ახალი წლის მთავარი სიმბოლო ნაძვის ხეა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და მათ სიხარულსა და ბედნიერებას ანიჭებს. ყოველწლიურად თითოეული ოჯახი დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად ემზადება და ნაძვის ხეს გამორჩეულად რთავს. არაერთი ადამიანისთვის ოჯახის წევრებთან ერთად ნაძვის ხის გაფორმება და საახალწლო დეკორაციის მოწყობა ერთგვარი ტრადიციაა, რაც გარშემო მყოფებს ამაღლებულ განწყობას უქმნის და სახლში საოცარ ატმოსფეროს ქმნის. დღევანდელ სტატიაში თავი მოვუყარეთ საინტერესო და ორიგინალურ ნაძვის ხეებს, რომლებიც ინდივიდუალურობითა და მიმზიდველობით გამოირჩევა და მნახველს საზეიმოდ განაწყობს.
ნია მგელაძის „აყვავებული“ ნაძვის ხე
დიზაინერი ნია მგელაძე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საახალწლო დეკორაციას და ნაძვის ხის მორთულობას. ის ყოველწლიურად ცდილობს, დეკორაციისთვის განსხვავებული თემატიკა შეარჩიოს და ოჯახის წევრებსა და სტუმრებს სადღესასწაულო განწყობა შეუქმნას. მისი წლევანდელი ნაძვის ხე ხელოვნური ყვავილებითაა გაფორმებული, რის გამოც ორიგინალურობით გამოირჩევა. როგორც დიზაინერი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, მის ნაძვის ხეს აყვავებული ხის ეფექტი აქვს და ნებისმიერ მნახველს საზეიმოდ განაწყობს.
„ნაძვის ხის აწყობასა და მისთვის დეკორაციების არჩევას საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ. ყოველ წელს ვცდილობ სხვადასხვა თემატიკა ავარჩიო. წლევანდელი ნაძვის ხის დეკორაციად ხელოვნური ყვავილები გამოვიყენე, რომლებიც დავჭერი. ნაწილი ნაძვის ხეში ჩავამაგრე, ხოლო დანარჩენი ფოთლებით სადგამი გავალამაზე. ფოთლებს შუშის სათამაშოები შევუხამე, რომლებიც ძალიან ლამაზად ირეკლავს განათებას და ყვავილების ჩრდილს. სათამაშო ბურთების დამაგრება საკიდების გარეშე გადავწყვიტე და განათების სადენების მეშვეობით ჩავამაგრე. მინდოდა ვიზუალურად აყვავებული ხის ეფექტი მიეღო, რომელსაც სხვადასხვა სიდიდისა და ფერის ნაყოფი ასხია“, — ამბობს ნია მგელაძე.
ბუკა დუმბაძის ჯადოსნური ნაძვის ხე
ბუკა დუმბაძე „ბუკას ბეიქერი“-ს შეფ-კონდიტერია. მას ახალი წელი განსაკუთრებით უყვარს, ამიტომ საგანგებოდ ემზადება ამ დღისთვის და სადღესასწაულო დეკორაციას ნოემბერში ამზადებს. ბუკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თითოეული ნაძვის ხის სათამაშოს და სწორად შერჩეულ და გადანაწილებულ საახალწლო განათებას, რაც საბოლოო ჯამში, ჯადოსნურ ეფექტს ქმნის და სახლს საზეიმო განწყობით ავსებს.
„ახალი წლის დღეების სიყვარული და ჯადოსნურობა ბავშვობიდან მომყვება. ამ პერიოდისთვის ყოველთვის გამორჩეულად ვემზადები. საჩუქრების ყიდვა, შეფუთვა, ჩუქება განსაკუთრებულად სასიამოვნო პროცესია. სახლის მორთვას 19 ნოემბერს ვიწყებ და ორი თვე ამ ყველაფრით ვტკბები. ყველაზე მეტად ცოცხალი ნაძვები მელამაზება, ამიტომ წლევანდელი ნაძვის ხე სწორედ ამ კრიტერიუმის მიხედვით შევარჩიე. მინდოდა მაქსიმალურად მიახლოებული ყოფილიყო ბუნებრივთან. სათამაშოებთან ერთად ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ განათებას. სწორად შერჩეული და თანაბრად გადანაწილებული ნათურები იდეალურად აჩენს ორნამენტებს. სათამაშოების განაწილება ჩემთვის ცალკე “გეომეტრიაა”. თითქმის ყველა მათგანი ვარდისფერ-თეთრ ტონშია წარმოდგენილი. ნაძვის ხე ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი ატრიბუტია, რომ სახლის დაპროექტებისას, პირველ რიგში, მისი მოსათავსებელი სავარაუდო ადგილები განვსაზღვრე“, — აღნიშნავს ბუკა დუმბაძე ჩვენთან საუბრისას.
