in

ყველა დროის 11 გამორჩეული სავარძელი

უკვე დიდი ხანია, რაც დიზაინის სამყაროში საკულტო ნამუშევრების პანთეონი ჩამოყალიბდა. ის მოიცავს ნივთებს, რომლებიც არა მხოლოდ ფუნქციონალური და ლამაზი აღმოჩნდა, არამედ ეპოქის სიმბოლოებადაც იქცა. ისინი შესაფერისია როგორც კერძო, ასევე, საჯარო სივრცეებისთვის.

  1. სავარძელი Wassily, დიზაინერი – მარსელ ბროიერი, 1925წ

სავარძელი B3 1925 წელს შეიქმნა და ახლა Knoll-ის მიერ უფრო გვიანდელი სახელწოდებით იწარმოება. მისი ავტორი – მარსელ ბროიერი არის ფუნქციონალიზმის ლიდერი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდერნისტი არქიტექტორი და დიზაინერი, რომელმაც ე. წ. „საერთაშორისო სტილი“ შეიმუშავა. 1925 წელს მან B3 სავარძელი ფოლადის მილებისგან შექმნა და გამოიყენა იგივე ტექნოლოგია, როგორც ველოსიპედის სახელურის შექმნისას.

სავარძელმა, რომელსაც მოგვიანებით მხატვრის – ვასილი კანდინსკის სახელი დაარქვეს, ბიძგი მისცა მსოფლიოს მასშტაბით ფოლადის მილებისგან სხვადასხვა ნივთების შექმნას დაწყებული შეზლონგებით, დამთავრებული მაგიდებითა და საწოლებით. ეს ნივთები ბაუჰაუსის ავეჯის მიღწევებთან არის დაკავშირებული. მათი წარმოება უზარმაზარი ტირაჟებით დაიწყეს, რადგან საუკეთესოდ შეესაბამებოდა დროის სულისკვეთებას – ეს ნივთები ეკონომიური იყო და მკაფიო კონცეფციით იწონებდა თავს.

  1. სავარძელი LC3, დიზაინერები: ლე კორბუზიე, პიერ ჟანერი, შარლოტა პერიანი, 1928წ

სავარძელი LC3 ავეჯის რევოლუციის ნაწილი იყო, რომელსაც ლე კორბუზიე, პიერ ჟანერი და შარლოტა პერიანი ხელმძღვანელობდნენ. ეს მოდელი ცნობილია, როგორც კლუბის სკამის მოდერნისტული ვერსია. არქიტექტორებისთვის მნიშვნელოვანი იყო, წარმოეჩინათ ფუფუნების ახალი, უნივერსალური გაგება, რომელიც ყველასთვის გასაგები იქნებოდა.

სავარძელი პირველად 1929 წელს Salon d’Automne-ში გამოჩნდა, რასაც დიდი ხმაური მოჰყვა. მოდელი ასევე ცნობილია, როგორც Le Grand Confort („ძალიან კომფორტული სავარძელი“, ზოგჯერ ეს ორი სახელი ერთად გამოიყენება). სავარძლის ინდუსტრიული წარმოება კოლექციონერმა და ლე კორბუზიეს თაყვანისმცემელმა, შვეიცარიელმა ჰეიდი ვებერმა წამოიწყო. 1965 წლიდან კი მოდელის წარმოებას იტალიურმა კომპანიამ – Cassina-მ შეუდგა. ახლა უკვე ხელმისაწვდომია სავარძლის კლასიკური და ფერადი ვერსიები.

  1. სავარძელი Barcelona, დიზაინერი – ლუდვიგ მის ვან დერ როე, 1929წ

ლუდვიგ მის ვან დერ როე XX საუკუნის ყველაზე გავლენიან არქიტექტორად მოიხსენიება. მისმა პროექტებმა და მსოფლმხედველობამ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა თანამედროვე ქალაქების იერსახე. „ნაკლები მეტია“ – ვან დერ როეს მიერ ჩამოყალიბებული პრინციპი არქიტექტორების გონებას დიდი ხნის განმავლობაში იპყრობდა.

