის დიზაინ პროექტის შედგენისას, მნიშვნელოვანია, განსაზღვრული იყოს თითოეული  მაცხოვრებლის სქესი, ასაკი, ცხოვრების რიტმი თუ ინტერესი, რაც დისკომფორტსა და უსიამოვნებას აგარიდებთ თავიდან.

3. როგორია თქვენი ბიუჯეტი?   

ბიუჯეტზე საუბარი, ალბათ, ყველასთვის სენსიტიური საკითხია. ხშირია შემთხვევა, როდესაც დამკვეთი თავს არიდებს სავარაუდო ბიუჯეტის დასახელებას. თუმცა დიზაინერისთვის ფინანსების განდობა უმნიშვნელოვანესია პროექტის სწორად შედგენისა და მომავალში, მასალების ღირებულებებზე უხერხულობის თავიდან ასაცილებლად. მოგეხსენებათ, დღეს საქართველოში მოსაპირკეთებელი და შავი მასალების ფართო არჩევანია, შესაბამისად, დიდია იმის ალბათობა, რომ ბიუჯეტის არცოდნის გამო, დიზაინერმა შეარჩიოს ისეთი პროდუქტი, რომელიც ვიზუალურად მოგეწონებათ, მაგრამ ღირებულებით არ დაგაკმაყოფილებთ.

4. რა არის პროექტის დასრულების თქვენთვის სასურველი ვადა?

თითოეული პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება, რომელთა რაოდენობაც ობიექტის სირთულეზეა დამოკიდებული. მოცემული საფეხურების სწრაფად დასრულება მხოლოდ დიზაინერს არ უკავშირდება. მუშაობისას საჭიროა დამკვეთის აქტიური ჩართულობაც, რათა სასურველი მიზნის მიღწევა უფრო სწრაფად მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ დამკვეთს დროულად სურს ახალ სახლში გადასვლა, ძალიან მნიშვნელოვანია მას ადეკვატური წარმოდგენა  ჰქონდეს სამუშაო პროცესებზე. კარგი დიზაინერი აუცილებლად აგიხსნით, რა ეტაპებისგან შედგება პროექტი და რა დროს მოითხოვს თითოეული საფეხური. ამიტომ, ყოველთვის სასურველია თადარიგის დაჭერა და რემონტის დაწყებამდე მინიმუმ ორი — სამი თვით ადრე დიზაინერთან თანამშრომლობის დაწყება.

5. რომელი ფერები მოგწონთ?

ოთახის ფერების მიხედვით ადამიანის განწყობაც იცვლება. შესაბამისად, უმჯობესია იმ ფერების დაფიქსირება, რომლებიც ყველაზე მეტად გსურთ თქვენს სახლში. კარგი ინტერიერის დიზაინერი კი აუცილებლად მოგცემთ რჩევებს ფერის ინტენსივობისა და ხასიათის შესახებ და ყველანაირად შეეცდება, თქვენი საყვარელი ფერი დასაშვები დოზით იყოს სივრცეში, ისე, რომ მომავალში დისკომფორტი არ შეგიქმნათ.

6. რა არის ის, რაც არ მოგწონთ ან გაღიზიანებთ?

თიკო და ირაკლი ამბობენ, რომ  ხშირად დამკვეთებს წინა კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირთ, რადგან ადამიანებს ხშირად ეცვლებათ გემოვნება. ამიტომ მოცემული კითხვა პროფესიონალს ეხმარება, უკეთ გაიგოს დამკვეთის ხასიათი, გემოვნება, ინტერესები თუ სურვილები  — „თუ რიგ შემთხვევაში დამკვეთებს უჭირთ იმის თქმა კონკრეტულად რა მოსწონთ, მათ ყოველთვის იციან, რა აღიზიანებთ. შესაძლოა, არასდროს გიფიქრიათ ზუსტად როგორი ინტერიერი გინდათ, მაგრამ აუცილებლად გეცოდინებათ, როგორი არ მოგწონთ, რაც ჩვენ საქმეს გვიადვილებს“.