გვანცა მეუნარგიას ბუნებრივი ნაძვის ხე
Homeis.ge-ს ყურადღება ჩვენი მკითხველის, გვანცა მეუნარგიას ბუნებრივმა ნაძვის ხემაც მიიპყრო, რომელიც სადა და დახვეწილი დეკორაციით გამოირჩევა. ნაძვის ხისთვის სათამაშოები გვანცამ საგანგებოდ შეარჩია და ბუნებრივ ნაძვს შეუხამა, რამაც სადღესასწაულო მორთულობას ორიგინალური შტრიხები შესძინა.
„ჩემმა ნაძვის ხემ 300 კილომეტრზე მეტი გამოიარა ჩემთან მოსასვლელად. ძალიან მინდოდა წელს ბუნებრივი ნაძვი მქონოდა, რომელიც იქნებოდა სრული ხე და არა ტოტებისგან აწყობილი დეკორაცია. ამასთანავე, კატეგორიულად ვეწინააღმდეგები მოჭრილ ხეებს, ამიტომ რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. სურვილის ასრულებაში ჩემი და, სესილი დამეხმარა, რომელმაც სამეგრელოში საახალწლოდ სპეციალურად გაზრდილ ბაღში შეარჩია ეს ნაძვი და ფესვებითა და მიწით ჩამომიტანა. ნაძვი იმავე ღამეს შავ სათლში ჩავრგე, რათა ძირის შესაფუთად შემდეგ რაიმე დეკორაცია შემერჩია. თუმცა ეს დროებითი სათავსო იმდენად სადა, ბუნებრივი და ლამაზი გამოვიდა, რომ ნაძვის ხე სათლში დავტოვე. ახალ წლამდე ორი კვირა ნაძვის ხე მხოლოდ ნათურებით იყო გაფორმებული, 30 დეკემბერს კი სათამაშოებით მოვრთე. თითოეული სათამაშო შუშისაა და კონკრეტულად ამ ნაძვისთვისაა შეძენილი, რადგან როგორც წესი, ყოველ წელს სხვადასხვა თემას ვარჩევ და წინა წლის სათამაშოებს ვერ ვიყენებ. ვცდილობ, ნაძვის ხეს მოვუარო, ვრწყავ და ღამით ღია ფანჯრის ქვეშ ვტოვებ, რათა არ გახმეს. ძალიან მინდა ჩემს მეუღლეს დავახვედრო (ის მეზღვაურია და იანვრის ბოლოს ჩამოდის), როგორც ახალი წლისთვის ოჯახის მთავარი დეკორაცია. შემდეგ მეგობრის ეზოში ჩავრგავთ და მისი მორთვა მომავალ წლებში უკვე ეზოში იქნება შესაძლებელი“, — გვიყვება გვანცა.
ნათია ვერულიძის ზღაპრული ნაძვის ხე
ჩვენი კიდევ ერთი ერთგული მკითხველი ნათია ვერულიძე ახალი წლისთვის საგანგებოდ ემზადება. ნაძვის ხის მორთვა და საახალწლო დეკორაციების მოწყობა მისი საყვარელი საქმიანობა და ნამდვილი დღესასწაულია. ნათია და მისი შვილი საახალწლოდ ერთად ამზადებენ თიხისგან სხვადასხვა ფორმის ნაძვის ხის სათამაშოს, რაც სადღესასწაულო დეკორს ინდივიდუალურ შტრიხებს სძენს და ამაღლებულ განწყობას უქმნის ოჯახის თითოეულ წევრს.
