ნიუ-იორკის ურბანული დინამიკა თაობების ცვლასთან და არქიტექტურის ახალ ტენდენციებთან ერთად საგრძნობლად განვითარდა და ამ დროის განმავლობაში უამრავი ახალი შენობა შეიქმნა. ერთ-ერთი მათგანი ზაჰა ჰადიდის 520 West 28th-ის სახელით ცნობილი პროექტია, რომელიც 1676 კვადრატული მეტრ ფართობზეა განთავსებული და შესანიშნავად გადმოსცემს არქიტექტურასა და გარემოს შორის არსებულ კავშირს, პარალელურად კი ქმნის ბალანსს თანამედროვეობასა და წარსულს შორის.
შენობის ფასადის შესაქმნელად გამოყენებულია 520 ხელნაკეთი ფოლადის ფურცელი, რაც ეხმიანება ნიუ-იორკის ისტორიული არქიტექტურის სტილსა და პრინციპებს და საბოლოო ჯამში, ქმნის ძალიან ელეგანტურ ექსტერიერს.
ფასადზე ისეთი დეტალები გვხვდება, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმის ნაგებობის გარშემო არსებულ სტრუქტურებს, ბაღებისა თუ სხვა სივრცეების. 11 სართულიან შენობაში განთავსებულია 39 აპარტამენტი. თითოეული მათგანი დაპროექტებულია თანამედროვე ინტერიერით. გარდა ამისა, გამოყენებულია მაქსიმალურად თანამედროვე ტექნოლოგიები.
520 West 28th-ის შიდა სივრცე მოიცავს სპას, აუზს, ბაღს და გასართობ კომპლექტს თეატრით. აპარტამენტებისთვის დაპროექტებულია რამდენიმე ლიფტი, რათა მაცხოვრებლების კომფორტი მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი.
შეიძლება ითქვას, რომ ზაჰა ჰადიდის მიზანი პროექტზე მუშაობისას იყო შენობაში ნიუ-იორკის ხასიათის შენარჩუნება ისე, რომ არ დაეკარგა საკუთარი სტილი და ნაგებობა გამორჩეული ყოფილიყო თავისი არქიტექტურული მახასიათებლებით, რაც საბოლოო ჯამში, პროექტის ავტორს საკმაოდ წარმატებულად გამოუვიდა.
არქიტექტურული სტუდია: Zaha Hadid Architects
ფოტოები: Hufton+Crow, Scott Francis
რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”