in

როგორი იყო 2023 წელი ქართული არქიტექტურისთვის? — მარიამ მენაბდის შეჯამება

დღევანდელ სტატიაში კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის დეკანი — მარიამ მენაბდე 2023 წლის არქიტექტურულ მოვლენებს განიხილავს და წლის საინტერესო შეჯამებას გვთავაზობს. იმის გამო, რომ არქიტექტურა, როგორც გლობალურ ასევე, ეროვნულ და ისტორიულ ჭრილში, მუდამ გამოწვევების წინაშე დგას, საინტერესოა, რამდენად ახერხებს ის თანამედროვე  პრობლემებსა და გამოხმაურებებზე პასუხს.

როგორც მარიამი აღნიშნავს, არქიტექტურა  დინამიკური და კომპლექსური პროცესია, რომელიც ინტერდისციპლინარულ მიდგომას, შემოქმედებით ხედვას, ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და გარემოს, კულტურული და სოციალური კონტექსტების ღრმა გააზრებას მოითხოვს.

„სწორედ ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არქიტექტურულ სამყაროში ნებისმიერ ცვლილებასა თუ ინიციატივას მყისიერი და თვალსაჩინო შედეგი იშვიათად თუ მოაქვს, რადგან ის დროში განვრცობილია. შესაბამისად,  ჩვენ, არქიტექტორებს და მომიჯნავე სფეროს წარმომადგენლებს სიფრთხილე გვმართებს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვქმნით და რა შედეგის მიღება გვინდა, რათა შეუსაბამო, შეუქცევად პროცესებს  ხელი არ შევუწყოთ“, — ამბობს მარიამ მენაბდე.

ჩვენი რესპონდენტის აზრით, არქიტექტურის დარგის წინსვლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიმართულებით განვითარება,  როგორებიცაა — კვლევითი საქმიანობა, პროექტირება, ინტერნაციონალიზაციის გაძლიერება, კონკურსებისა და სწავლების აქტიური პროცესი. ამ მხრივ  კოორდინირებული და გეგმური სვლა მხოლოდ ერთიანი ძალებით იქნება შესაძლებელი, რაც საბოლოოდ, იმ შედეგების მომტანი გახდება, რასაც ეს სფერო იმსახურებს.

მარიამ მენაბდე 2023 წლის მნიშვნელოვან მოვლენად საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობასა და ამ გზით ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას მიიჩნევს — „აღსანიშნავია საზღვარგარეთ გამოფენებში მონაწილეობა და ჩვენი ქვეყნის მსოფლიო კონტექსტში ღირსეულად წარმოჩენა, რაც გლობალური გამოწვევების და საერთაშორისო ასპარეზზე წარდგენის ინტერნაციონალიზაციის კუთხით, დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია“.

მარიამი ყურადღებას ამახვილებს სასწავლებლებში ახალი სწავლის მეთოდებისა და ინოვაციური პროგრამების გაჩენაზეც, რაც ჯანსაღი კონკურენციისა და დარგის პოპულარიზაციისთვის აუცილებელია. ეს კი, თავის მხრივ,  ახალი სტუდენტური კონკურსებისა და უნივერსიტეტების სამეცნიერო თუ კვლევითი ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ჩვენი რესპონდენტი ხაზს უსვამს  საერთაშორისო აკრედიტაციის (RIBA validation) საკითხს და მას განსაკუთრებულ წარმატებად მიიჩნევს არა მარტო ცალკეული უნივერსიტეტისთვის, არამედ, ზოგადად, ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის.

„ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებულმა კონკურსებმა საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია პროფესიულ წრეებში. სწორედ ამიტომ, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის ერთობლივი თანამონაწილეობით, მნიშვნელოვანია უფრო მეტი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონკურსის ორგანიზება და ინიციატივების წახალისება. რადგან ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა. აქ წარმოსახვა და ინოვაცია ერთმანეთს ერწყმის და ყველანაირი საზღვრები ირღვევა, რომლებიც რუტინული საქმიანობის შედეგად არის ჩამოყალიბებული. ეს პლატფორმა საშუალებას გვაძლევს, არქიტექტურულ გარემოში ახალი იდეები და სახეები აღმოვაჩინოთ, რაც ძალიან კარგი იქნება ცვლილებებისა და დარგის გაძლიერებისთვის“, — ამბობს მარიამ მენაბდე.

მარიამის აზრით, უნდა აღინიშნოს ის მნიშვნელოვანი პროექტებიც, რომლებიც წელს არქიტექტურულმა სტუდიებმა შემოგვთავაზეს. ისინი არა მარტო ადგილობრივ ბაზარზე, არამედ საერთაშორისო დონეზეც წარმატებული აღმოჩნდა.

„წარმატებული ნამუშევრები მხოლოდ კოეფიციენტსა და დამკვეთის ინტერესს კი არ ითვალისწინებს, არამედ სიღრმისეული კვლევის ანალიზს ეფუძნება. სწორედ ამ პროექტების მიღმა მდგომმა არქიტექტორებმა, რომლებმაც ამბიციურად და მკაფიოდ დააფიქსირეს საკუთაარი ხედვა და არ შეუშინდნენ იმ არაჯანსაღ კონკურენციას, რაც ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ასე მძლავრადაა, შემოგვთავაზეს პროექტები, რომლებმაც საზოგადოების შეხედულება არქიტექტურის მიმართ შეცვალა და დარგის სპეციალისტების მიმართ ინტერესი გამოიწვია“.

მარიამის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ბოლო წელს კიდევ უფრო მეტად წარმოჩინდა, სოციალური გავლენის მქონე პროექტების გაზიარებაა სტატიებისა და სხვადასხვა სადისკუსიო პლატფორმების დახმარებით, რამაც ჯანსაღი განხილვის შესაძლებლობა წარმოშვა და სტუდენტებისა და დარგის სპეციალისტების მხრიდან მაღალი ინტერესი გამოიწვია. ისინი ხმამაღლა აფიქსირებენ საკუთარ სწორ დამოკიდებულებას პროექტების მიმართ და არ თანხმდებიან სარფიან შემოთავაზებებს ღირებულების დაკნინების სანაცვლოდ, რაც მისასალმებელია.

ჩვენთან საუბრისას მარიამმა Homeis.ge-ს ღონისძიებაზეც ისაუბრა და ამ ინოვაციური შეკრების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი: „ბოლოს მინდა აღვნიშნო ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენების ღირსეული დაგვირგვინება — Homeis.ge-ს ღონისძიება, რომელიც ნამდვილად არ იყო სტანდარტული და უბრალო. ეს დარგის წარმომადგენლების მნიშვნელოვანი შეკრება იყო, სადაც არქიტექტურისა და მომიჯნავე სფეროს პროფესიონალები განსხვავებული ფორმატით (რასაც არქიტექტურის დარგის წარმომადგენლები ნაკლებად ვართ მიჩვეულები) დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ და საკუთარი გამოცდილება, შთამაგონებელი, ამბიციური თუ ზოგ შემთხვევაში, პროვოკაციული მოსაზრებები აუდიტორიას გაუზიარეს. ამ სფეროს ძალიან აკლია ჯანსაღი კრიტიკა და სწორი დისკუსია. სწორედ ეს არის ის მნიშვნელოვანი, პირველი ნაბიჯი, რომლის შემდეგაც მჯერა, დიდი გარდატეხა მოხდება ამ დარგის განვითარების მიმართულებით“.

22 დეკემბრის homeisშეკრება სასტუმრო “სტამბაში”

ავტორი: მეკო მეტრეველი

XIX საუკუნეში შექმნილი ინტერიერი, რომელიც თანამედროვე ტენდენციებს მოერგო

ჰიდროიზოლაციის მახასიათებლები და ღირებულება ქართულ ბაზარზე