1929 წელს მან ბარსელონას საერთაშორისო გამოფენისთვის გერმანული პავილიონი დააპროექტა. არქიტექტორმა უარი თქვა დეკორზე და ინტერიერი მიმდებარე ლანდშაფტთან გააერთიანა. ვან დერ როემ მოდერნისტული ტახტების ვერსია შეიმუშავა – ასე გაჩნდა სავარძელი Barcelona, რომლებსაც მაშინ ამერიკული კომპანია Knoll აწარმოებდა.

  1. სავარძელი B.K.F., დიზაინერები: ანტონიე ბონე, ხუან კურჩანი, ხორხე ფერარი ჰარდოი, 1938წ

ამ სავარძელს, რომელიც ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის კოლექციაშია, სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა წლებში განსხვავებული სახელწოდება ჰქონდა. რაც შეეხება B.K.F.-ს, ის ავტორების გვარების პირველი ასოებით არის შედგენილი. ხანდახან ჰარდოის როლს წამოსწევენ წინ და სავარძელს Hardoy Chair-ს უწოდებენ. მესამე ყველაზე გავრცელებული სახელია Butterfly Chair, რადგან მოდელი პეპელას წააგავს. 1940-იანი წლების ბოლოს სავარძლის წარმოების საავტორო უფლებები Knoll Associates-მა შეიძინა.

  1. სავარძელი Diamond, დიზაინერი – ჰარი ბერტოია, 1952წ

სავარძელი Diamond, რომელიც ჰარი ბერტოიას მიერ 1952 წელს შეიქმნა, მოქანდაკის მრავალწლიანი მხატვრული პრაქტიკის შედეგი იყო. მოდელს ამერიკული კომპანია – Knoll აწარმოებს. „ყველაზე მეტად ობიექტებში სიმსუბუქისკენ ვისწრაფვი. ვცდილობ, რომ ადამიანისთვის სხეულის პოზიციის შეცვლა მოხერხებული იყოს და ნივთი სივრცეში ორგანულად თავსდებოდეს. იმავდროულად, დიზაინზე მუშაობის დროს, ადამიანის სხეულის პროპორციებთან შესაბამისობა ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმად რჩება“ – ამბობდა ბერტოია საკუთარი მეთოდის შესახებ.

  1. სავარძელი Lounge Chair, დიზაინერები: ჩარლზ და რეი იმსები, 1956წ

იმსების Lounge Chair ოფისებს, მისაღებ ოთახებს, ვილებსა და პატარა აპარტამენტებს ამშვენებს. იმსები ცდილობდნენ შეექმნათ ახალი ტიპის ინგლისური კლუბის სავარძელი იმ ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებსაც ისინი მეორე მსოფლიოს ომის დროს დაეუფლნენ: დაჭრილი ჯარისკაცებისთვის ისინი მოხრილი შრეებიანი ფიცრებისგან სალტეებს ამზადებდნენ და სურდათ, ეს მეთოდი ავეჯის წარმოებაშიც გამოეყენებინათ.

ამ მოდელზე ექსპერიმენტები რამდენიმე წლის განმავლობაში ტარდებოდა. მათ სურდათ, რომ სავარძელს „მარადიული“ შესახედაობა ჰქონოდა. სავარძლის საფარის შესაქმნელად გამოყენებულ ტყავს აქვს „მუდმივი გამოყენების“ მასალის ყველა თვისება, რადგან შეღებვის ეტაპზე იგი გაჟღენთილია საკმარისი რაოდენობის ზეთით, რაც შესაძლებელს ხდის, შენარჩუნებული იყოს როგორც ფერი, ასევე მასალის ელასტიკურობა.

  1. სავარძელი Egg, დიზაინერი – არნე იაკობსენი, 1958წ

დანიელმა დიზაინერმა – არნე იაკობსენმა ეს მოდელი 1950-იან წლებში კოპენჰაგენში ლეგენდარული SAS Royal სასტუმროს მოსაწყობად გამოიყენა. მან დააპროექტა კლასიკური საკლუბო სკამის მოდერნისტული ვერსია დახრილი მკლავებით, მაღალი ზურგით და თავის საყრდენით. მისი ერთადერთი ავტორიზებული მწარმოებელი არის დანიური ქარხანა – Fritz Hansen.