„ახალი წელი სხვების მსგავსად, ჩემთვისაც ყველაზე საყვარელი და ჯადოსნური დღესასწაულია, რისთვისაც განსაკუთრებით ვემზადები. ნაძვის ხის აწყობის დღე კი ყველაზე მეტად მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალი ნაძვის ხე ძალიან მომწონს, ცუდი გამოცდილება მქონდა მასთან დაკავშირებით და აღარ ვაპირებ მის დადგმას. სამი წლის წინ, როდესაც ამ სახლში გადმოვედით, ცოცხალი ნაძვის ხე გამოვიყენე, რომელმაც ოთახის პირობებში ერთი კვირაც ვერ გაძლო და გახმა. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ ჩვენი ბინის შესაფერისი ხელოვნური ნაძვის ხე შეგვერჩია. რადგან დიდი სივრცე არ მაქვს, მაღალი და ვიწრო ხე შევიძინე, რომელიც, ვფიქრობ, ჩემს ინტერიერს ძალიან უხდება. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ განათებას, რაც ჩემი ნაძვის ხის მორთულობის დიდ ნაწილს შეადგენს. სათამაშოებს რაც შეეხება, ტრადიციულად, მე და ჩემი 7 წლის შვილი თიხისგან სხვადასხვა ფორმის სათამაშოს ვამზადებთ. მხოლოდ 3 ფერს ვიყენებ – თეთრს, გამჭვირვალესა და ვერცხლისფერს, რაც საოცრად უხდება საახალწლო დეკორაციას“, — ნათია ვერულიძე.
ნათია უჯმაჯურიძის ბუნებრივი ნაძვის ხე წითელი აქცენტებით
ნათია უჯმაჯურიძემ ახალ წელს ბუნებრივი ნაძვის ხის დეკორაციას მიანიჭა უპირატესობა, რომელიც ორიგინალურად გააფორმა და ფერადი აქსესუარებით მორთო. თითოეული სათამაშო განსაკუთრებული ისტორიის მატარებელია და მაცხოვრებლისთვის გამორჩეული დატვირთვის მქონეა. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ნათიას ნაძვის ხე დასამახსოვრებელი მოგონებებით არის დახუნძლული და საზეიმო განწყობას აღძრავს ნებისმიერ მნახველში.
„ბოლო წლებია არჩევანს ბუნებრივ ნაძვის ხეზე ვაკეთებ. რა თქმა უნდა, თავისი ქოთნით ვდგამ და ახალი წლის მერე აგარაკის ეზოში ვუჩენ ადგილს. ჩემთვის ბუნებრივ ნაძვის ხეს განსხვავებული ენერგეტიკა, სურნელი და სიმყუდროვე შემოაქვს. სათამაშოებსაც ყველას თავისი ისტორია, წარმომავლობა და მოგონება აქვს. უმეტესობა სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას მაქვს შეძენილი“, — აღნიშნავს ნათია.
ჩვენი რესპონდენტისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ნაძვის ხის მორთვის ტრადიციაც, რაც საგანგებოდ შერჩეული მუსიკალური კომპოზიციების ფონზე ხდება — „ნაძვის ხის დადგმის ტრადიციაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. აუცილებლად ვრთავ მუსიკას, საგანგებოდ შერჩეულ სიმღერებს, რომლებიც სასიამოვნო ემოციებითა და მოგონებებით არის დატვირთული. ამ ყველაფერს, ცხადია, ჩემს შვილთან ერთად ვაკეთებ, რომელსაც ჩემსავით უყვარს ეს პროცესი. ვთვლი, რომ მორთვის ტრადიციის ყველა პატარა დეტალი ჩვენს ნაძვის ხეს ჯადოსნურ ენერგეტიკას სძენს და ეს შეგრძნება მთელი წელი მიგვყვება“.
ლიკა ლასარეიშვილის მინიმალისტური ნაძვის ხე
დიზაინერმა ლიკა ლასარეიშვილმა წელს ბუნებრივი ნაძვის ხის მსგავსი ხელოვნური მოდელი შეარჩია, რომელიც მინიმალისტურად გააფორმა და სახლში განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობა შექმნა, რომელსაც მზის სხვები გამორჩეულ ბრწყინვალებას სძენს.
„ძალიან მომწონს ბუნებრივი, სადა ნაძვის ხეები. ამიტომ შევარჩიე ბუნებრივთან ძალიან მიახლოებული ხელოვნური ნაძვის ხე, რომელიც ქოთანში არის ჩარგული. არ მინდოდა ინტერიერი ძალიან გადამეტვირთა, ამიტომ უპირატესობა საშუალო ზომის ნაძვს მივანიჭე, რომელიც მინიმალისტურად მოვრთე, რათა მისი სილამაზე სათამაშოებით არ დამეფარა. ამგვარად, რამდენიმე ფერადი და ბრჭყვიალა სათამაშო გამოვიყენე. ნაძვის ხე კი ისეთ ადგილას განვათავსე, სადაც მზის სხივები სათამაშოებს ეცემა და ძალიან ლამაზ ანარეკლს იძლევა, რაც ოთახში საახალწლო, ბრჭყვიალა განწყობას ქმნის“, — აღნიშნავს ლიკა ლასარეიშვილი.
