2020 წელი, მიუხედავად სირთულეებისა და გამოწვევებისა, ინტერიერის დიზაინისთვის საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო აღმოჩნდა. გავლილი წლის მნიშვნელოვან ტრენდებსა და ტენდენციებზე Homeis.ge ესაუბრა რუსა თუმანიშვილს “The Wall Design Studio”-დან.
ფოტო: ლევან ქაშიბაძე
-რა ტენდენციებს გამოარჩევდით 2020 წლის ინტერიერის დიზაინში? რომელ ოთახზე მოდიოდა ყველაზე დიდი დატვირთვა გასულ წელს და რატომ? რა ფერები, ავეჯის სტილი და ტექსტურები იყო პოპულარული?
ინტერიერის დიზაინი განსაკუთრებულად მოთხოვნადი გახდა 2020 წელს, არა მარტო ჩვენთან, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რადგან უფრო მეტი ადამიანი ატარებს დროს სახლში ახალი რეგულაციების და ასევე გამარტივებული ონლაინ სამუშაოს გამო. ეს ახალი პრაქტიკაა კაცობრიობისთვის. არქიტექტორები და დიზაინერები უფრო მეტად აცნობიერებენ თავიანთ პასუხისმგებლობას დამკვეთის კეთილდღეობის გაუმჯობესებაში და მათი გარემოსა და კომფორტის შექმნაში. როდესაც ინტერიერის დიზაინერი ინდივიდუალურ საცხოვრებელს აპროექტებს კონკრეტული დამკვეთისთვის, არ არის მხოლოდ დიზაინერი, ის არის არქიტექტორი, დიზაინერი, მეტიც, დამკვეთის პირადი ფსიქოლოგი, რადგან ფერების ფსიქოლოგია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს გარემოსა და განწყობაზე. ფერი არ არის მხოლოდ ცალკე აღებული რაიმე ერთი ფერი. შესაძლოა, მოგწონდეს კონკრეტული ფერი, მაგრამ მისთვის დომინანტურობის მინიჭებამ გამოიწვიოს დისკომფორტი. არის ფერები, რომელიც უნდა იყოს ინტერიერში წამყვანი, მაგრამ მხოლოდ შესაბამისი გრადაციებით.
“The Wall Design Studio”-ს პროექტი
როდესაც ვიწყებ პირადი სივრცის დაგეგმარებას/დიზაინს, ვცდილობ თავი წარმოვიდგინო დამკვეთის ადგილზე, გავითავისო ის სივრცე, რომელსაც ვაპროექტებ და შემდეგ შევთავაზო კონცეპტუალური ვერსია. სახლი არის სივრცე, სადაც უნდა იგრძნო პირადი კომფორტი და აქ ფუნქციონალურად ყველაფერი უნდა იყოს ორგანული და მარტივი. 2020 აღმოჩნდა ის წელი, როდესაც ყველაზე მეტად აღვიქვით სახლი, ყველაზე მეტი დრო გავატარეთ და ყველაზე მეტი საჭიროება დადგა კონკრეტულად საცხოვრებელი ფართების დიზაინის. ჩემი პირადი გამოცდილებით,სამუშაო სივრცის დაგეგმარება 2020 წლის პროექტებში ყველაზე მოთხოვნადია პრივატულ სივრცეებში. მე და ჩემმა გუნდმა ასევე ძალიან ბევრი სახლი დავაპროექტეთ ქალაქგარეთ. ყველაზე მოთხოვნადი წელს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებია, დიდი ეზოებითა და სწორად დაგეგმარებული ლანდშაფტით, რაც ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. მე თვითონ 3 წელზე მეტია გავექეცი ქალაქის ხმაურს და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა დილით ყავის დალევა სუფთა ჰაერზე, სიმწვანეში და შემდეგ თუნდაც მთელი დღე გადატვირთულ რეჟიმში მუშაობა.
ფოტო: დემეტრე კაპანაძე
ამის მიუხედავად, 2020 წლის ტენდენციები ინტერიერში ბოლო რამდენიმე წლის ბუნებრივი გაგრძელებაა და ვინაიდან ჩვენ (დღევანდელი მსოფლიო) ბუნებასთან ახლოს არ ვცხოვრობთ, მეგაპოლისების ცხოვრების სტილი არც ისე ახლოსაა ბუნებასთან, ამიტომ ბუნებრივია, ნატურალური მასალით და გამწვანებით დატვირთული ტენდენცია არც ისე ცოტა ხანია, რაც არსებობს. არის ასეთი მიმდინარეობა, ბიოფილია, რომელიც წლებთან ერთად ძალიან პოპულარული ხდება. გარემოს დაბალანსება განსაკუთრებით ბეტონის შენობებშია საჭირო ბუნებასთან კავშირის გარკვეული დონის შესანარჩუნებლად. მეტი ბუნებრივი ხე, ლითონი, ბუნებრივი ქვა, ნატურალური მასალაა მოთხოვნადი და პირიქით, ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებში ბეტონი აბალანსებს გარემოს ინტერიერს, ექსტერიერს, სიმწვანეს, ტყეს, ნატურალურ ხეს. სუფთა ავთენტური შენობის კონსტრუქციისთვის განკუთვნილი ბეტონი თავისთავად იქცა ნატურალურ მასალად, განუყოფელ და ორგანულ ნაწილად. ჩვენზეა დამოკიდებული, მას როგორ გამოვაჩენთ ან საერთოდ დავმალავთ, მაგრამ ფაქტია, რომ ინტერიერში თითქმის ყველა კედლის მიღმა ბეტონია.
