in

2020 წლის საახალწლო განათებები მსოფლიოს ირგვლივ

დეკემბრის დადგომისთანავე მსოფლიოს ირგვლივ მუდამ მატულობს მოლოდინები საახალწლო დეკორაციებთან დაკავშირებით. ქალაქებში დასადგურებულ სადღესასწაულო განწყობას დიდწილად სწორედ ის განათებები, ნაძვის ხეები და ორნამენტები ქმნიან, რომელთა რაოდენობაც ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ნელ-ნელა მატულობს. 2020 წელი მასთან დაკავშირებული ყველა მძიმე მოვლენის გამო საკმაოდ შავბნელი იყო, თუმცა მსოფლიოს ირგვლივ ჯადოსნურმა საახალწლო დეკორაციებმა მაინც შეძლეს მათი განათება, მათ შორის კი რამდენიმე უპირობო ლიდერად მიიჩნევა.

1. პარიზი

საახალწლო პერიოდში პარიზი მუდამ თვალწარმტაცი და მაგიურია. ეიფელის კოშკი,  ელისეს მინდვრები, ლუვრის მუზეუმი თუ სხვა უამრავი პარიზის ღირსშესანიშნაობა თოვლით იფარება და პარიზის 130-ზე მეტი ქუჩა დეკორაციებით ირთვება. 2020 წელს პარიზული განათებები ნამდვილად საოცარია. ტრიუმფალური თაღისკენ მიმავალ მთავარ გზაზე ხეთა რიგს ამშვენებს ათასობით ნათურა, რომლებიც ფერს იცვლიან და მუდამ საოცარ ვიზუალურ ეფექტს ქმნიან. ვანდომის მოედანზე უმშვენიერესი ნაძვის ხეები იწონებენ თავს, განათებულია პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაც, რომლის ხიბლსაც მოულოდნელმა ხანძარმაც კი ვერაფერი დააკლო.

 

2.ლონდონი

 

ლონდონის განათებული ქუჩები, ბარები და მაღაზიები მსოფლიოს საახალწლო დეკორაციებში წამყვან პოზიციებს არც წელს თმობენ.  კოვენტ გარდენი, ტრაფალგარის მოედანი, ბონდისა და რეგენტის ქუჩები ისეთი თვალწარმტაცი განათებებითაა გალამაზებული, რომლებიც გრინჩსაც კი დააყენებდა სადღესასწაულო განწყობაზე.

 

3.სინგაპური

სინგაპური ტრადიციას არ არღვევს და წელსაც ლიდერობს საახალწლო დეკორაციების ორგინალურობასა და განუმეორებლობაში, სინგაპურის ქუჩებში ყველანაირი თემატიკის ახალ წელს შეხვდებით – ტრადიციულს, პოპ-კულტურის ელემენტებით გაჯერებულს, აზიურსა თუ დასავლურს. ახალი წლის მოყვარულებისტვის აზიის ეს ზეგანვითარებული ქალაქი ნამდვილი ზამთრის სამოთხეა.

 

4.ტოკიო

იაპონიის დედაქალაქი განთქმულია თავისი სახასიათო, განსხვავებული ყოველწლიური დეკორაციებით, რომლებიც მნახველებს თავისი სილამაზით ამუნჯებს.  2021 წელს ტოკიოს ქუჩები ლურჯ-ყვითელი ფერების ტონალობებში გადაწყვეტილი განათებებით ხვდება, რომლებიც ქალაქს მსოფლიოს საუკეთესო განათებების სიაში მოწინავე ადგილს უნაღდებს.

5.თბილისი

ბოლო რამდენიმე წელია, თბილისის საახალწლო განათებები მსოფლიო აღტაცებას იწვევს. გამონაკლისი არც 2020 ყოფილა- წლევანდელმა დეკორაციებმა მოახერხა და საქართველოსთვის ურთულესი წლის ბოლო მაინც გაალამაზა. დიზაინერების ინსპირაცია წელს მსოფლიოს სხვადასხვა მნიშვნელოვანი მონუმენტი თუ ღირსშესანიშნაობა გახდა – რიო-დე-ჟანეიროს იესო ქრისტეს ქანდაკება, ეიფელის კოშკი, ბიგ ბენის საათი თუ სხვა მრავალი არქიტექტურული შედევრის რეპლიკების ნახვა თბილისის ქუჩებში ყველას შეუძლია.

ფოტოების ავტორი: Shermazana

ფოტოების ავტორი: ნიკუშა გაბელაია

ბოლო წამის სასაჩუქრე იდეები

2020 წელს დასრულებული მსოფლიოს 7 უმნიშვნელოვანესი პროექტი