in

როგორი იყო 2023 წელი ქართული ინტერიერის დიზაინის სფეროსთვის? — სტუდია „Due“-ს შეჯამება

2023 წელი არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინისთვის მრავალმხრივი, საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა. დიზაინის მიმართულებით ქართული გამოცდილების  შეჯამება ინტერიერის დიზაინის სტუდია „Due“-ს ვთხოვეთ, რომელსაც ჩვენს მკითხველს დღევანდელ სტატიაში გავაცნობთ.

როგორც სტუდიის დამფუძნებლები — ლიკა ლასარეიშვილი და ცოტნე ანდრიაძე აღნიშნავენ, „Due“-სთვის 2023 წელი საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი პროექტებით აღსავსე აღმოჩნდა, როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთაც. „ვცდილობთ, ეტაპობრივად, საერთაშორისო პროექტებს სისტემატური ხასიათი მივცეთ, რაც ჩვენთვის საკმაოდ დიდი, თუმცა ძალიან საინტერესო გამოწვევაა. ამ პროექტების უმეტესობა წარმატებით დავასრულეთ, ზოგი კი მიმდინარეა და სიამოვნებით ვაგრძელებთ მათზე მუშაობას“.

ჩვენი რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში ინტერიერს დიზაინისადმი ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა. გაჩნდა ბევრი ახალი დიზაინერული თუ არქიტექტურული კომპანია, რაც, თავს მხრივ, ბაზარზე კონკურენციას ზრდის და ამ სფეროსათვის სასიკეთოდ მოქმედებს, რადგან მომსახურების ხარისხი მაღლდება და დარგის პოპულარობაც იზრდება.

„ჩვენი დაკვირვებით, წინა წლებთან შედარებით, ცალსახად გაიზარდა დამკვეთის მხრიდან ნდობის ფაქტორიც, რაც უმნიშვნელოვანესია კარგი პროექტის შექმნისა და მისი წარმატებით რეალიზებისთვის. გვაქვს ობიექტები, სადაც დამკვეთი არც კი ყოფილა სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე. ასეთი ნამუშევრები ჩვენთვის უფრო აზარტულია და ვცდილობთ, ისე დასრულდეს ინტერიერის რეალიზების პროცესი, რომ ვიზუალიზაციისგან განსხვავება ვერც დამკვეთმა და ვერც ჩვენ დავინახოთ“, — აღნიშნავენ „Due“-ში.

დიზაინერები ყურადღებას ამახვილებენ 2023 წლის ტენდენციებზეც და მრგვალი ფორმების სიმრავლეზე საუბრობენ, რაც სივრცეში ჰარმონიისა და დახვეწილობის შეგრძნებას აჩენს. ცოტნე და ლიკა პოზიტიურად აფასებენ მრგვალი ფორმების აქტუალობას, რადგან ისინი იდეალურად აბალანსებს სწორხაზოვან, შედარებით მკაცრ ფორმებს და იდეალურ, სასიამოვნო ვიზუალურ კომპოზიციებს ქმნის.

2023 წლის კიდევ ერთი აქტუალური დიზაინ გადაწყვეტა სახლში სამუშაო სივრცეების მოწყობაა, რაც პანდემიამ და დისტანციურმა მუშაობამ განაპირობა —  „პანდემიის პერიოდში გაჩნდა სახლიდან მუშაობის საჭიროება, რამაც  სახლში სამუშაო სივრცეების შექმნის მოთხოვნა განაპირობა.  2023 წლის ჩვენს  პროექტებში, თითქმის ყველა დამკვეთს სურდა კომფორტული კუთხის მოწყობა დისტანციური მუშაობისთვის“.

რაც შეეხება ერთ კონკრეტულ სტილს, ფერსა თუ მიმდინარეობას, დარგის პროფესიონალები მიიჩნევენ, რომ მათთვის მთავარი ყოველთვის ინდივიდუალური, სახასიათო დიზაინის შექმნაა. შესაბამისად, 2023 წლის ნამუშევრები „Due“-სთვის ისეთი ფერებით, მასალებითა თუ ფორმებით ხასიათდება, რომლებიც უნიკალურ, დამკვეთისათვის სახასიათო სივრცეს ქმნის.

სტუდია „Due“ საუბრობს ჩვენი ჟურნალის ახალი წამოწყების, უნიკალური პლატფორმისა და ღონისძიების „Homeis.gathering“-ის შესახებ, რომელიც ინტერიერის დიზაინერებისა და არქიტექტორებისთვის ახალი გამოცდილების შექმნას ისახავს მიზნად.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს ჟურნალ HOMEIS.GE-ის წამოწყება — „HOMEIS.GATHERING“, საქართველოში ამ სფეროს ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურ სახეს მიიღებს და საშუალებას მოგვცემს, საინტერესო დიზაინერებისა და არქიტექტორების გამოცდილება მოვისმინოთ. ვფიქრობთ, ეს ყველა ჩვენგანისთვის, ვინც ამ სფეროში ვსაქმიანობთ, მოტივაციის და საინტერესო გამოცდილების მომტანი შემაჯამებელი ღონისძიება იქნება, რაც ძალიან გვახარებს“, — ამბობენ „Due“-ს დამფუძნებლები.

ავტორი: მეკო მეტრეველი

აპარტამენტი მექსიკაში – სტუდია rchetonic-ის ნამუშევარი

“არქიტექტურული ხდომილება” — ინტერვიუ ნატალია ნებიერიძესთან