თამო მოსიაშვილის დახვეწილი ნაძვის ხე
დიზაინერმა თამო მოსიაშვილმაც წელს უპირატესობა მინიმალისტურ, დახვეწილი დიზაინის ნაძვის ხეს მიანიჭა, რომელიც სადად, მხოლოდ განათებით გააფორმა და სახლში სადღესასწაულო განწყობა შეიქმნა. „ფართობის სიმცირის გამო, არჩევანი მცირე ზომის ნაძვის ხეზე შევაჩერე. დეკორაციად კი მხოლოდ ნათურები გამოვიყენე, რადგან ახალ შექმნილ ოჯახში ჯერ საახალწლო მოსართავების კოლექცია არ მაქვს. მეტი ბუნებრიობისთვის ნაძვის ხე დაწნულ ხისფერ კალათში მოვათავსე. ვფიქრობ, ასეთი მინიმალისტური დიზაინის მიუხედავად, სახლში ნამდვილად იგრძნობა საახალწლო განწყობა“.
ილონა მესხის საზეიმო ნაძვის ხე
ჩვენი მკითხველი ბათუმიდან – ილონა მესხი ყოველწლიურად განსაკუთრებულად ხვდება ახალ წელს. სადღესასწაულო სამზადისს კი ის ნოემბერში იწყებს. საახალწლო დეკორაციაში მნიშვნელოვან ადგილს მისი ხელით შეკერილი საახალწლო ბალიშები იკავებს, რომლებიც ნინო ჩაკვეტაძის ილუსტრაციებით არის გაფორმებული და საშობაო განწყობას გამორჩეულად უხდება.
„ახალი წელი ბავშვივით მიხარია. ნოემბრიდან ვიწყებ ფუსფუსსა და სამზადისს. ვკერავ საახალწლო ბალიშებს ნინო ჩაკვეტაძის ნახატებით და ვიწყებ სათამაშოების შერჩევას. აქამდე ყოველთვის ცოცხალ ნაძვის ხეს ვდგამდი, თუმცა ახლა ხელოვნური ნაძვი ვარჩიე, რომელიც შარშან შევიძინე. მომავალ წელს აუცილებლად შეემატება ჩემს ოჯახს კიდევ ერთი ნაძვი“, — ამბობს ილონა მესხი.
სალი მახათაძის შთამბეჭდავი ნაძვის ხე
სალისთვის ნაძვის ხე და საახალწლო დეკორაცია განსაკუთრებულ მოგონებებთან და ემოციებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ყოველ წელს სახლს ჯადოსნურად რთავს. მისი წლევანდელი ნაძვის ხე ე.გ. “წვიმებით” არის გაფორმებული და საოცარ ეფექტს ქმნის, რასაც საზეიმო განწყობა შემოაქვს სივრცეში.
„ნაძვის ხის მორთვის პროცესი ძალიან მიყვარს. ყველა სათამაშოს თავისი ისტორია აქვს, თითქმის ყველა მათგანი ჩემს უფროს შვილთან, სანდროსთან ასოცირდება და ეს მორთვის მომენტს განსაკუთრებით სენტიმენტალურს ხდის. წელს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი უმცროსი შვილისთვის, 9 თვის ნოასთვის პირველი ახალი წელი იყო, ნაძვის ხე მისთვის სრულიად უსაფრთხო უნდა ყოფილიყო, ამიტომ სათამაშოები არ გამოვიყენე. ძალიან მინდოდა დეკორაცია შთამბეჭდავი გამოსულიყო და გადავწყვიტეთ, ისეთი ნაძვის ხე შეგვეძინა, რომელიც მორთვის გარეშეც შექმნიდა ზღაპრულ საახალწლო გარემოს და ჩვენს ხასიათისა და ინდივიდუალურობის ზუსტად გამოხატავდა. ნაძვის ხე “წვიმებით” გავაფორმეთ დ ვფიქრობ, ის სახალისო და ჯადოსნური გამოვიდა“, — სალი მახათაძე.
ქეთევან ადეიშვილის საოცნებო ნაძვის ხე
ქეთევან ადეიშვილისთვის ახალი წელი ბავშვობიდან ჯადოსნური და განსაკუთრებული დღესასწაულია. ოჯახური ზეიმის მთავარი ატრიბუტი კი ნაძვის ხეა, რომელსაც ჩვენი რესპონდენტი გამორჩეულად რთავს და სადღესასწაულოდ აფორმებს.
