ფერთა თითქოსდა უსასრულო ტენდენციების სამყაროში რთულია განსაზღვრო, რომელი ფერები არის აქტუალური და რომელი – არა.
როდესაც სამზარეულოს ინტერიერს ცვლით, რომელიც ბევრისთვის, ფაქტობრივად, სახლის გულია, ადვილია დაიკარგოთ ფერების მრავალფეროვნებაში.
დიზაინერები გვირჩევენ, გავითვალისწინოთ, რომ სამზარეულოს ფერების არჩევისას მნიშვნელოვანია არა ის თუ რა არის მოდაში, არამედ ის თუ რა მოსწონს და ამშვიდებს სახლში მაცხოვრებლების თვალს.
სამზარეულოში ხშირად იკრიბებიან ოჯახის წევრები და მეგობრები, იქმნება უამრავი ძვირფასი მოგონება. ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი ფერთა სქემის არჩევა, რომელიც თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ და თქვენს პირად სტილთან იქნება თანხვედრაში.
ქვემოთ მოცემულია იდეები, რომელი ფერები გადავა მოდიდან 2025-ში, მაგრამ გახსოვდეთ, რომ არჩევანი მაინც თქვენზეა.
- ნაცრისფერი
ნაცრისფერი ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი და საკამათო ფერია, როცა საქმე ინტერიერის დიზაინის ტენდენციებს ეხება.
როგორც დიზაინერები ამბობენ, “ცივი ნაცრისფრის ეპოქა დასასრულს უახლოვდება.” ოდესღაც ეს ფერი აღიარებული იყო თავისი დახვეწილი და თანამედროვე ესთეტიკით, მაგრამ დღეს მას ზედმეტად ცივად და არაპერსონალურად მიიჩნევენ ისეთი სტუმართმოყვარე და სოციალური სივრცისთვის, როგორიცაა სამზარეულო.
ნაცრისფერს, რომელსაც ლურჯი ან მწვანე ტონები ახლავს, ხშირად აკლია ის ემოციური სიღრმე, რომელიც თანამედროვე სამზარეულოს სჭირდება. ამ ფერებმა შეიძლება სივრცე ბუნებრივ ელემენტებს მოწყვიტოს, რაც თანამედროვე სახლის დიზაინში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
- დაბინდული ლურჯი და მწვანე
ანალოგიურად, ნაცრისფერ ტონებში შერეული ლურჯი და მწვანე ფერები 2025 წელს აღარ იქნება აქტუალური. “ფრანგული ნაცრისფერი” თავისი მწვანე ტონალობით და რბილი, ნეიტრალური ლურჯი ფერები ტრადიციულად განსაზღვრავდა თანამედროვე ფერმის სტილის სამზარეულოს ესთეტიკას. მიუხედავად იმისა, რომ ლურჯი და მწვანე სამზარეულოსთვის მუდმივად აქტუალურ ფერებად რჩება, თანამედროვე ტენდენციები უფრო მკვეთრი და ენერგიული ესთეტიკისკენ გადაიხრება.
- ქათქათა თეთრი
ალბათ დიდად არ გაგიკვირდათ, რომ 2025 წლის არატენდენციურ ფერებში მკვეთრი თეთრი აღმოაჩინეთ. ხანდახან ძალიან უცნაურია, როცა სამზარეულო ქათქათად და უზადოდ გამოიყურება. ამან შეიძლება აზრიც კი დაუკარგოს ამ ყველა სახლისთვის მნიშვნელოვან ოთახს. სამზარეულოს უნდა ეტყობოდეს, რომ იქ რაღაც მზადდება და სტუმრებსაც იღებს. მას არც ცოტა არეულობა აწყენდა. ასე ყველაფერი უფრო ცოცხალი ჩანს.
რა თქმა უნდა, თეთრი მაინც მშვენიერი ნეიტრალური ფერია. ასე რომ, თუ თქვენ მაინც გსურთ კლასიკური სამზარეულო, გახსოვდეთ, რომ თეთრიც შეიძლება დაათბოთ. აირჩიეთ თბილი, ღია თეთრი, რომ დააბალანსოთ ქათქათა თეთრის სიკაშკაშე . 2025 წლის ტენდენცია იხრება უფრო რბილი, თბილი თეთრისკენ, რომელიც უფრო ორგანულად და უპრობლემოდ ერწყმის ბუნებრივ ტექსტურებსა და მიწიერ ტონებს.
სამზარეულოს ფერები, რომლებიც ტრენდული გახდება 2025 წელს
ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ იმაზე თუ რა ფერები გადავა მოდიდან 2025-ში. ახლა ვისაუბროთ იმ ფერებზე, რომლებიც, მომავალი წლიდან ტრენდული გახდება.
მნიშვნელოვანია სამზარეულოსთვის ისეთი ფერის მოძებნა, რომელიც სეზონიდან სეზონამდე არ შეგაწუხებთ. ფორმის და ზომის მიუხედავად, სამზარეულო შეკრებების მთავარი ადგილია. როგორც დიზაინერები ამბობენ, მდიდარი, თბილი და გაბედული ტონალობები სწორედ ის ფერებია, რომლებიც ამ მიზანს სრულად შეესაბამება.
კარაქისფერი ყვითელი 2025 წლის ტრენდული ფერია. სცადეთ და თქვენს სამზარეულოში შეიტანეთ ეს ტონი, კარადის, ფანჯრის ჩარჩოს, ან რაიმე სხვა დეტალის სახით.
კიდევ ერთი ტრენდული ფერია მეწამული. მდიდარი, მიწიერი, მაგრამ მაინც ბუნებისგან შთაგონებული ფერი, რომელიც ძალიან მიმზიდველია. თუმცა ამ ტონთან შეგუება ყველასთვის ადვილი არ იქნება.
ფერთა ტენდენციების სამყაროში ბევრი რამ არის, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა თქვენი სამზარეულოს დიზაინს 2025 წლისთვის შეცვლით, იფიქრეთ რომელი ფერები ასახავს ყველაზე მეტად თქვენს სტილს და ქმნის ფონურ გარემოს ყველა იმ მოგონებისთვის, რომელსაც თქვენს სამზარეულოში შექმნით.
რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი