in

ქართველი პროფესიონალების მიერ დამსხვრეული 5 მითი არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინზე

არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინთან დაკავშირებით საზოგადოებაში არასწორი წარმოდგენებია გავრცელებული, რომლებიც ამ სფეროს მიმართ გაურკვევლობასა და დაბნეულობას იწვევს. ამის გამო ადამიანები ხშირად არქიტექტორებსა და დიზაინერებს ეჭვის თვალით უყურებენ და მათი პროფესიის მიმართ არასწორი დამოკიდებულება უჩნდებათ. დღევანდელ სტატიაში 5 მთავარ მითს განვიხილავთ, რომელთაც ამ სფეროში მოღვაწე ქართველი პროფესიონალები შეაფასებენ და ამ არასწორი შეხედულებების ახსნას  შეეცდებიან.

მითი N1: არქიტექტორები და ინტერიერის დიზაინერები არაპუნქტუალურები არიან

ალბათ, ხშირად მოგისმენიათ ამგვარი დამოკიდებულება არქიტექტორებისა და დიზაინერების მიმართ. ეს კი, ძირითადად, იმითაა გამოწვეული რომ ზოგჯერ პროექტი დათქმულ ვადაში ვერ სრულდება, რადგან ეს პროცესი უამრავი დეტალისგან შედგება და დაუგეგმავი გართულებებიც ხშირად იჩენს თავს. არქიტექტორი გიორგი ზაუტაშვილი გვიხსნის, რომ არქიტექტურა და დიზაინი შემოქმედებითი პროცესია, ამიტომ იდეის დამუშავების ეტაპი სავსებით შესაძლებელია, რომ გაიწელოს, თუმცა ტექნიკური ნაწილის აღსრულება ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა და მისი დროული შესრულება უშუალოდ პროფესიონალზეა დამოკიდებული.

„ისევე, როგორც ნებისმიერ პროფესიაში, არქიტექტურაშიც არსებობენ პუნქტუალური და არაპუნქტუალური ადამიანები, რაც ძალიან ინდივიდუალურია და არაა პროფესიისთვის დამახასიათებელი კლიშე. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ არქიტექტურა თუ დიზაინი, პირველ რიგში, ხელოვნებაა, ამიტომ ამ სფეროს განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანები ირჩევენ. კრეატიული პროცესის დროს კი დროის დაკარგვა მარტივია. როდესაც ის წარმატებით მიმდინარეობს, რთულია ამის შეწყვეტა და სხვა საქმეზე გადართვა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია პირადი დისციპლინის განვითარება. შეიძლება ითქვას, რომ პროექტირების პირველ ეტაპზე, შემოქმედებითი მუშაობის დროს, გარკვეული არაპუნქტუალობა  დასაშვებია, რადგან იმისათვის, რომ დამკვეთი და არქიტექტორი ან ინტერიერის დიზაინერი შეთანხმდნენ, ერთმანეთი უკეთ გაიცნონ, შეიძლება განსაზღვრულზე მეტი დრო დასჭირდეთ. რაც შეეხება შემდგომ, უფრო ტექნიკურ პროცესებს, ამ ეტაპზე არაპუნქტუალურობა უკვე ინდივიდუალურია და ეს არქიტექტორებსაც ისევე ახასიათებთ, როგორც ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლებს, რაც ადამიანის უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს“, — ამბობს ჩვენთან საუბრისას გიორგი ზაუტაშვილი.

 

მითი N2: არქიტექტორისა და ინტერიერის დიზაინერის მომსახურება ძვირადღირებული ფუფუნებაა და ყველასათვის ხელმისაწვდომი არაა 

ცხადია, არქიტექტორისა თუ ინტერიერის დიზაინერის მომსახურება  გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ეს შესაძლოა, დიდ თანხებსაც  უკავშირდებოდეს, თუმცა გასათვალისწინებელია ორი ფაქტორი — პირველ რიგში, ბაზარზე არსებობს სხვადასხვა საფასო კატეგორიის მომსახურება, ამიტომ მარტივია ბიუჯეტის შესაბამისი სპეციალისტის მოძიება. ამასთანავე, პროფესიონალის ჩართულობა ზოგავს ფინანსებს. ის არსებული ხარჯების მიხედვით მაქსიმალური შედეგის მიღებას ცდილობს. არასწორად დაგეგმარებული და მოწყობილი სივრცის გადაკეთება კი შესაძლოა გაცილებით ძვირი დაჯდეს და მაცხოვრებლებს არაერთი პრობლემა შეექმნას.

არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი ბექა ფხაკაძე, პროფესიონალის არჩევის მნიშვნელობასა და ბიუჯეტის განსაზღვრის აუცილებლობაზე გვესაუბრება:

„საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, მომხმარებელმა არსებული ბიუჯეტის მიხედვით უნდა შეარჩიოს შესაბამის სეგმენტზე მომუშავე არქიტექტორი თუ ინტერიერის დიზაინერი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. არასწორი არჩევანის შემთხვევაში, შეცდომების ალბათობა დიდია. მაგალითად, თუ პრემიუმ-ხარისხის პროექტის შესრულება გსურს, თუმცა შედარებით დაბალბიუჯეტიან მომსახურებას ირჩევ, სავარაუდოდ, ის წარმატებული ვერ იქნება. რადგან დაბალ საფასო კატეგორიაზე მომუშავე დიზაინერი/არქიტექტორი შესაძლოა ვერ ერკვეოდეს ამ საკითხში და პრემიუმ-კლასის პროდუქტებთან თუ მასალებთან მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდეს. პირადად ჩვენ, პრემიუმ კლასის ობიექტებზე ვმუშაობთ, ამიტომ დაბალბიუჯეტიან პროექტებს არ ვაკეთებთ. ამასთანავე, მუშაობის პირველივე ეტაპზე აუცილებელია განისაზღვროს სარემონტო ბიუჯეტი, რადგან თუ დიზაინერმა არ იცის ზუსტად დამკვეთის ფინანსური შესაძლებლობა, დიდი ალბათობით ორივე მხარე  უკმაყოფილო დარჩება. ასევე, წინასწარ გაწერილი ბიუჯეტის გარეშე, საბოლოო ღირებულება შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს“.

ბექა იმასაც უსვამს ხაზს, თუ რაოდენ აუცილებელია პროფესიონალის ჩართულობა, რომელიც არსებულ ფინანსებს ეფექტურად იყენებს და საუკეთესო შედეგის მიღებას ცდილობს.

„როდესაც მომხმარებელი დამოუკიდებლად აკეთებს პროექტს, ხარჯებზე წარმოდგენა არ აქვს. არქიტექტორისა და დიზაინერის მთავარი ამოცანა კი ის არის, რომ თქვენი ბიუჯეტი ეფექტურად გამოიყენოს. ამიტომაა საჭირო თავდაპირველად ბიუჯეტის განსაზღვრა, რათა დიზაინერული თუ არქიტექტურული გადაწყვეტილებები დამკვეთის თანხებს მოვარგოთ. მცირე ფინანსების შემთხვევაში, გარკვეულ ხრიკებსაც მივმართავთ. მაგალითად, დეკორატიული განათების მაგივრად, რომელიც ძვირი ჯდება, აქცენტს ტექნიკურ ნაწილზე ვაკეთებთ. როდესაც პროფესიონალი ამ საქმეში ჩართული არაა, პროექტი ბუნდოვანია, მომხმარებელი ხარჯებს ეტაპობრივად ეცნობა და ფასებზე ზუსტი წარმოდგენა არ აქვს, რაც საბოლოოდ, ქაოსსა და გაუგებრობას იწვევს“.

 

მითი N3: ინტერიერის დიზაინერები მხოლოდ ესთეტიკაზე ამახვილებენ ყურადღებას 

საზოგადოებაში გავრცელებულია წარმოდგენა, თითქოს ინტერიერის დიზაინი მხოლოდ ესთეტიკურ ნაწილს მოიცავს და მისი შესრულება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, რაც არასწორია. რადგან ინტერიერის დიზაინი სწორად დაგეგმარებული, ფუნქციურად  გამართული სივრცეა, რომელშიც ესთეტიკაც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ამ მითთან დაკავშირებით, დიზაინერი რუსა თუმანიშვილი საინტერესო მოსაზრებას გვიზიარებს:

„წარმოდგენა, რომ ინტერიერის დიზაინი მხოლოდ ესთეტიკურ ნაწილს მოიაზრებს, მითია. მხოლოდ ესთეტიკურ ნაწილსა და გემოვნებას გულისხმობს ხატვა. მხატვრის მთავარი ფუნქცია სწორედ ესთეტიკაზე ფიქრია. ამასთანავე, ინტერიერის ესთეტიკურად გაფორმება დეკორატორის მოვალეობაა, რომელიც სივრცის ვიზუალურ ნაწილზე ზრუნავს, როგორც საცხოვრებელ, ისე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებში. ინტერიერის დიზაინერისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული ცოდნა, აკადემიური განათლების მიღება. კვალიფიციური დიზაინერი მხოლოდ ესთეტიკური კუთხით არ უყურებს პროექტს. მისი უმთავრესი ფუნქციაა სივრცისთვის ტექნიკური ნახაზების შედგენა (რომელიც ძალიან ბევრ წვრილმანს მოიცავს), მისი ერგონომიულად გამართვა და ფუნქციურად სწორად დაგეგმარება. ცხადია, პროექტის შედგენისას ესთეტიკაზე დაფუძნებული იდეა მუშავდება, რადგან ესთეტიკა უდიდეს როლს ასრულებს ინტერიერში. მაგრამ შემდგომ აუცილებელია ამ იდეის განხორციელების სწორი მეთოდების შემუშავება და სივრცის მოდელირების სწორი გზების დასახვა. ასევე, გავრცელებული შეცდომაა ისიც, თითქოს არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი ერთმანეთისგან გამიჯნულია. არქიტექტურა მთავარი ბაზაა, რომელსაც ნებისმიერი პროფესიონალი  უნდა იცნობდეს. ინტერიერის, განათების დიზაინი, ურბანული თუ ქალაქგეგმარებითი მიმართულება კი არქიტექტურის ორგანული ნაწილებია. ამიტომ არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი ერთმანეთისგან განუყოფელია“.

მითი N4: ინტერიერის დიზაინი მხოლოდ მასშტაბური პროექტებისთვის არის საჭირო

გავრცელებული აზრი, თითქოს პატარა მოცულობის სივრცის მოწყობა მარტივია და დიზაინერის ჩართულობას არ საჭიროებს არასწორი შეხედულებაა, რომლის შესახებ დიზაინერი ანანო მეგრელიშვილი გვესაუბრება:

„აზრი, რომ ინტერიერის დიზაინი მხოლოდ მასშტაბური პროექტებისთვის არის საჭირო  ნამდვილად მითია რამდენიმე მიზეზის გამო.  დიდსაც და პატარა ფართსაც გარკვეული თავისებურებები აქვს, თუმცა მცირე ზომის პროექტზე მუშაობა გაცილებით საპასუხისმგებლო და რთულია. ვინაიდან სწორედ პატარა ფართში აქვს ყველა სანტიმეტრს მნიშვნელობა. დიზაინ პროექტის გარეშე კი სწორი ერგონომიკისა თუ ზუსტი გეგმარების მიღება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.  მეორე მიზეზი მასალების შერჩევაა. დიდსაც და პატარა ფართსაც მასალების სწორად შერჩევა, ტექსტურების და ფერების დაბალანსება სჭირდება. განსხვავება მხოლოდ  ფართის ზომასა და რაოდენობაში იქნება. შესაბამისად, სივრცის კვადრატულობას მნიშვნელობა არ აქვს, დიდსა თუ პატარა პროექტს ორივეს თანაბრად სჭირდება ყველა დეტალის წინასწარ დაგეგმვა, რათა სასურველი შედეგი და ლამაზი ინტერიერი მივიღოთ“.  

მითი N5: ინტერიერის დიზაინის შექმნა პროფესიული ცოდნის გარეშე ნებისმიერი ადამიანისთვის შესაძლებელია  

ინტერიერის დიზაინს ხშირად მარტივ პროფესიად მიიჩნევენ და მისი შესრულება სავსებით შესაძლებელი ჰგონიათ ყოველგვარი აკადემიური ცოდნის გარეშე, რაც ცხადია არასწორია. იმისათვის, რომ სივრცე ესთეტიკურად და ფუნქციურად გამართული იყოს, აუცილებელია პროფესიონალი დიზაინერის ჩართულობა, რომელსაც შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება აქვს ამ სფეროში. დიზაინერი თინათინ ძირკვაძე კი ამ მოსაზრების მცდარობასა და აკადემიური ცოდნის მნიშვნელობაზე გვესაუბრება:

„ინტერიერის დიზაინერის ფუნქცია-მოვალეობა, დამკვეთთან ერთად სასურველი დიზაინის შემუშავებას გულისხმობს, რომელშიც ყველა დეტალი ტექნიკურადაა გათვლილი და მასალებიც სწორადაა შერჩეული. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ განსხვავება ორ მოცემულობას შორის: ყველა, ვისაც დეკორაციის შერჩევის ნიჭი თუ კარგი გემოვნება აქვს, ასევე,  ფერების შეხამებაც ბუნებრივად გამოსდის, ტექსტურებთან, ტექსტილებთან და ავეჯის ტიპებშიც კარგად ერკვევა, შეუძლია იყოს ინტერიერის დეკორატორი ანუ მოაწყოს საცხოვრებელი და სივრცეში მყუდრო გარემო შექმნას. მაგრამ მხოლოდ სპეციალური განათლების, ცოდნისა და ასევე რემონტის გამოცდილების მქონე დიზაინერს შეუძლია საკუთარ თავს “ინტერიერის დიზაინერი” უწოდოს“.

ავტორი: მეკო მეტრეველი

რომელ სეზონზე სჯობს რემონტის გაკეთება და რატომ?

პატარა, მაგრამ ფუნქციური ბინები თბილისში – Homeis.ge-ს რჩეული 10 პროექტი