in ,

24 კვ/მ ბინა ახალ აღმაშენებელზე – განახლებული ინტერიერი 200 წლიან შენობაში

Banner M2
Banner M2

ეს ბინა მდებარეობს ახალ აღმაშენებელზე, ისტორიულ, 200 წლიან შენობაში. მისი მეპატრონე ახალგაზრდა ქალბატონი, ტაპი ზაქარიაძეა, რომელმაც ინტერიერის შექმნაზე თავად იმუშავა. რემონტის პერიოდში ტაპი აღნიშნული სახლის ისტორიით დაინტერესდა და არქივში ძველი ნახაზებიც მოიძია, რომლებიც შემდგომ დაბეჭდა და საკუთარ ახლად შექმნილ ინტერიერში გამოიყენა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბინის საერთო ფართი სულ რაღაც 24 კვადრატული მეტრია, თუმცა მეპატრონემ ძალიან ოსტატურად შეძლო სივრცის მაქსიმალურად ათვისება და ყველა ფუნქციური ზონის შექმნა. ვინაიდან ბინაში საკმაოდ მაღალი ჭერია, ტაპიმ მასში პატარა ანტრესოლი შეიტანა, რამაც ინტერიერს განსაკუთრებული ხასიათი მიანიჭა.

ბინა რენოვაციამდე

ბინა რენოვაციის შემდგომ

როგორც მეპატრონე აღნიშნავს, მოცემული ბინის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ის არის, რომ მასში მაქსიმალურადაა შენარჩუნებული ყველაფერი ის, რისი გადარჩენაც და დატოვებაც შეიძლებოდა. პირველ რიგში, საუბარია შესასვლელ კარზე და ასევე კედლის გარკვეულ ნაწილზე, სადაც შპალერის ქვეშ საოცარი ფერის, ცისფრად და მწვანედ შეღებილი კედელი აღმოჩნდა. ამ კედელზე ძველი გაზეთები იყო გაკრული, რაც ტაპიმ იმდენად საინტერსო ფაქტურად ჩავთვალა, რომ ასევე დავტოვა ინტერიერში.

რაც შეეხება ნივთებს, როგორც მეპატრონე აღნიშნავს, ინტერიერში გვხვდება მისი ბებიის კარადიდან წამოღებული საგნები. მაგალითად, ე.წ. „კოტოშებმა“  (ანუ სამედიცინო ქილებმა) ამ ბინაში ახალი სიცოცხლე შეიძინეს და სამზარეულოში ხან როგორც ლარნაკი, ხან კი სუნელების მოსათავსებლად გამოიყენება. ამას გარდა, ბინაში გვხვდება ისეთი ქართული კულტურის ელემენტები, როგორიც არის დოქები და სხვა  ნივთები.

 

ფოტოგრაფი: გია აბდალაძე

5 ადგილი თბილისში, სადაც გემოვნებიან და ამავდროულად ბიუჯეტურ ავეჯს შეიძენთ

Bat Trang House – VTN Architect-ის ვიეტნამური პროექტი