in

5 ულამაზესი ოთახის მცენარე, რომლებიც ნაკლებად განათებულ სივრცეებშიც ხარობენ

ნებისმიერ ბინასა თუ კერძო სახლში გარკვეული ჩაბნელებული ადგილები არსებობს, სადაც საკმარი რაოდენობის მზის სხივი ვერ აღწევს. ასეთი ადგილის „გაკეთილშობილების“ ერთ-ერთი საშუალება ინტერიერის კომპაქტური მცენარეებით მორთვაა. მაგრამ რომელი მცენარეები ეგუება სინათლით ღარიბ სივრცეს? დღეს სწორედ იმ მცენარეებზე მოგიყვებით, რომლებიც ამ გარემოში ადვილად ხარობს და ინტერიერსაც ახალისებს.

1. ზამიოკულკასი

ზამიოკულკასი (Zamioculcas zamiifolia) თავისი მუქი მწვანე ფოთლებით ინტერიერის ნებისმიერ კუთხე-კუნჭულს დაამშვენებს. ეს მცენარე, რომელსაც ხალხურად „ბედნიერების ხეს“ ან „ფულის ხესაც“ კი ეძახიან, წარმომავლობით აღმოსავლეთ აფრიკიდანაა. მას ცუდი განათება ადვილად გადააქვს და მხოლოდ ხელოვნური განათების მქონე სივრცეებშიც კი შეუძლია გაიხაროს. რა თქმა უნდა, მზის შუქის დეფიციტი მის ზრდას ანელებს, თუმცა მისი ფოთლები გაჯერებულ მწვანე ფერს მაინც ინარჩუნებს. შეიძლება ითქვას, რომ მუქი მწვანე ფერის ფოთლების მქონე ოთახის მცენარეები ჩრდილს უკეთ იტანენ, ვიდრე ჭრელ ფოთლებიანი.

ზამიოკულკასი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. ერთადერთი რაც მას ესაჭიროება 7-14 დღეში ერთხელ სისტემატური მორწყვაა. ზედა ფოთლების წყვილის ჩამოცვენა შეიძლება ქოთანში ნიადაგის გამოშრობის ნიშანი იყოს. ამასთან, მეტისმეტ ტენიანობასაც ერიდეთ, ეს მცენარეს განსაკუთრებით არ უყვარს.

2. სანსევირია

სანსევირიას, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „სიდედრის ენა“ ან „გველის მცენარე“, მზეც და უმისობაც მშვენივრად გადააქვს. ის აჰავისებრთა ოჯახიდანაა, რომელიც აფრიკაში, სამხრეთ აზიაში და არაბეთის ნახევარკუნძულზე მოდის. დამწყები მეყვავილეებისთვის მშვენიერი არჩევანია. სანსევირიას უშუქო ადგილზე მრავალი წლის მანძილზე არა თუ გაძლება, ზრდა და გახარებაც კი შეუძლია.

სანსევირიას 2-3 კვირაში ერთხელ მორწყვა საკმარისია. მორწყვამდე ნიადაგი აუცილებლად შეამოწმეთ. თუ ზედა ფენა ტენიანია, მაშინ უმჯობესია მორწყვის გადადება. ოთახის ეს მცენარე მისი გარეგნობით არა მარტო თვალს ახარებს, არამედ იმითაცაა გამორჩეული, რომ საოცრად სიცოცხლისუნარიანია.

3. დრაცენა

დრაცენა (Dracaena) ასპარაგუსის ოჯახის წარმომადგენელია, მის სამშობლოდ კანარის კუნძულები ითვლება. ეს ჩრდილგამძლე კომპაქტური მცენარე, რომელიც მრავალ სახეობას აერთიანებს, მეყვავილეებში ძალიან პოპულარულია. მას სახასიათო გარეგნობა აქვს, თხელი ღეროს ირგვლივ განლაგებული გრძივი, სარტყლისებრი ან „ლანცეტისებრი“ ფოთლები.

დრაცენას მორწყვა ქოთნის ნიადაგის ზედა ფენის გაშრობის შემთხვევაში სჭირდება. ზაფხულში როგორც წესი, კვირაში ერთხელ, ხოლო ზამთარში უფრო იშვიათად ირწყვება.

4. ფიკუსი ანუ კაუჩუკის ხე

ოთახის კულტურებიდან კაუჩუკის ფიკუსი (Ficus elastica) გარემო პირობებს კარგად ეგუება, თუმცა მზის პირდაპირი სხივები მისთვის დამღუპველია. თუ თქვენ ამ მწვანე მცენარით შემოსასვლელის ან რომელიმე სხვა ნაკლებად განათებული კუთხის მორთვა გსურთ, ფიკუსი ამ მიზნისთვის იდეალურად გამოდგება, რადგან ზედმეტი სითბო და მზის სხივების სიუხვე მასზე ცუდად მოქმედებს და აჭკნობს.

ფიკუსი ბევრ მორწყვას არ საჭიროებს. მორწყვიდან ნახევარ საათში ქოთნის თეფშში დაგროვილი ნარჩენი წყალი უნდა გადაისხას. მორიგ მორწყვამდე ნიადაგი აუცილებლად უნდა გაშრეს. ზოგჯერ ამას შესაძლებელია რამდენიმე კვირა დასჭირდეს. დროდადრო კარგი იქნება, ფოთლები მტვრისგან გაიწმინდოს.

5. სუკკულენტები

საეჭვოა, რომ კაქტუსზე უფრო გამძლე ოთახის მცენარე სადმე მოიძებნოს. ის სუკკულანტების ოჯახს ეკუთვნის. კაქტუსი თავს მშვენივრად გრძნობს ისეთ ნაკლებად განათებულ ადგილებში, როგორიც მაგალითად, კიბის უჯრედი ან საძინებლის შორეული კუთხე. გახსოვდეთ, არ შეიძლება კაქტუსის უშუალოდ გამათბობელი ხელსაწყოების მახლობლად მოთავსება.

სუკკულენტები მორწყვას ფაქტობრივად არ საჭიროებს. ახალგაზრდა მცენარეების მორწყვა ორ კვირაში ერთხელ საკმარისია. ზამთრის პერიოდში მორწყვა კიდევ უფრო იშვიათად უნდა მოხდეს, რადგან მცენარეებში ნივთიერებათა ცვლა შენელებულია.

რუბრიკა “სახლი და გამწვანების” წარმდგენია გრატოს სათბურები.

სკანდინავიური სტილის სტუდიო ანტრესოლით

ბინა ტერასით მუშტაიდის ბაღთან – ირინა ბარკალაიას ინტერიერი