in ,

4 ინტერიერი თბილისში არასტანდარტული დიზაინ შტრიხით

თბილისი უნიკალური ქალაქია, რომელიც ყოველთვის ახერხებს სტუმრების გაოცებას თავისი ხასიათითა და მრავალფეროვნებით. ეს მრავალფეროვნება არა მხოლოდ ქალაქის ისტორიასა და კულტურაში აისახება, არამედ იმ ინტერიერებში, რომლებიც თბილისის სახლებშია წარმოდგენილი.

ის, რაც თბილისის ინტერიერებს გამორჩეულს ხდის,  ცხოვრების სტილი და ესთეტიკაა. ხშირია შემთხვევები, როდესაც დიზაინი ტრადიციულ ჩარჩოებს სცდება და ინტერიერი ხელოვნების ნამდვილ ნიმუშად იქცევა. ასეთი სახლები მნახველებს არა მხოლოდ აღფრთოვანებას, არამედ შთაგონებასაც უღვიძებს.

დღეს გიამბობთ ოთხი სახლის ისეთ არასტანდარტულ დეტალებზე, რომელიც შთაგონების წყაროდ შეიძლება იქცეს ნებისმიერი ადამიანისთვის. თითოეული ეს სახლი თავისი ხასიათით, დიზაინის კონცეფციით და გაბედულებით განსაკუთრებული და გამორჩეულია.

ეს ოთხი სახლი ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება ინტერიერი იქცეს არა მხოლოდ საცხოვრებელ სივრცედ, არამედ უნიკალურ გამოცდილებად. მათი არასტანდარტული, გაბედული დიზაინი ახალ პერსპექტივებს აჩენს და გვასწავლის, რომ შემოქმედებითი ხედვა ნებისმიერ სივრცეს გამორჩეულს ხდის.

  1. ბინა ვაკეში – სალომე გულორდავას ნამუშევარი

ვაკეში მდებარე ეს ბინა, რომლის დიზაინი სალომე გულორდავას ეკუთვნის, შთაგონებულია ბუნების სამ ძირითადი ელემენტით — მიწით, წყალით და ჰაერით. დიზაინერმა ამ ელემენტებს შორის საოცარი ჰარმონია შექმნა, რაც ინტერიერს ბუნებრივი სიმშვიდითა და სიღრმით ავსებს.  ეს არის ადგილი, სადაც თანამედროვე დიზაინი და ბუნების ძალა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.

თუმცა სახლის ერთ-ერთი ყველაზე თვალში საცემი დეტალი მაინც არასტანდარტული ფორმის ღია თაღია, რომელიც საძინებელს და საგარდერობეს ერთმანეთთან აკავშირებს.  თავისი უნიკალური, არასტანდარტული ფორმით, ის ინტერიერს ზღაპრულ ატმოსფეროს სძენს. მისი ასიმეტრიული ფორმა და ბუნებრივად მოხაზული კიდეები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ეს თაღი დროის სხვა განზომილებიდან გადმოტანილი არქიტექტურული ნამუშევარია.

მან შეიძლება მოგაგონოთ ქარიშხლით გაცვეთილი კლდე, ან ათასწლეულების განმავლობაში ზღვის ტალღებით გამდნარი რიფი, ანდაც სულაც საუკუნეების წინანდელი სამეფო კარიბჭე.

თაღი საძინებლის ბინადრის წარმოსახვაზე და სიზმრებზეც ახდენს ალბათ გავლენას. არავინ იცის, შეიძლება ღამით შუასაუკუნეების დიდებული დარბაზები, მეჯლისები და მოჯადოებული ტყეებიც კი ესიზმრება.

სრული პროექტი 

2. სახლი კრწანისში – “OA Studio”-ს ნამუშევარი

კრწანისში მდებარე ეს სახლი, რომელზეც “OA Studio”-მ იმუშავა მარტივი და სადაა, თუმცა მდიდარი საინტერესო და თამამი დეტალებით. ერთ-ერთ მათგანს შემინული ბუხარი წარმოადგენს, რომელიც მეტალის მასიურ კონსტრუქციაშია მოქცეული და ოთხის შუაგულში დგას.

ბუხრის ფორმა არაა მხოლოდ პრაქტიკული ფუნქციის მატარებელი. იგი წარმოშობს უამრავ ემოციურ და ვიზუალურ ასოციაციას. ზოგჯერ ცეცხლის მსუბუქმა მოძრაობამ შეიძლება ტყის სიღრმეში დანთებული კოცონი მოგვაგონოს.  წარმოსახვაში მინა შეიძლება იმ ბარიერად წარმოვიდგინოთ, რომელშიც ზღაპრული ჯინია გამოკეტილი და გარეთ გამოსვლას ვერ ახერხებს.  ბუხარი,რომლის მინის საფარველზე სხვადასხვა წარმოსახვა და სურათი ისახება, ქმნის გამორჩეულ და იდუმალ ასოციაციებს. ის აგებს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ საზღვრებსაც – სადაც ცეცხლიდან იწყება ყველა ის იდეა, რომელიც ადამიანის ფანტაზიას აღვიძებს.

