in

5 წესი ინტერიერის ფარდებით გალამაზებისთვის

ფარდა ის ელემენტია, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს სახლის ინტერიერში, რადგან ის მას დასრულებულ იერს აძლევს. ფარდას  სიმყუდროვე შემოაქვს და გარემოსგან განცალკევების შეგრძნებას გვიქმნის. მისი დახმარებით შესაძლებელია მინიმალისტურ ინტერიერში სხვადახვა შტრიხების შეტანა, ასევე ნეიტრალური ფერის ფარდის მხოლოდ ფონურად გამოყენება. ამასთან დაკავშირებით, დღეს წარმოგიდგენთ  ფარდების ეფექტურად დაკიდების  რამდენიმე საინტერესო ვარიანტს. 

წესი #1

პირველი, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ საფარდე კარნიზი არსებულ ფანჯარას ორივე მხრიდან უნდა გადაცდეს. ეს ხერხი საშუალებას იძლევა, რომ ფარდის სივრცეში აღქმის მასშტაბი გაიზარდოს.

 

წესი #2

სასურველია, ნაჭრის სიგანე ფანჯრის სიგანეზე 2-2.5 ჯერ მეტი იყოს. ქსოვილის ამ პარამეტრებით შერჩევა შეავსებს ინტერიერს და ვიზუალურად უფრო გაალამაზებს ფანჯარას. 

წესი #3

აუცილებელია, ფარდის სიმაღლე შეირჩეს მაქსიმალურად მაღლა, რის საშუალებასაც იძლევა სახლის ჭერი. საიდუმლო არავისთვის არის, რომ რაც უფრო მაღლა დაიკიდება ფარდა, მით უფრო მაღალი გამოჩნდება ჭერი. ქვემოთ მოცემულ ფოტოში ფარდები იატაკიდან ჭერამდე ავსებენ მისაღებ ოთახს და შესანიშნავად ერწყმიან მონდრიანის შთაგონებით შექმნილ ჭრელ კედელს.

წესი #4

ფარდის ქსოვილი ოთახის გარემოსა და ფუნქციის  შესაბამისად უნდა შეირჩეს. იმ შემთხვევაში, თუ თხელი ნაჭრის ფარდაზე შევაჩერებთ არჩევანს, სახლში ბუნებრივი განათება კარგად შემოვა, ხოლო საძინებელ სივრცეში, სადაც განმარტოვება და სიმყუდროვე გვსურს, შეძლებისდაგვარად მყარი ქსოვილის ფარდა უნდა ავარჩიოთ.

ფარდის გამოყენება ფონადაც შესაძლებელია.  იმ შემთხვევაში, თუ ინტერიერში აქცენტი ჭერზე, ან დივნისა და ბალიშების მკვეთრ ფერებზე გადადის, უმჯობესია ფარდა ნეიტრალურ ტონებში შეირჩეს. ხოლო თუ ავეჯი პასტელურ სადა ფერებშია გადაწყვეტილი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია თამამი არჩევანის გაკეთება და სხვადასხვა ჭრელი ქსოვილის გამოყენება. ეს მეთოდი ინტერიერს საინტერესო ხასიათს შესძენს.

მკვეთრი ფერის ფარდის შერჩევის შემთხვევაში, იმისათვის რომ ფარდა არ იყოს ამოვარდნილი დეტალი ინტერიერიდან, მიღებული მეთოდია ოთახში რომელიმე ავეჯის იმავე ფერში შეფუთვა. 

წესი #5

იმ შემთხვევაში თუ იატაკამდე სიგრძის ფარდა არ მიესადაგება თქვენს ინტერიერს , იდეალური გამოსავალი ამ დროს ე.წ. რომაული სტილის ფარდაა. ის ოთახში განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ქმნის, ფილტრავს მზის სხივებს და ამავდროულად არ უშლის ხელს მის სივრცეში შემოსვლას.

ხალხმრავალ პარკად ქცეული დავიწყებული აეროპორტი – Mosbach Paysagistes-ის პროექტი

312-ე აუდიტორიაში გაჩენილი იდეა – ინტერვიუ გიორგი ზაუტაშვილთან