in

რას შეცვლის მსოფლიო პანდემია ინტერიერის დიზაინში – ნინი ჭანტურიას შეფასება

2020 წელი არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების გამომწვევი აღმოჩნდა.  სახლისა და მისი ინტერიერის მნიშვნელობის გადაფასებამ საცხოვრებლის მოწყობის ტრენდების შეცვლა და ახლების წარმოშობა განაპირობა, რაზეც ნინი ჭანტურია, ინტერიერის დიზაინერი და NS Studio-ს თანადამფუძნებელი ესაუბრა homeis.ge-ს. მის შეფასებას უცვლელად გთავაზობთ:

მოგეხსენებათ, 2020 წელი მკვეთრი ცვლილებების მომტანი იყო ყველა სფეროში, მათ შორის ინტერიერის დიზაინის კუთხითაც. პანდემიის გათვალისწინებით, ადამიანები იძულებულები გახდნენ, საცხოვრისის სივრცე გაეხადათ მულტიფუნქციური, მორგებული როგორც სამუშაო რეჟიმს, ისე სხვადასხვა დასასვენებელ თუ გასართობ აქტივობას. თავისთავად, თუ აქამდე სახლის  ძირითადი სივრცეები განტვირთვაზე იყო ორიენტირებული, დღეს უკვე საჭირო გახდა  სივრცეების სხვადასხვა ზონებად დაყოფა.  გეგმარებითი პრინციპების კუთხითაც, მაქსიმალურად გახსნილი კონფიგურაციები იცვლება  დანაწევრებული სათავსოებით, რაც თითქოს ლოგიკურიცაა და ეხმიანება ჩვენს აქამდე სტანდარტულ ყოველდღიურობას – გადაადგილებას  სამსახურს, სპორტდარბაზსა თუ კაფეს შორის.

 

დღეს ეს ტრაექტორიები სხვადასხვა ფუნქციით დატვირთულ ოთახებს შორის მოძრაობასთანაა გაიგივებული. ადამიანის პროდუქტიული მუშაობისთვის, სახლში შედარებით მშვიდი, იზოლირებული სამუშაო გარემოს მოწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. თუ ადრე ნებისმიერ სასადილო მაგიდას ვიყენებდით ხანმოკლე დროით კომპიუტერთან მუშაობისთვის, დღეს ამისთვის უკვე განცალკევებული სივრცეა საჭირო – უფრო კომფორტული, ერგონომიული და პრაქტიკული.

ასევე, აღსანიშნავია  სწორი ბალანსის შექმნა სამუშაო და დასასვენებელ ზონებს შორის. ადამიანის ყოველდღიურობისთვის მნიშვნელოვანია  გარემოს შეცვლა, დღევანდელი მდგომარეობით  კი იძულებულები ვართ, სახლის სივრცე ითავსებდეს ყველა იმ ფუნქციას, რაც ადრე სხვადასხვა ლოკაციაზე ნაწილდებოდა. ამიტომ, სივრცის სწორად დაყოფა ვიზუალურად და ფუნქციურად, საშუალებას მოგვცემს, სახლის გარემოში შევქმნათ მრავალფეროვნება, გავმიჯნოთ სამუშაო და დასასვენებელი დრო. ამ ყველაფერში დაგვეხმარება შესაბამისი ტიპის ავეჯი, მაგალითად, სტუდიოს ტიპის ბინაში, საერთო ოთახის კარადაში ინტეგრირებული სამუშაო კუთხე, რომელიც დაიხურება სამუშაო საათების დასრულებისას და ოთახი მთლიანად დაეთმობა დასასვენებელ აქტივობებს.

მოსასვენებელი კუთხეების შესაქმნელად აქცენტი უნდა გაკეთდეს ნეიტრალურ ტონებსა და ბუნებრივი მასალების კომბინაციებზე. იმის გათვალისწინებით, თუ რაოდენ დიდი დროის გატარება გვიწევს ამ სივრცეში, მნიშვნელოვანია მაქსიმალური კომფორტის შექმნა და ნაკლებად გამაღიზიანებელი, დატვირთული ფერების, ტექსტურებისა და სხვადასხვა დეკორის გამოყენება.

ასევე საკმაოდ აქტუალურია ინტერიერისა და ექსტერიერის, მაგალითად აივნის, ვერანდის, ეზოს სივრცის  სწორი კავშირის შექმნა. დღეს საკმაოდ საჭირო, ვიტყოდი, აუცილებელიც კი არის ბინის აივნის მოწყობა ისე, რომ მან გარკვეულწილად შეძლოს პერიოდულად შეითავსოს გარე მოსვენების, სასადილო ან სამუშაო სივრცის ფუნქციები.

2021 წელს ძირითადად ნაცრისფრის ტონალობებია აქტუალური, რაც  ინტერიერში რამდენიმე ფერით ან განსხავევბული ფაქტურით აქცენტირებული ავეჯისა თუ დეკორატიული ელემენტების უფრო ეფექტურად და საინტერესოდ წარმოჩენის საშუალებას მოგვცემს.

ფოტოებზე გამოსახული პროექტების ავტორი: NS Studio

ფოტოგრაფი: Nick Paniashvili

Design Georgia ქართველ დიზაინერთა ნამუშევრებს ერთ სივრცეში წარმოადგენს