in

5 მარადიული ფერი აბაზანისთვის, რომელიც მოდიდან არასდროს გადავა

ტოტალური თეთრი დიდი ხანია დომინირებს აბაზანის ტენდენციებში, მაგრამ ეს მიდგომა თანდათან იცვლება, რადგან ინტერიერის დიზაინერები უფრო თბილ ფერებსა და თამამ გადაწყვეტილებებს გვთავაზობენ. იმისთვის, რომ სააბაზანო ელეგანტურად გამოიყურებოდეს, სულაც არაა საჭირო მხოლოდ თეთრი ფერის გამოყენება ან მინიმალიზმის პრინციპების დაცვა, ამის ნაცვლად, შეგვიძლია არჩევანი მიწიერ და ბუნებრივ ტონალობებზე ან მაქსიმალისტურ დეტალებზე გავაკეთოთ.

დღესდღეობით თანამედროვე სააბაზანოს შექმნისთვის ხშირად იყენებენ მუქ და მკვეთრ ფერებს, რაც ხელს უწყობს მყუდრო, თუმცა დახვეწილი სივრცის მოწყობას. ასეთი აბაზანა ათწლეულების განმავლობაში ძალიან მიმზიდველად გამოიყურება და განსხვავდება კლასიკური თეთრი აბაზანის დიზაინისგან, რომელიც ხშირად მოსაწყენი და ერთფეროვანი გვეჩვენება.

დღევანდელ სტატიაში 5 სასარგებლო ფერსა და რჩევას გაგიზიარებთ ისეთი სააბაზანოს მოსაწყობად, რომელიც წლების განმავლობაში შეინარჩუნებს აქტუალობას.

გამოიყენეთ ე.წ. დედამიწის ტონები

ყველაფერი, რაც ბუნებას ეხება, სახლში მარადიულ ესთეტიკას ქმნის. ყავისფერი, მშვიდი მწვანე და ცისფერი ფერები სივრცეში დამამშვიდებელ ეფექტს აღძრავს და განსაკუთრებით უხდება აბაზანის კედლებს. შედეგად, სივრცე ბევრად უფრო დახვეწილად და ელეგანტურად გამოიყურება.

უნდა აღინიშნოს, რომ მიწიერი ფერები უხდება როგორც თანამედროვე სტილს, ასევე კლასიკურსაც. გარდა ამისა, კონკრეტული ფერთა პალიტრის შერჩევით შესაძლებელია კონკრეტული ეპოქის სტილის გამეორებაც, მაგალითად, 1980-იანი წლების საუკეთესო ტენდენციების საკუთარ ინტერიერში გადმოტანა.

შექმენით ნეიტრალურ ფერთა სისტემა

თეთრი ფერი ინტერიერში სიცივის შეგრძნებას აღძრავს, რის გამოც ინტერიერის დიზაინერები ხშირად გვირჩევენ, რომ მასში უფრო თბილი ტონალობები გავურიოთ, რათა მშვიდი და საინტერესო ეფექტი მივიღოთ.

ასეთი თბილი ტონები განსაკუთრებით უხდება მარმარილოს, ბეტონსა და ბუნებრივ ხეს. შედეგად, აბაზანის დიზაინი და სტილი ძალიან არ იცვლება და ჰგავს კლასიკურ თეთრ ინტერიერს, თუმცა ბევრად უფრო თბილი და მყუდროა.

დაამატეთ ძვირფასი ქვების მსგავსი ფერები

მკვეთრი მწვანე, შინდისფერი, მუქი ლურჯი და მსგავსი ტონები შესაძლოა სწორედ ის იყოს, რაც სასურველი სააბაზანოს შექმნაში დაგეხმარებათ. იმის გამო, რომ ძვირფას ქვებს ძალიან ბუნებრივი, თუმცა ხშირად მკვეთრი ელფერები აქვს, ინტერიერის დიზაინერები მათთან მუშაობისას დიდ სიფრთხილეს გვირჩევენ. კარგად დარწმუნდით, რომ შერჩეული ფერები ნამდვილად შეეფერება თქვენს აბაზანას, სინათლის რაოდენობასა და სხვა დეტალებს, საბოლოოდ კი ძალიან ელეგანტურ და დახვეწილ ინტერიერს მიიღებთ.

სველ წერტილებს მოეპყარით ისე, როგორც სივრცეს, სადაც მოთავსებულია ტექსტურირებული ხელოვნების ნიმუშები, ავეჯი და მდიდრული ფერები. სახლის ეს ნაწილი არ უნდა ჰგავდეს მოსაწყენ ოთახს, რომელიც არაფრით გამოირჩევა. მოერიდეთ მკვეთრი თეთრი აქცენტებისა და ყვითელი ფერის გამოყენებას, ამის ნაცვლად აქცენტი კონტრასტულ და ნაზ ფერებზე გააკეთეთ.

გამოიყენეთ ბუნებრივი მასალა

აბაზანა იდეალურად გამოიყურება მაშინ, როდესაც განსხვავებული ფერები ბუნებრივი მასალისგანაა შექმნილი. მაგალითად, როდესაც ხის ავეჯსა და დეკორაციებს ვიყენებთ. ამ დროს თბილი და დამამშვიდებელი ატმოსფერო იქმნება, რომელიც თვალს მარტივად არ ჰბეზრდება. სწორედ ამიტომ, დიზაინერები გვირჩევენ, მასალის არჩევისას უპირატესობა ბუნებრივ ხესა და ქსოვილებს მივანიჭოთ.

დაამატეთ ვარდისფერი აქცენტები

ვარდისფერი აბაზანისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ფერია, მაგრამ მოერიდეთ კაშკაშა და ძალიან მკვეთრ ტონებს და მის ნაცვლად უფრო ბუნებრივი, მშვიდი ფერი შეარჩიეთ. ვარდისფრის დამატება შეგიძლიათ როგორც კედლების შეღებვით, ასევე ავეჯისა და სხვადასხვა დეკორაციების გამოყენებითაც. შედეგად, მუდმივ და მშვიდ ატმოსფეროს შეიქმნით, რომელიც მოდიდან არასდროს გადავა.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ბაღის დაპროექტებისას დაშვებული ყველაზე გავრცელებული შეცდომები

ფერთა ბალანსით შექმნილი სკანდინავიური სტილის ინტერიერი სტოკჰოლმში