ოდესღაც კატალონიის ინდუსტრიული ცენტრი – ელ პობლენოუ (ბარსელონა) ახლახან მზარდი შემოქმედებითი ჯგუფის მიერ განახლდა. იქ, სადაც ადრე ქარხნები და საწყობები იყო, დღეს შოურუმებს, გალერეებს, სტუდიებსა და სტარტაპ ოფისებს შეხვდებით. გარდა ამისა, ახლომდებარე საცხოვრებელი კორპუსების რემონტიც მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ ადგილობრივ ფირმას – Atzura Arquitectura-ს 1930-იანი წლების ბინის გარემონტება დაევალა. საცხოვრებელი ეკუთვნის წყვილს, რომელსაც ერთი ახალგაზრდა ქალიშვილი ჰყავს.
ბინის განლაგება თანამედროვე სტანდარტებს ეწინააღმდეგებოდა. ერთი ფასადი ქუჩის, ხოლო მეორე – შენობის ეზოს მხარეს არის, რის გამოც ინტერიერი საკმაოდ ბნელი გამოდიოდა. Atzura-თვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა თანამედროვე, სინათლით აღსავსე განლაგების შემუშავება და იმავდროულად შენობის ხიბლის შენარჩუნება.
საბოლოო ჯამში, არქიტექტორებმა შეიმუშავეს სივრცითი სტრატეგია, რომელიც ზონებს ერთმანეთისგან აშკარად ჰყოფს. მათ ორი საძინებელი ეზოს მხარეს მდებარე ფასადის მახლობლად მოათავსეს და ამ ორი ოთახისთვის მცირე ფართი გამოჰყვეს, რათა 90 კვ/მ-ის სიდიდის ბინაში სივრცე შეენარჩუნებინათ.
საერთო ოთახები – სასადილო, სამზარეულო, კაბინეტი და მისაღები – გაერთიანებულია ერთ ღია სივრცეში, ხმაურიანი ქუჩის მხარეს მდებარე ფასადის გასწვრივ. ამ მიდგომამ ბუნებრივი განათება და ვენტილაცია მაქსიმალურად გაზარდა.
სახლში აღდგენილ იქნა ბევრი პირვანდელი ელემენტი, მათ შორის კაშკაშა ზედაპირის მქონე იატაკის ფილები. ასევე შენარჩუნდა კერამიკით დამუშავებული კამაროვანი ჭერი, თანამედროვე იერსახის მისაცემად კი ის თეთრად შეღებეს.
ახალი მასალები შენობის ისტორიული სტრუქტურის მიხედვით შეირჩა. ამ კრეატიულმა გადაწყვეტილებამ განაპირობა „სიმეტრიული და კაშკაშა პროექტის შექმნა, რომელიც დროის კვალს ტოვებს“ – განმარტავენ არქიტექტორები.