in

2023 წლის 14 დიზაინერული ტენდენცია

2022 წელს ჩვენ ვიხილეთ ბუნებრივი მასალებისა და დედამიწით შთაგონებული ფერების პოპულარობა, განსაკუთრებით კოლექტიურ სივრცეებში, როგორიცაა მისაღები ოთახი. ავეჯის დიზაინის კუთხით, საკოლექციო დიზაინის ნიმუშები ჯერ კიდევ ძალიან მოთხოვნადია, მაგრამ მოსალოდნელია ელეგანტურ და ტრადიციულ ფორმებთან დაბრუნება, რადგან ვშორდებით უაღრესად მინიმალისტური დიზაინის სტილს, რომელიც ბოლო წლებში დომინირებს. როგორც ყოველთვის, კლიმატის ცვლილება ყურადღების ცენტრშია და ბევრი დიზაინერი გარემოსდაცვით დიზაინს, მთავარ ტენდენციად მიიჩნევს. დღეს სწორედ წამყვანი დიზაინერებისა და არქიტექტორების პროგნოზების შესახებ ვისაუბრებთ.

ტექსტურირებული კედლები

ტექსტურირებული კედლებისა და ჭერის ტენდენცია მალე არ გაქრება. „ჩვენ გვიყვარს კედლებისა და ჭერის ბათქაშის, ფერებისა და ხის მასალის საშუალებით ტექსტურირება“, ამბობს ინტერიერის დიზაინერი შონა მაკელროი Smac Studio-დან. ის რბილი ტონების გამოყენებას გვთავაზობს.

ტრადიციული სტილის დაბრუნება

უკვე დიდი ხანია, რაც ნაწინასწარმეტყველებია ტრადიციული ინტერიერის დაბრუნება, მაგრამ დიზაინის მრავალი ტენდენციის მსგავსად, მასაც გარკვეული დრო დასჭირდა. „მე ვამჩნევ ბევრად უფრო კლასიკურ გავლენებს“, — აღნიშნავს მაკელროი. გაიხსენეთ პლუშის თეთრი დივნები, დიდი ზომის ნათურები, ანტიკური ნივთები და უფრო ტრადიციული ხელოვნება.

ეკლექტიზმი და ინდივიდუალიზმი

„ვხედავ სვლას არაფაბრიკული დეტალებისკენ ყველა ასპექტში და, შესაძლოა, ინტერიერისადმი უფრო ეკლექტიკურ მიდგომას“, ­— ამბობს ბრაჰმან პერერა. დიზაინერი იჩენს სიფრთხილეს, რომ ეკლექტიზმი უფრო მეტად განსაზღვროს, როგორც მიდგომა და არა დიზაინის სტილი. „ეკლექტიზმი, უკეთესი სიტყვის არარსებობის გამო, შეიძლება უბრალოდ წარმოადგენდეს საკუთარი პირადი ნივთების ნარევს, რომელსაც აქვს ინდივიდუალური მნიშვნელობა, მაგრამ თემატურად შეიძლება ყველა მათგანი არ მოხვდეს „შუა საუკუნეების მოდერნის“ ან „მოდერნის“ კატეგორიაში.“ – ამბობს პერერა.

„მნიშვნელოვანია, იყო საკუთარი თავის ერთგული და არ ჩავარდე სქემატურ ხაფანგში, რომ მთელი სივრცე ერთ ტენდენციას ან სტილს ექვემდებარებოდეს“, — ამბობს პერერა. ამის ნაცვლად ის ექსპერიმენტების თამამად ჩატარებას გვირჩევს. მაკელროი ასევე დაინტერესებულია ამ იდეით და მას „სტილის შერევას“ უწოდებს. ის მოგვიწოდებს, რომ არ შეგვეშინდეს დიზაინის სტილებისა და პერიოდების შერწყმის, ამის ნაცვლად ვფოკუსირდეთ დეტალებზე, რომლებიც ინტერიერის ელემენტებს ერთმანეთთან დააკავშირებს.

მეტი მარმარილო

მიუხედავად იმისა, რომ ეს არსობრივად ნაკლებად არის ტენდენცია (ლამაზი მარმარილო არასოდეს გადადის მოდიდან), ჩვენს სახლებში ქვის ნაყოფიერი გამოყენება არ შემცირდება. თუმცა, ის, რაც შეიცვლება, მისი გამოყენების სპეციფიკაა. „გასაკვირი არ არის, რომ მარმარილო გვიყვარს, მაგრამ შეპყრობილი ვართ მისი პროფილირებით, რაც დეტალურ მოპირკეთებას განაპირობებს“, – ამბობს მაკელროი.

ტექსტილი

პერერა პროგნოზირებს, რომ 2023 წელს ქსოვილის კრეატიული გამოყენება უფრო ფართოდ გავრცელდება. „ხაზოვანი და მოდერნისტული სივრცეების ამჟამინდელი კლიმატი იმედს მაძლევს, რომ ქანქარა ახლა ისევ უბრუნდება ქსოვილის სირბილეს“ ამბობს ის. „ქსოვილი არის მოძრაობა, თეატრი და დენადობა, ყველაფერი ერთად.“

ევროპული თავგადასავლები

არ გიმოგზაურიათ იტალიაში 2022 წელს? არა უშავს, სანაცვლოდ შეგიძლიათ მისი ატმოსფერო სახლში შემოიტანოთ. „უფრო და უფრო მეტად ვიხილავთ შთაგონებას, რომელიც მოდის დიდი ხნის ნანატრი ევროპული თავგადასავლებიდან“, პროგნოზირებს ალექს ჰოპკინსი, სტუდია Tate-ის დიზაინის დირექტორი.