7. გაქვთ თუ არა შესაბამისი ფოტოები შთაგონებისთვის?

ე.წ. „რეფერენსები“ დიზაინერებს ეხმარება უკეთ გაიგონ და აღიქვან, როგორ ხედავს ადამიანი საკუთარ სივრცეს, რა ფერთა შეხამებები იზიდავს, როგორი სტილი, მასალები, ფაქტურები და განათება მოსწონს. ინსპირაციის ფოტოების მოძიება ძალიან კარგი საშინაო დავალებაა დამკვეთისთვის, რადგან რიგ შემთხვევებში, ვერბალურად უფრო რთულია აზრის ჩამოყალიბება, ვიდრე ვიზუალური მასალის მეშვეობით. საბოლოოდ, ორივე მხარე უფრო მარტივად პოულობს საერთო ენას და სწრაფად იღებს სასურველ შედეგს.

8. ანიჭებთ თუ არა უპირატესობას რაიმე კონკრეტულ მასალას?  

სპეციალისტები გვირჩევენ, მასალებთან დაკავშირებით დიზაინერს ბოლომდე ვენდოთ, რადგან როგორც წესი, ამ მხრივ გამოცდილება ძალიან ფასეულია. თუმცა ასევე, აუცილებელია თქვენი სურვილების გათვალისწინებაც, ამიტომ საწყის ეტაპზევე უმჯობესია მასალებთან დაკავშირებულ ყველა კითხვას გასცეთ პასუხი. ამასთანავე, აუცილებელია ბუნებრივი და ხელოვნური პროდუქტების განხილვაც, რათა  დადებითსა და უარყოფით თვისებაზე წინასწარ გქონდეთ ინფორმაცია.

9. არის თუ არა რაიმე ხელოვნების ნიმუში ან ავეჯის ელემენტი, რომლის შენარჩუნებასაც ისურვებდით ახალ სივრცეში?  

ყველა ჩვენგანს გვაქვს ისეთი ნივთები, რომლებთანაც განსაკუთრებული ემოციური მიჯაჭვულობა და დამოკიდებულება გვაკავშირებს. მსგავსი საგნების  შესახებ კი დიზაინერის წინასწარ საქმის კურსში ჩაყენება ბევრად ამარტივებს თქვენთვის მყუდრო გარემოს შექმნის პროცესს. არის შემთხვევები, როდესაც მთლიანი ოთახი ერთი კონკრეტული ავეჯის ან დეკორის ელემენტის გარშემო იქმნება, ამიტომ პროფესიონალმა ეს ფაქტორიც უნდა გაითვალისწინოს.

10. კიდევ რა დამატებითი სერვისები შემიძლია შემოგთავაზოთ?

ძალიან კარგია, როდესაც დიზაინერი  ობიექტს საავტორო ზედამხედველობას უწევს. ამ დროს ის სარემონტო სამუშაოებს დეტალურად ადევნებს თვალყურს და მუდმივ კონტაქტზეა როგორც ხელოსნებთან, ასევე დამკვეთთან. ეს მომსახურება დამკვეთის სარემონტო გამოცდილებას მაქსიმალურად მარტივსა და კომფორტულს ხდის. პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერები ყოველთვის თანამშრომლობენ კვალიფიციურ პროექტ-მენეჯერებთან და გამოცდილ ხელოსნებთან, რომლებიც მარტივი მოსაძებნი ნამდვილად არაა. შესაბამისად, სასურველია, რომ გაესაუბროთ მათ მიერ შემოთავაზებულ პროექტ-მენეჯერებს, რაც, სულ მცირე, გამოგადგებათ სხვა ვარიანტებთან შესადარებლად.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ტერაკოტისფერი სახლი წავკისში – Laboratory of Architecture #3-ის პროექტი

Volvo Retail Experience – ვოლვო ქარ საქართველოს სკანდინავიური მინიმალიზმით შექმნილი, კონცეპტუალური შოურუმი