“The Wall Design Studio”-ს პროექტი
სიმწვანით დატვირთული შენობა ეკოლოგიური სისუფთავის აღქმას იწვევს, რაც ტრენდულთან ერთად მნიშვნელოვანი ნაწილია დღევანდელი ცხოვრების სტილისთვის. კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე, ეკოლოგია ნებისმიერ დიზაინში მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორც მასალის მხრივ, ასევე – ვიზუალის. დღევანდელი ევროპული მასალის მწარმოებელი კომპანიების მთავარი გამოწვევებია ეკოლოგიური სისუფთავე და ყველაზე მეტი ყურადღება ექცევა წარმოებული მასალის სისუფთავეს, რაც ასევე განსაზღვრავს მის ღირებულებას. ევროპაში უკვე ძალიან მაღალი სტანდარტებია ეკოლოგიურად სუფთა მასალაზე. ბოლო დროის ყველა გამოფენაზე, სადაც წლის განმავლობაში პანდემიამდე ძალიან ხშირად დავდიოდი, პრიორიტეტები და აქცენტები უმეტესად ეკოლოგიურ სისუფთავეზე იყო დასმული. ბოლო გამოფენიდან 5 თებერვალს დავბრუნდი შემდეგი გამოფენის მოსაწვევებით, რომელიც აპრილის ნაცვლად 2021 სექტემბერშია დაგეგმილი. არსებული ახალი გამოწვევების გამო, ეჭვი მაქვს, სულ სხვანაირი მსოფლიო დაგვხვდება.
განსაკუთრებულად მზარდი ტენდენციაა არაპროპორციულად დიდი ზომის, განსაკუთრებით ტროპიკული ვიზუალის მქონე მცენარეები. ბიოფილური დიზაინის მიზანია ბუნების ინტეგრირება როგორც ინტერიერში, ასევე – შენობის არქიტექტურაში, როგორც ჩვენი ჯანმრთელობის, ფსიქიკისა და ზოგადად ეკოსისტემის გასაუმჯობესებლად. განსაკუთრებით ბოლო დეკადაში ძალიან ხშირად გვხვდება ფასადზე ხის ინტეგრირების სხვადასხვა მაგალითები. ასევე შეკიდული მცენარეების, მწვანე ფიტო კედლების, სტაბილიზირებული ხავსისა და დიდი მწვანე ბუნებრივი ლაქების გამოყენება წარმოადგენს იმ მთავარ ტენდენციებს, რომლებსაც ვხედავთ ახლა და რომლებიც მომდევნო ათწლეულშიც ჩამოაყალიბებს ინტერიერის დიზაინს.
“მწვანეფარდიანი” სახლი ინდონეზიაში
რაც შეეხება კონკრეტულ ტრენდებს, ასევე ბოლო რამდენიმე წლის ტენდენციაა ნეოპლასტიციზმი, როგორც ავეჯის დიზაინში, ასევე ფერებსა და ინტერიერის გადაწყვეტაში. იგივე პიტ მონდრიანის სტილის ფერები და გეომეტრიული ფიგურები.
მაქვს ჩემი ავეჯის ხაზი დაახლოებით 3 წელზე მეტია და თითქმის ყველა ნამუშევარი ორგანულ გეომეტრიულ სიმარტივეზეა აგებული. ვერ ვიტყვი, რომ ისინი ტრენდების პირდაპირი გაგრძელებას წარმოადგენენ.
“The Wall Design Studio”-ს კედლის სარკე
ერთ-ერთი მაგიდა სტუდენტობის დროს მაქვს დახაზული ხელით და როდესაც შესაძლებლობა მომეცა, თითქმის ცვლილებების გარეშე დავამზადე. ჩემთვის მარტივი გეომეტრიული ფორმები ძალიან ესთეტიურია და ბოლო წლების ტენდენციებიდან გამოვარჩევდი. ვცდილობ ყველგან გამოვიყენო, სხვადასხვცა კომბინაციაში.