  1. სავარძელი Ball, დიზაინერი – ეერო აარნიო, 1963წ

დიზაინის სამყაროში ეს სავარძელი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ფორმის ავეჯი აქამდე არასოდეს შექმნილა. პირველი სავარძელი Asko-მ 1966 წელს კიოლნში ავეჯის გამოფენაზე წარადგინა. საგამოფენო კვირის განმავლობაში ამ მოდელზე შეკვეთები 30 ქვეყნიდან განხორციელდა. ახლა Ball ოფიციალურად Eero Aarnio Originals-ის მიერ იწარმოება.

  1. სავარძელი Paulistano, დიზაინერი – პაულო მენდეს და როშა, 1957წ

პაულო მენდეს და როშამ Paulistano 1957 წელს სან პაულოს (ბრაზილია) სტადიონისა და ამავე სახელწოდების სპორტული კლუბისთვის დააპროექტა. ეს სავარძელი ძირითადად კლუბის საჯარო სივრცეებისთვის იყო განკუთვნილი. სკამის ფორმა შთაგონებული იყო ჰამაკით, რომელიც ბრაზილიის ადგილობრივ კულტურებში გამოიყენება.

ესთეტიკურმა გააზრებამ და შეუდარებელმა კომფორტმა ეს სავარძელი პოპულარული სწრაფად გახადა. 2004 წელს ბრაზილიური ბრუტალიზმისადმი ინტერესის ფონზე მოდელი Objekto-მ გამოუშვა. მას შემდეგ, რაც მენდეს და როშამ 2006 წელს პრიცკერის პრემია მიიღო, ამ არქიტექტორის მიერ შექმნილი ობიექტებისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.

  1. სავარძელი Platner, დიზაინერი – უორენ პლატნერი, 1966წ

ამერიკელი არქიტექტორი – უორენ პლატნერი ფოლადის გისოსებისგან დამზადებული სკულპტურული ავეჯის კოლექციით არის ცნობილი. ამ კოლექციაში შეტანილი სავარძელი Platner მოდერნისტული დიზაინის სახედ იქცა. პლატნერმა მასში ყველა თავისი პრინციპი განასახიერა: მოხერხებულობა (მისთვის ეს უმთავრესი იყო), ვიზუალური სიმსუბუქე და დეკორატიულობა. „მჭირდებოდა დეკორატიული, რბილი და დახვეწილი ფორმის მიღწევა“ – თქვა დიზაინერმა და ბავშვობის პერიოდში ყვავილებით გატაცება გაიხსენა. ახლა ამ მოდელს და Platner-ის სერიის ყველა ავეჯს Knoll აწარმოებს.

  1. სავარძელი Pumpkin, დიზაინერი – პიერ პოლენი, 1971წ

1960-იანი წლების საფრანგეთის პრეზიდენტმა – ჟორჟ პომპიდუმ, რომელიც ხელოვნების მოყვარული კოლექციონერი იყო და ჟან კურალმა, Mobilier National-ის ხელმძღვანელმა გადაწყვიტეს, რომ ქვეყნის დიზაინის სექტორზე ფოკუსირების საუკეთესო გზა ელისეს სასახლის ახალი ფრთის ავანგარდული დიზაინის ობიექტებით გაფორმება იყო. პირი, რომელიც ამ მისიას სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა ნიჭიერი პიერ პაულინი იყო.

მისი სახელოსნო არაჩვეულებრივი სკამებით იყო სავსე, პიერი მომავლის ფორმების ძიებით იყო გატაცებული. მომრგვალებული ფორმების მქონე სავარძლებისა და დივნების სერია სპეციალურად ელისეს სასახლის მისაღებისთვის გაკეთდა. ესთეტიკური თვისებების გარდა, ისინი გამოირჩეოდა იშვიათი მოხერხებულობით და ჰარმონიულად ერწყმოდა მომრგვალებულ ხაზებს, რომლებიც პაულინმა სასახლის კედლებისა და სასახლის სხვა ინტერიერის გასაფორმებლად აირჩია.

სახლები გარე აუზით – რამდენიმე რჩეული პროექტი საქართველოდან

Borgo Gallana იტალიაში – Studio Andrew Trotter-ის საუცხოო პროექტი