სახლის რენოვაცია და მისი სრულიად გადასხვაფერება დიდ შრომასა და დაკვირვებას მოითხოვს. ამისთვის საჭიროა ბინის სრული დაგეგმარება, აღწერა, ფერთა პალიტრისა და მასალების შერჩევა. თუ ამ ხანგრძლივ პროცესთან გამკლავებას ინტერიერის დიზაინერის პროფესიონალური დახმარების გარეშე გეგმავთ, გთავაზობთ 5 უფასო აპლიკაციას, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ სასურველი მიზნის მიღწევაში.
1. SketchUp
SketchUp ინტერნეტის სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი აპლიკაციაა, რომელიც სამგანზომილებიანი დიზაინის შექმნის საშუალებას გვაძლევს. მოქნილი პროგრამის საშუალებით შეგიძლიათ თქვენივე სახლის მოდელი შექმნათ და მას ნებისმიერი მასალა თუ ფერი შეუსაბამოთ. აპლიკაციას აქვს პრო ვერსიაც, რომელიც იმდენად დახვეწილი და რეალისტურია, რომ პროფესიონალი არქიტექტორები და დიზაინერებიც უწევენ რეკომენდაციას.
2. Floorplanner
Floorplanner ორ და სამგანზომილებიანი მოდელირების საშუალებით გვაძლევს ბინის მოდელირების შესაძლებლობას. ინტერიერის დიზაინზე მუშაობის გარდა, ამ აპლიკაციის მთავარი უპირატესობა იატაკის დაგეგმარების საოცრად გამართული და რეალისტური ფუნქციაა. იატაკის ორ განზომილებაში შერჩევისა და ზომებში ჩასმის შემდეგ შეგიძლიათ სამგანზომილებიან ვარიანტში მთელ სახლთან მიმართებით განიხილოთ და კედლების ფერებისა თუ ავეჯის შერჩევაზე გადახვიდეთ.
3. SmartDraw
დაგეგმარების მხრივ კიდევ ერთი პრაქტიკული აპლიკაციაა SmartDraw, რომლის გამოყენების სწავლა საკმაოდ მარტივია. აპლიკაციაში თითქმის დაუსრულებელი ვიზუალური არჩევანია ყველაფრის, რაც შეიძლება სახლში ან ექსტერიერში განთავსდეს – ავეჯი, მანქანები, საშენი მასალები, პარკეტი და ა.შ. ამ აპლიკაციის მეშვეობით შეძლებთ გამოსადეგი ინფორმაციის მიღებას და უამრავი განსხვავებული სტილის დიზაინის მორგებას თქვენი სახლისთვის.
4. Planner 5D
Planner 5D-ის რეალისტური მექანიზმის საშუალებით გვექმნება ილუზია, რომ აპლიკაციას “შევყავართ” განახლებულ სახლში და შიგნით “გადავადგილდებით”. ამ საოცრად დახვეწილი სისტემის წყალობით შეგვიძლია მაქსიმალური სიზუსტით გავთვალოთ ჩვენი ინტერიერის დიზაინის დეტალები და შევუხამოთ ჩვენი ბინის პროპორციებს. იატაკის დაგეგმარების შემდეგ სამგანზომილებიან რეჟიმის არჩევისას შეგვიძლია ავირჩიოთ ფანჯრები, კარები და სახურავიც კი.
5. HomeByMe
HomeByMe ინტერიერის დიზაინისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო აპლიკაციაა, ვინაიდან ავეჯის მოდელირება ნამდვილი ბრენდების კოლექციებიდანაა შესაძლებელი. Planner 5D-ს მსგავსად, HomeByMe იძლევა ორგანზომილებიანი პროექტირებიდან სამგანზომილებიანზე გადასვლისა და სახლის ყოველი ასპექტის დაგეგმვის საშუალებას.