ეს ფორმები იმდენად მარტივი და ბავშვურია, რომ ამ კონცეფციას ცალკე სახელი აქვს. ამ სტილის განსაკუთრებული დეკორის ნაწილია თაღოვანი ფორმები, როგორც კედლებზე, ასევე სივრცულ გეომეტრიულ ობიექტებზეც კომბინაციაში უხეშ, კიდეებიან ფორმებთან, როგორიც არის კიბის ელემენტი ავეჯის დიზაინში. ეს არის კონტრასტები, რაც აუცილებელია ნებისმიერი დიზაინისთვის. კონტრასტის სინთეზი ქმინს ბალანსს – უხეში და ნაზი ფორმები, თბილი და ცივი ფერები, როგორც ინი და იანი.
რაც ყველაზე მთავარია, ღია სივრცეები არის მზარდი ტენდენცია და მომავალში კიდევ მეტად გაიზრდება ღია გეგმარებაზე მოთხოვნა, ვინაიდან 21-ე საუკუნე, ჩემი ხედვით, არის ჩარჩოების მოხსნის, საზღვრების გარღვევისა და თავისუფლების ეპოქა. განსაკუთრებით, ნებისმიერ შემოქმედებით სფეროში. მომავლის დიზაინი ფუნქციური და მინიმალისტურია.
ბუნებრივი ფერების და მასალის კავშირი ასევე ჩანს ყველა ბოლო წლის მოდურ დეკორში, იქნება ეს რატანი და ჭილობი, ტერაცო, პატერნი თუ ნატურალური ქვა.
ფერები შედარებით პასტელური და ცოტა ფემინურია ბოლო წლებში, რასაც ასევე სჭირდება პროფესიონალური შესრულება, რომ სწორად მოხდეს სინთეზი და არ დაირღვეს ბალანსი.
რაც შეეხება პანდემიის გავლენას, როგორც უკვე აღვნიშნე, თითქმის ყველა პრივატულ სივრცეში პრიორიტეტული გახდა საჭირო სამუშაო გარემოსა თუ ოთახის მოწყობა . თუ ადრე ეს საკითხი ამ დოზით არ იყო აქტუალური, და სამუშაოც, როგორც წესი, განიხილებოდა მხოლოდ ოფისში, დღეს ეს თემა 180 გრადუსით შემოტრიალდა და ბევრი პროფესია სავარაუდოდ გადაეწყობა სრულად დისტანციურ სამუშაოზე, რაც თავის მხრივ, მეტ სამუშაო სივრცეს ითხოვს საცხოვრებელში.
“The Wall Design Studio”-ს პროექტი
-რომელია თქვენი აზრით 2020 წლის ყველაზე გამორჩეული პროექტი რომელიც საქართველოში განხორციელდა? მსოფლიოში?
მსოფლიოში განხორციელებული ჯერ არ არის, მაგრამ ძალიან საინტერესოა სერგეი მახნოს მიწისქვეშა ბუნკერის პროექტი, რომელიც კარგად ასახავს პოსტ-პანდემიურ სამყაროს.
სერგეი მახნოს მიქისქვეშა ბუნკერის პროექტი
განსაკუთრებულად გამოვარჩევდი საქართველოში გიორგი ხმალაძის პროექტს – ყავის ქარხანას, რომელიც ძალიან კარგია, გეომეტრიული ფორმების იდეალურის სინთეზია და ბუნებასთან ინტეგრირების ძალიან საინტერესო გადაწყვეტაა.
“მეამას” ყავის ქარხანა, გიორგი ხმალაძე
-”The wall”-ის რომელი პროექტია თქვენი აზრით ყველაზე უნიკალური?
ჩემი ავეჯის ხაზი სრულად გამოხატავს ჩემი დიზაინ სტუდია “The Wall”-ის კონცეფციას და სრულად ჰარმონიაშია ჩემს ესთეტიკასთან. ავეჯზე იმიტომ ვაკეთებ აქცენტს, რომ ინტერიერში ყოველთვის არ არის საშუალება, სრულად გამოხატო ჩანაფიქრი, ბიუჯეტის ან დამკვეთის აზრის თანხვედრის გამო, რასაც ვერ ვიტყვი საკუთარი დიზაინის ავეჯზე. ეს ავეჯი ზუსტად ის პროპორციაა, ის ფერი და ის ოქროს კვეთაა, რაც ჩანაფიქრში იყო და დამოკიდებული არ არის გარემოებებზე. გამოვარჩევდი ჩემი სტუდიის შესრულებულ ოფისის დიზაინს ასევე, ვთვლი, რომ საკმაოდ საინტერესო გამოვიდა შედეგი.
“The Wall Design Studio”-ს პროექტები