სრული პროექტი

3. ბინა სოლოლაკში – ქეთა დონაძის ნამუშევარი

სოლოლაკში მდებარე, ქეთი დონაძის დიზაინით შექმნილ ამ კოხტა და კომპაქტურ ბინაში შესვლისას, ისეთი გარემო გვხვდება, გარეთ გამოსვლა რომ აღარ მოუნდება ადამიანს. ყველაფერი ისე სწორადაა გათვლილი, ერთი შეხედვით, ვერც კი იფიქრებთ, რომ სივრცე სულ რაღაც 34 კვადრატული მეტრია.

ბინის თვალიერებისას, თვალში გვხვდება უამრავი პატარა დეტალი, საინტერესო და პრაქტიკული გადაწყვეტა, ინვაციური და თამამი მიდგომები.

როდესაც ორმაგ ფანჯარას მიადგებით და იქ განთავსებულ ტანსაცმლის საკიდს დაინახავთ, მიხვდებით, რომ ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს.

თურმე შესაძლებელი ყოფილა ერთი შეხედვით უბრალო და ჩვეულებრივი საკიდი განუმეორებელ და მეტაფორიულ სახედ გარდაიქმნას. ამ შემთხვევაში, ის უბრალოდ საკიდი კი არა, ნიმუშია იმისა, რომ ჩვენი წარმოსახვის ძალა ყოველგვარი ლოგიკისა და საზღვრის მიღმა დგას.

სრული პროექტი

4. სახლი წყნეთში – ნინი ჭანტურიას ნამუშევარი

წყნეთში მდებარე ეს ბინა, რომელზეც ნინი ჭანტურიამ იმუშავა ფერების სიუხვით გამოირჩევა.

აქ ერთმანეთთან გემოვნებითაა შეზავებული ბაცი ცისფერი, მუქი მწვანე და ნარინჯისფერი ტონები.

მქრქალ ზურმუხტისფერ კედელზე მიმაგრებული დისკოს ფორმის ღია ვარდისფრად მოციმციმე სანათი თითქოს სხვა, შეუცნობელ სამყაროში გადასასვლელად გვეპატიჟება. ყოველ შემთხვევაში, სხვა სამყაროში თუ ვერ გადახვალთ, სურვილის ჩაფიქრება მაინც შეგიძლიათ, რომელიც წესით უნდა აგისრულდეთ.

ოვალური სარკე ლურჯი ჩარჩოთი თითქოს  ხანგრძლივ ისტორიას და თანამედროვეობას აკავშირებს ერთმანეთთან. ისეთი ფორმა აქვს, გეგონება გიღიმის. იმდენად მიმზიდველი და გადამდებია ეს ღიმილი, მასში ჩახედვისას ყველას იგივეს გაკეთების სურვილი უნდა გაუჩნდეს.

ზღვის ტალღისფერ სკამებს საოცარი სიმსუბუქე და სიმშვიდე შემოაქვს.

ამ სახლში ფერები ლაპარაკობენ და სხვადასხვა ისტორიას ჰყვებიან – ზოგი უცნაურია, ზოგიც ჩვეულებრივი და ყოველდღიური. თითოეული კედელი, ფანჯარა, ავეჯი საკუთარი თავით ტკბება და სხვებსაც ატკბობს.  ზოგჯერ მწვანე ფერს  სიმშვიდე მოაქვს, ნარინჯისფერს კი შფოთვა, ოთახის კუთხეში მდგარი ვერცხლისფერი სადგამიც ახალი საწყისების შესახებ გვიყვება ამბავს. ცისფერი კედლები და ყვითელი სანათი კი ზაფხულის ცხელ ღამეებს გვახსენებს.

ამ სახლში ფერები ადამიანებმა შექმნეს, თუმცა ისინი ყოველთვის იმაზე მეტს გვეუბნებიან, ვიდრე ჩვენ ვიცით.

სრული პროექტი

გვადევნეთ თვალყური. ჩვენ კიდევ ბევრ საინტერსო ამბავს მოგიყვებით.

იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.

გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!  

რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m

Pulcina – მიკელე დე ლუკის მიერ შექმნილი საკულტო დიზაინი

როგორ ჩავანაცვლოთ მოდიდან გადასული 5 ფერი 2025 წელს