დღეს გაგაცნობთ დიზაინერ მარიტა ჭანჭალეიშვილის ახალ პროექტს, რომელიც თბილისში, ვერის ბაღთან მდებარეობს და არასტანდარტული გადაწყვეტებით გამოირჩევა. სივრცის საერთო ფართობი 209 მ2-ია, თუმცა ის რამდენიმე დამოუკიდებელ საცხოვრებელ სივრცედ არის დაყოფილი.
საპროექტო დავალება გულისხმობდა დიდი ხნის უცხოვრებელი, უფუნქციო ბინის განახლებას და მის გამოყენებას კომერციული მიზნებისთვის. დიზაინერი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ობიექტის პირველივე დათვალიერებისას სივრცის რამდენიმე პატარა ბინად დაყოფის იდეაზე შეთანხმდა დამკვეთთან ერთად, რაც შემდგომში მის გაქირავებას ბევრად მოსახერხებელსა და მოქნილს გახდიდა.
„ძირითადი დავალების გარდა, რომელიც სხვადასხვა ზომის ბინების მიღებას გულისხმობდა, დამკვეთს სხვა მითითებები არ ჰქონდა. შესაბამისად, დიზაინისა და კონცეფციის დამუშავებაში სრული თავისუფლება მოგვეცა. მოგზაურობის დროს მე თავად ვარ „airbnb“-ის ბინებში დარჩენის მოყვარული და ხშირად სასტუმროსაც ვამჯობინებ ხოლმე, რადგან ვფიქრობ, რომ ესეც თავგადასავლის ნაწილია სხვადასხვა ტიპის, ხასიათის, ჩვევების, დიზაინისა და ფუნქციის სივრცეების აღმოჩენა. ასევე, მგონია, რომ ადგილობრივი გარემოს უკეთ გაგება და სწრაფად გაშინაურება ბინაში ყოფნით უფრო ადვილი ხდება.
ძირითადი გეგმარებიდან და ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, როგორც კი სივრცე 4 ბინად დავყავით, მაშინვე ნათელი გახდა, რომ ყველა ბინა ინდივიდუალური ხასიათის მატარებელი და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული უნდა ყოფილიყო. ეს იმანაც განაპირობა, რომ თითოეულ ბინაში ქალაქის სრულიად სხვადასხვა ხედი მოხვდა. ერთი ჭადრაკის სასახლეს გადაჰყურებს (ბინა 1), მეორე ვერის პარკის სიმწვანეს (ბინა 2), მესამე ფილარმონიას (ბინა 3), მეოთხე კი ტელეანძას (ბინა 4). ამ ბუნებრივი განაწილებიდან გამომდინარე, ყველა ბინას დავარქვი თავისებური სახელი, რამაც შემდგომ ინტერიერის ხასიათი და დიზაინი განაპირობა.
ამგვარად, დიზაინის ჩანაფიქრი იყო სტუმრისთვის შეგვექმნა ისეთი გარემო, რომელშიც ის მოხვდებოდა არა უბრალოდ გარემონტებულ და სუფთა ბინაში , არამედ აღმოჩნდებოდა სტუმრად ისეთ სახლში, რომელსაც თავისებური ხასიათი, ამბავი და ისტორია აქვს“, — ამბობს მარიტა ჭანჭალეიშვილი.
შედეგად, თითოეული ბინა ტექნიკურად სრულად აღიჭურვა და ყველა პირობა შეიქმნა იმისათვის, რომ აქ სტუმარმა მოკლე თუ გრძელვადიანი პერიოდით მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს თავი. ყველა ბინაში ორადგილიანი საძინებელი, სათავსოები, დამოუკიდებელი სამზარეულო და სველი წერტილები მოეწყო, თუმცა რამდენიმე ბინაში დამატებით დასარჩენი ზონაც განთავსდა.
რემონტის მიმდინარეობისას მთავარ სირთულეს ტექნიკური დეტალების მოგვარება წარმოადგენდა, რადგან სახლი საკმაოდ ძველი აშენებულია და გარკვეული ადგილების სტრუქტურულ გამყარებას საჭიროებდა. ასევე, იატაკის სხვადასხვა დონეების გამო, ზედაპირის მოსწორება და შემდგომ მისი ხელახალი მოპირკეთება გახდა აუცილებელი. სირთულეებთან იყო დაკავშირებული 4 სველი წერტილისა და სამზარეულოს წერტილების არსებულ მილებზე დაერთება და მათი დაქსელვა.