„ახალი წლისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადები. რაღაცნაირად მჯერა ჯადოსნური ახალი ამბების და ამ დღეს ოცნებების ასრულების. ბავშვობიდან ეს დღესასწაული დიდ ოჯახურ ზეიმთან ასოცირდება და მინდა, რომ ის ჩემი შვილებისთვისაც ასეთივე ემოციური იყოს. ჩემმა საყვარელმა ადამიანებმა იციან, რომ ნაძვის ხე ყველაზე ძვირფასი ნივთია ჩემს სახლში. ყოველ წელს 30 ნოემბერს შემოვაბრძანებ და ვეფერები მომდევნო 2 თვე. ადამიანივით ველაპარაკები, მიყვარს და მომწონს უზომოდ. მწვანე, ხასხასა, ოქროსფრად განათებული, ძალიან სადა და ელეგანტური. ვუყურებ, ვისვენებ, ვივსები საოცარი ენერგიით და ზღვა დადებითი ემოციით“, — ამბობს ქეთევან ადეიშვილი.
ნინა კორკელიას ვინტაჟური ნაძვის ხე
ნინას საახალწლო სამზადისი ბავშვობაში აბრუნებს და ეს დღე მისთვის ძალიან ძვირფასი და განსაკუთრებულია. ჩვენს რესპონდენტს საოცრად უყვარს ნაძვის ხე და სადღესასწაულო დეკორაციის მოწყობა, ამიტომ ჯადოსნური დღისთვის წელსაც გამორჩეულად მოემზადა.
„როცა პატარა ვიყავი ჩემს სახლში რამდენიმე ნაძვის ხე ირთვებოდა. რაც დრო გადის ბავშვობის ნივთები და მოგონებები ძალიან ძვირფასი ხდება ჩემთვის. წელსაც არ ვუღალატე ამ ტრადიციას და ვინტაჟური ნაძვის ხე დავდგი, ოღონდ ამჯერად ორი. მე დეკემბრის ბოლო კვირას მიყვარს ნაძვის ხის მორთვა, რატომღაც არ მომწონს ადრე რომ დგამენ. როდესაც 25 დეკემბერი ახლოვდება, მაშინ ვიწყებ მზადებას. ამ ბოლო დროს, როგორც ბავშვობაში, 31 დეკემბრის ღამეს ვრთავ, ვფიქრობ, ეს უფრო ამძაფრებს მოლოდინს და დღესასწაულის შეგრძნებას. ნაძვის ხეს ტრადიციულად მე ვაწყობ, ასეთია ჩემი სურვილი, რადგან ზუსტად ვიცი თითოეული ბურთულა სად დავკიდო, რა ფერი როგორ შევუხამო“, — გვიამბობს ნინა.
ნინა უპირატესობას ცოცხალ ნაძვის ხეს ანიჭებს, რომელსაც საგანგებოდ ახალი წლის დეკორაციისთვის ზრდიან.
„ცოცხალ ნაძვის ხეს, როგორც არაფერს, ისე უხდება ძველებური სათამაშოები, რომლებსაც წლებია ვაგროვებ და აგერ უკვე 300 ცალზე მეტი დამიგროვდა. ყველა სათამაშო უნიკალურია და 40 წელზე მეტისაა, ზოგი შეძენილია, ზოგი მშრალ ხიდზე ნაყიდი, ზოგი კი ნაჩუქარი. ზუსტად ისეთებს ვაგროვებ, როგორებიც ბავშვობაში მქონდა. მაქვს წვიმებიც, რატომღაც წელს არ გამოვიყენე, მაგრამ წლებია ალუმინის წვიმებით ვრთავ ნაძვის ხეს. ჩემი აზრით, მოდაში ისაა, რაც მოგწონს და რაც შენს გემოვნებას ასახავს. სახლს ისე ვრთავ, როგორც ბავშვობაში — აივნებს, მაგიდის დეკორს, ფანჯრის რაფებს. კედლებზე რამდენიმე შობის ვარსკვლავიც მიკიდია. ახალი წლის დღეებში ასე მგონია ისევ პატარა ნინო ვხვდები. ზუსტად ამიტომ მიყვარს განსაკუთრებულად ეს დღე, ბავშვობაში მაბრუნებს, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს“, — აღნიშნავს ნინა კორკელია.