ხარისხი და არა რაოდენობა

„ჩვენ ვხედავთ მეტ ყურადღებას დეტალებზე და ხარისხზე, აქცენტს ყველა გრძნობის ერთიანად აღქმაზე“, ამბობს პერერა. იგი აღნიშნავს, რომ სწრაფად დამზადებული ავეჯი, საბედნიეროდ, წარსულში რჩება. „მიუხედავად ბიუჯეტისა, არსებობს მრავალი გზა ხარისხიანი ავეჯის შესაძენად, იქნება ეს მეორადი ბაზარი, მზარდი დიზაინერების მოძიება სოციალურ მედიაში, თუ ქუჩაში გასეირნება და ადგილობრივი შოურუმების, სტუდიების გამოკვლევა“, – გვირჩევს პერერა.

მდგრადობა

პროდუქტის გარემოზე ზემოქმედების გათვალისწინება, ისევე როგორც მისი კულტურული გავლენა, უზარმაზარია. „ჩვენ ვთვლით, რომ მდგრადობა და კულტურული ცნობიერება იმის ცენტრშია, რასაც ვაკეთებთ. ამ ინტეგრაციას თითოეული დიდი თუ პატარა პროექტისთვის სიმდიდრე, ავთენტურობა და უნიკალურობა მოაქვს“, ამბობს ევა-მარი პრინეასი, Studio Prineas-ის დირექტორი.

გადამუშავება

„უფრო მეტი ყურადღება გამახვილდება პასიური ენერგიის მოხმარებაზე, შენობების ნარჩენებსა და გარემოზე ზემოქმედებაზე“, – ამბობს ალექსანდრა დონოჰოე ჩერჩი, Decus-ის დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი. „დიზაინერები სულ უფრო მეტად ეძებენ ნარჩენი მასალების ახალ დანიშნულებას“.

„მასალების სახლთან ახლოს მოპოვებაც ამის ნაწილია“, ამბობს დენიელ ბოდამი, Daniel Boddham Studio-ს დამფუძნებელი და დირექტორი.

უფრო პატარა სახლები

„მიწოდების ჯაჭვის მიმდინარე პრობლემების გამო, მშენებლობისა და რემონტის ხარჯები იმდენად მკვეთრად იზრდება, რომ ჩვენ პატარა სახლებისკენ მიდრეკილების ზრდას ველით“, ამბობს ემა მაჰლუკი, Mim Design-ის კრეატიული დირექტორი. მაჰლუკი გვირჩევს, რომ იქ, სადაც ეს შესაძლებელია, დიზაინი გარემოსდაცვითი მიზნების გათვალისწინებით უნდა შეიქმნას. ეს მოიცავს ბუნებრივი განათების გამოყენებას, განახლებად ენერგიაზე გადასვლას და ა. შ.

სახლები მრავალი თაობისთვის

„მოსალოდნელია, რომ 2050 წლისთვის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 88-დან 115 წლამდე გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გაცილებით მეტი აქცენტი გაკეთდება სახლების მრავალი თაობის მიერ გამოყენებაზე“, ამბობს ალექსანდრა დონოჰოე ჩერჩი.

დიზაინი, რომელიც ცხოვრებას აუმჯობესებს

„ბოლო რამდენიმე წელმა ბევრი რამ გვასწავლა იმის შესახებ, თუ როგორ აღვიქვამთ სამყაროს დიზაინის მეშვეობით“, ამბობს ემა მაჰლუკი. „შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს სახლებს ვაფასებთ იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე და ეს ცხოვრების გამაუმჯობესებელ დიზაინზე ყურადღებას გაზრდის.” მაჰლუკს მიაჩნია, რომ „პანდემიამ უფრო უკეთ გაგვააზრებინა ჩვენი საჭიროებები და შედეგად, ჩვენს სახლებს მეტი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევს“.

პოლ კონრადი, Conrad Architects-ის დირექტორი ეთანხმება ამ მოსაზრებას და ამბობს: „სახლის, როგორც თავშესაფრის იდეა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამაღლდა და, სავარაუდოდ, ეს განწყობა გაგრძელდება. ინტერიერის დიზაინის ნამდვილი ღირებულება ვლინდება იმით, თუ როგორ შეუძლია მას სიმშვიდის, სითბოსა და კომფორტის განცდა აღძრას.”

კეთილდღეობა სახლში

„ჩვენი ბევრი კლიენტი ახლა არა მხოლოდ ოთახებს, არამედ სახლის მთელ მხარეს უთმობს იმას, რომ სასტუმროს მსგავსი კეთილმოწყობილი ობიექტები შექმნას“, ამბობს პოლ კონრადი. საერთო მოთხოვნები მოიცავს ყველაფერს — ცხელ და ცივ საცურაო აუზებს, აბაზანებს, ინფრაწითელ საუნებს, სრულად აღჭურვილ სპორტდარბაზებს, მედიტაციისთვის განკუთვნილ სივრცეებს და ა. შ.

შიდა და გარე სივრცის გაერთიანება

და ბოლოს, ბიოფილური დიზაინი — დიზაინის საშუალებით ბუნებასთან დაახლოების მცდელობა — 2023 წელს გაგრძელდება. „ჩვენ ვხედავთ პროექტებს, რომლებიც განპირობებულია ბუნებრივი განათებით და ბუნებასთან სიახლოვის განცდით“, აღნიშნავს კონრადი. „გარე სივრცეები უფრო ინტეგრირებული ხდება სახლთან, რაც საბოლოოდ ერთიან, ჰარმონიულ გამოცდილებას ქმნის“.

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

თვალწარმტაცი ვიქტორიანული სახლი ინგლისში

11 მაღაზია თბილისში, სადაც დეკორატიულ სარკეებს შეიძენთ