დროის სიმცირის გამო, პროექტის ავტორს ყველა მასალისა და ობიექტის მოძიება ადგილობრივ ბაზარზე მოუხდა. გარკვეული ნივთები კი ინდივიდუალური შეკვეთით, ადგილობრივ კომპანიებთან დაამზადებინა. რაც შეეხება ინტერიერს, ფერები, ტონები და ტექსტურები მკაფიოდ დაბალანსებული და შეძლებისდაგვარად ბუნებრივი შეირჩა ბინების ტიპაჟიდან გამომდინარე, რათა სივრცეში მაქსიმალურად მყუდრო და მშვიდი გარემო შექმნილიყო.
ბინა 1 — POPPY CHESS
ბინა სახელწოდებით „POPPY CHESS“ 37 მ2-ია და მხოლოდ რამდენიმე ფერისა და მასალის კონტრასტებით ხასიათდება. ის ნახევრად ღია გეგმარებისაა და მასში მცირე სამზარეულო, სასადილო ოთახი, საძინებელი და სველი წერტილი განთავსდა. ზონების გამაერთიანებელი მთავარი ელემენტი ჭადრაკისებურად დალაგებული შავ-თეთრი ფილებია, რაც ბინის სახელსა და ხედს ეხმიანება. აქცენტის სახით სიმძაფრე და დრამატულობა შემოაქვს წითელ ფერს, რომელიც საძინებელში კედელზე წარწერით, სამზარეულოში მაცივრისა და ავეჯის, ხოლო სველ წერტილში ჭერის სახით გვხვდება.
მართალია სასადილოს მაგიდა, სკამები, სანათი და კედლის დეკორატიული ჩანართი შავ ფერშია გადაწყვეტილი, თუმცა წითელი ჩანართები, თეთრი კედლები, ბუნებრივი გამწვანება და ფერადი ნახატი საკმარის კონტრასტებს ქმნის სივრცის ინდივიდუალური ხასიათის მისაღებად.
საძინებელში ძირითადი ფონის შესაქმნელად გამოყენებულია მიწისფერი ფარდის ქსოვილი და ბეტონის ტექსტურის კედელი. ჭადრაკის ფილების მონოტონურ წყობას აბალანსებს ფრაგმენტული ხალიჩა სპარსული ელემენტებით. ხოლო ზოგად გარემოს კი სიმყუდროვეს უქმნის სხვადასხვა ტიპის დეკორატიული სანათების დაბალი განათება და ბუნებრივი ხის ჩანართები კედლებზე.
ბინა 2 — URBAN CALM
მეორე ბინა სახელწოდებით, „URBAN CALM“, რომელიც 45 მ2-ია, სადა და ბუნებრივ ფერებშია გადაწყვეტილი, რაც მშვიდ და კომფორტულ ატმოსფეროს ქმნის. ღია კრემისფერი ხის პარკეტი, თეთრი კედლები, ტილოს ქსოვილები, მწვანე ფერის ტექსტილი და ჭილოფის ელემენტების მონაცვლეობა ბინას თავისებურ ესთეტიკას ანიჭებს.
ბინაში შესვლისთანავე საძინებელ ოთახში ვხვდებით, რომელიც შემოსასვლელ დერეფანთან ერთიანდება, სადაც განთავსებულია საგარდერობო და სათავსო ზონაც. საძინებელი მისაღები და სამზარეულო ზონისგან ვიტრაჟული ტიხრით არის გამოყოფილი, რაც იზოლირებასთან ერთად, სივრცეების გაერთიანების შესაძლებლობასაც იძლევა.
ბინის მეორე ნაწილი სრულად არის ათვისებული, რადგან მის ერთ მხარეს კომპაქტური სამზარეულო და სასადილო, მეორე ნაწილში კი მოსასვენებელი კუთხეა მოწყობილი. საჭიროების შემთხვევაში მოსასვენებელი კუთხე, დეკორატიული გამყოფის საშუალებით, მარტივად შესაძლებელია გადაკეთდეს დამოუკიდებელ საძინებელ ზონად. ნახევრად გამჭვირვალე გრძელ ფარდებში შემოჭრილი ხეებისა და ფოთლების მრავალფეროვანი ჩრდილები, მთელი დღის განმავლობაში მზის შუქთან ერთად, ოთახში მისტიკურ ნახატებს ქმნის. მშვიდი ატმოსფერო მინიმალური ავეჯით, გამწვანებით, ბუნებრივი ფერებითა და მასალებით მიიღწევა და ყველა პირობა იქმნება სრულფასოვანი დასვენებისა და ცხოვრებისთვის.
