in

2024 წლის მთავარი არქიტექტურული და დიზაინ ტენდენციები – „Material Editors“-ის გზამკვლევი

დღევანდელ სტატიაში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას შევეხებით და 2024 წლის არქიტექტურულ და დიზაინ ტენდენციებს გაგაცნობთ. ამ მხრივ საკუთარ ხედვას სტუდია „Material Editors“-ის დამფუძნებლები, მარიამ გვაზავა და ანა გრიგოლია გვიზიარებენ.

„არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი დიდ ტრანსფორმაციას განიცდის. გლობალური გამოწვევები და გარემოსდაცვითი პრობლემები გვიბიძგებს, რომ დიზაინის ინდუსტრიაში ახალი ეპოქა დავიწყოთ, სადაც ტრენდებზე მეტად მნიშვნელოვანი იქნება მდგრადობა, ეთიკურობა  და ესთეტიკა. დღეს ჩვენ განვიხილავთ იმ მამოძრავებელ პრინციპებს და დიზაინის დეტალები, რომლებიც 2024 წლის უნიკალურ ტენდენციებს განსაზღვრავს“, — მარიამ გვაზავა და ანა გრიგოლია.

მდგრადი არქიტექტურა

როგორც ჩვენი რესპონდენტები აღნიშნავენ, დღევანდელ სამყაროში „მდგრადობა“ გახდა ის სახელმძღვანელო პრინციპი, რომელიც არქიტექტურულ და ინტერიერის დიზაინის ინდუსტრიას აყალიბებს. კლიმატის ცვლილების გადაწყვეტის აუცილებლობამ განაპირობა ყურადღების გამახვილება ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკაზე, განახლებად მასალებსა და ენერგოეფექტურ დიზაინზე. არქიტექტორები უპირატესობას ანიჭებენ მწვანე ტექნოლოგიებს, როგორიცაა მზის პანელები, წვიმის წყლის აღების სისტემები და ვერტიკალური ბაღები, რათა შექმნან სტრუქტურები, რომლებიც მინიმუმამდე ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და ხელს უწყობს არქიტექტურასა და ბუნებას შორის ჰარმონიულ ურთიერთობას.

ბიოფილური დიზაინი 

მარიამი და ანა საუბრობენ ბიოფილური დიზაინის მნიშვნელობაზე, რომელიც ადამიანსა და ბუნებას ერთმანეთთან აკავშირებს. ბუნებრივი ელემენტის ჩართვა, როგორიცაა მწვანე კედლები, შიდა ბაღები და მდგრადი მასალები არა მხოლოდ ზრდის სივრცეების ესთეტიკურ მიმზიდველობას, არამედ ხელს უწყობს ამ სივრცეში მყოფი ადამიანების ჯანმრთელობასა და პროდუქტიულობას.

მოქნილი და მრავალფუნქციური სივრცეები

„ჩვენი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების ფუნქციურობამ  მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა და უფრო მოქნილი გახდა. 2024 წელს გეგმარების მთავარი პრინციპი იქნება ისეთი სივრცეების შექმნა, რომლებიც ადვილად მოერგება სხვადასხვა საჭიროებას. მრავალფუნქციური ავეჯიდან მოძრავ ტიხრებამდე – უპირატესობა მიენიჭება დინამიკურ გარემოს, რომელიც თანამედროვე ცხოვრების სტილის მრავალფეროვან მოთხოვნებს დააკმაყოფილებს“, — აღნიშნავენ მარიამი და ანა.

ბუნებისგან შთაგონებული ფერები და მუქი პალიტრები   

ჩვენი რესპონდენტების თქმით, 2024 წლის ინტერიერის ფერთა პალიტრა ბუნებრივი გარემოდან არის შთაგონებული, რომელიც ხელს უწყობს სიმშვიდის განცდას და გარე სამყაროსთან კავშირს.

„მსუბუქ და ჰაეროვან ფერებს 2024 წელს მუქი ფერები და ღრმა ტონები ჩაანაცვლებს. მდიდარი, პიგმენტური, ღრმა ტონები სიმყუდროვისა და ინტიმურობის განცდას ბადებს, რაც სივრცეებს უფრო მიმზიდველს ხდის. განსაკუთრებით ხშირად შევხვდებით სამ ფერს:

  • ყავისფერი — რაც არ უნდა მოულოდნელი იყოს, 2024 წელს ინტერიერში მრავლად ნახავთ ყავისფერ ფერს არა მარტო კედლებსა და მასალებში, არამედ ავეჯსა და ფარდებზეც;
  • წითელი — წითელმა ფერმა 2023 წელს უკვე დაიკავა მოდის სამყარო, ახლა კი ინტერიერშიც აქტიურად შეგვხვდება;
  • ყვითელი — 2024 წელს მოთხოვნადი იქნება ყვითლის განსაკუთრებული ტონალობა, რომელიც კარაქის ფერს მოგაგონებთ. ყვითელი ფერი გამორჩეულად უხდება მზიან ოთახებს, სადაც დიდი რაოდენობით ბუნებრივი განათებაა, ამიტომ ამგვარი პალიტრა საუკეთესო არჩევანი იქნება სამზარეულოს ზონისთვის“.