ბინა 3 — BOURJOIS FUTURA
61 მ2-ის მქონე მესამე ბინა — „BOURJOIS FUTURA“ ჭერზე აქცენტირებული ფერით გამოირჩევა. სახლის ამ ნაწილშიც წამყვან როლს ხის მასალა ასრულებს, რომელიც ყველა ჩაშენებულ ავეჯზე გვხვდება. ინტერიერს ჭერთან ერთად, არაორდინალურს ასევე ხდის მუქი ფირუზისფერი ფარდა, რომელიც მნიშვნელოვანი დიზაინ ელემენტია აღნიშნულ სივრცეში.
ბინაში შესვლისთანავე, ყურადღებას იქცევს ღია დაგეგმარება, სადაც ერთ სივრცეში სრულიად ოპტიმალურად არის გადანაწილებული საძილე, სასადილო და სამზარეულო ზონები. საძინებელი სამზარეულოსგან დაბალი ტიხრით არის გამიჯნული, რომელზეც სივრცის გაზრდის ილუზიის მიზნით დიდი სარკე არის დატანილი.
ბინაში არსებული თითოეული ნივთი თუ აქსესუარი ფუნქციურობასთან ერთად, ესთეტიკური მახასიათებლებით გამორჩევა — მაგალითად, მოდერნისტული დიზაინის მაგიდა და სკამები, კერამიკული მოზაიკით დამზადებული საძინებლის კომოდი და თიხის სანათები.
ბინის ინტერიერს განსაკუთრებულობას ასევე მატებს ვიტრაჟული კარით გამოყოფილი ღია კრემისფერში მოწყობილი სველი წერტილიც, რომელიც ბინის დანარჩენ ნაწილთან ერთიანდება და სივრცის მთლიანობას უსვამს ხაზს.
ბინა 4 — COLOR COMFORT
სახლში განთავსებული მეოთხე ბინა — „COLOR COMFORT“ ყველაზე ნათელია. მას ბინებს შორის ყველაზე დიდი, 66 მ2 ფართობი უკავია. ბინაში განთავსებულია გაერთიანებული მისაღები, სამზარეულო და სასადილო, ორი დამოუკიდებელი საძინებელი და სველი წერტილი.
მისაღებში უმეტესად ორი ფერი, ყვითელი და შავი მონაცვლეობს. შავი რბილი ტახტი, სასადილო მაგიდა, სამზარეულოს ავეჯი და სანათები, არასტანდარტულ სკამებს გამჭვირვალე ყვითელი ელემენტებით, კედლის მზისფერ ყვითელ ტონალობასა და სამზარეულოს კედლის მუქ ყვითელ ფილას ეხმიანება. ყურადღება ასევე მახვილდება დეკორატიულ სარკესა და კედლის განათებაზე, რაც სივრცეს საინტერესო დეტალებს მატებს.
მთავარი საძინებელი აქაც ვიტრაჟული ტიხრით არის გამოყოფილი და შედარებით სადა დიზაინით ხასიათდება, რათა მაქსიმალურად მსუბუქი, მშვიდი და მყუდრო გარემო უზრუნველყოს.
მარიტას პროექტი, უპირველესად, საინტერესო გეგმარებითი გადაწყვეტებით იქცევს ყურადღებას, სადაც ერთ სივრცეში ოთხი ერთმანეთისგან განსხვავებული ბინა შეიქმნა. თითოეული მათგანი ინდივიდუალური ხასიათით, განწყობითა თუ ესთეტიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა და კონკრეტული ამბის გამომხატველია. ამასთან ერთად, ოთხივე ბინა ფუნქციური და კომფორტულია, ფართის სიმცირის მიუხედავად კი ისეა ათვისებული, რომ მაცხოვრებლებს სასიამოვნო გამოცდილება და საინტერესო თავგადასავალი შესთავაზოს.
პროექტის ავტორი: მარიტა ჭანჭალეიშვილი
ინტერიერის დიზაინის სტუდია: „ქომ ჰაივი“
ფოტოგრაფი: გიორგი მამასახლისი
გამოყენებული მასალები:
იატაკის საფარი: „დანი“
აბაზანის ფილები: „VitrA Georgia“
განათება: „ახალი ნათება“; „ლაბორატორია ჩემი სახლი“
ავეჯი: „ლაბორატორია ჩემი სახლი“; „ბელუქსი“; „კონტეინერი“; „Mysa“; „JYSK“; „FORUM By New Light“; „HomeMade“; „კავე“; „თოი ბოქსი“