მუქი ხის პანელები

დიზაინერების მიხედვით, ღია ხისფერ მასალას, რომელსაც ბოლო წლებში ხშირად ვხვდებოდით, წელს მუქი ტონები ჩაანაცვლებს. ხის მასალის გამოყენება კი იატაკისა და ავეჯის გარდა, კედლებზეც აქტუალური იქნება. ამიტომ ხის პანელებით შეფუთული ოთახები 2024 წლის ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა, რომელიც სივრცეში სითბოსა და სიმყუდროვეს უზრუნველყოფს.

ხელნაკეთი, უნიკალური ელემენტები

„ციფრულ ეპოქაში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ხელნაკეთმა, უნიკალურმა ნივთებმა, რომლებიც გარკვეული ისტორიისა და ემოციის მატარებელია. „ჭკვიანი სახლების“ საუკუნეში არქიტექტორები და ინტერიერის დიზაინერები აერთიანებენ  უნიკალურ ნივთებს, შეკვეთით დამზადებულ ავეჯს, ადგილობრივ მასალებს და თითქოს სტილიდან ამოვარდნილ დეტალებს, რაც განსაკუთრებულ ხასიათს და ინდივიდუალურობას სძენს სივრცეს.“

ზოლები

2024 წლის კიდევ ერთი ტრენდული ელემენტია ზოლები, რომლებსაც იატაკის ფილებზე, აბაზანის კერამიკაზე, ავეჯსა თუ ტექსტილზე შევხვდებით. განსაკუთრებით აქტუალურია ლურჯი და თეთრი ზოლების კომბინაცია, ზოლებთან ერთად კი სხვა გეომეტრიული კომპოზიციების გამოყენებასაც მიექცევა ყურადღება.

მინა ბლოკი

მიუხედავად იმისა, რომ მინა ბლოკი ჩვენთვის საბჭოთა არქიტექტურასთან ასოცირდება, თანამედროვე დიზაინში მას უამრავი საინტერესო გამოყენება აქვს. 2024 წელს ის ერთ-ერთი ტრენდული ელემენტია, რომელიც იატაკის მოსაპირკეთებელ მასალებსა და ავეჯის დეტალებში გვხვდება.

რა დავტოვეთ 2023 წელში? 

ჩვენი რესპონდენტები ყურადღებას ამახვილებენ იმ საკითხებზეც, რომლებიც წელს აღარ იქნება აქტუალური:

“ინსტაგრამ და პინტერესტ“ სახლები

„დიზაინი, რომელიც ინსტაგრამიდან და პინტერესტიდან არის დაკოპირებული აღარ იქნება საინტერესო. აქცენტი გაკეთდება უნიკალურ აღმოჩენებზე და პერსონალურ გამოცდილებებზე. ისეთ კურატორულ სივრცეებზე, რომლებიც ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს და ონლაინ ნახაზს არ იმეორებს“.

უხარისხო, „სწრაფი“ ავეჯი

2024 წელს სულ უფრო მეტი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას მდგრად ავეჯს, რომელიც წლების განმავლობაში ძლებს. ინტერიერში ნაკლებად შეგვხდება უხარისხო იმიტაციები, რომლებიც ერთჯერად გამოყენებაზეა გათვალისწინებული, მათ ჩაანაცვლებს ცნობილი დიზაინერების მდგრადი, მუდმივ კომფორტზე გათვლილი ავეჯი.

„Material Editors“-ის გუნდი ხაზს უსვამს უნიკალური სტილისა და ინდივიდუალიზმის მნიშვნელობას, რაც მათი თქმით, დიზაინის შექმნისას გადამწყვეტია:

„დაბოლოს, 2024 წლის მთავარი ტრენდია ის, რომ არ ავყვეთ ტრენდებს და მუდმივად გვქონდეს ჩვენი გამორჩეული, უნიკალური სტილი. ინდივიდუალიზმისა და შთაგონების გამოყენებით მარტივად შეგვიძლია გადავუხვიოთ ტენდენციებს და აქცენტი მდგრადობასა და უკვდავ, უნიკალურ დეტალებზე გავაკეთოთ“.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ღია გეგმარირების მქონე მყუდრო ბინა სტოკჰოლმში

სტუდიოს ტიპის ბინები საქართველოდან – Homeis.ge-ს 7 რჩეული პროექტი