in

6 ხერხი ინტერიერის საათზე ნაკლებ დროში გასაახლებლად

დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ მარტივ და ეფექტურ ხრიკებს, რომლებიც ინტერიერის განახლებაში დაგეხმარებათ.

  1. ჩააწყვეთ ლარკანში ყვავილები.

ყვავილები ინტერიერს აცოცხლებს და ოთახის ფერთა პალიტრას ნათელ აქცენტებს ჰმატებს. მათ, ვინც ცოცხალ მცენარეზე მუდმივი ზრუნვისთვის მზად არ არის, სეზონური ყვავილების თაიგული გამოადგებათ. სახლის გაფორმების ეს სწრაფი და მარტივი გზა არასდროს იქნება მოსაწყენი, რადგან ყოველ სეზონზე სხვადასხვა ყვავილი ხარობს. იქონიეთ სხვადასხვა დიზაინის რამდენიმე ვაზა, რათა ისინი ყვავილების სახეობებსა და თქვენს განწყობას შეუხამოთ.

  1. მოაშორეთ ყველაფერი ზედმეტი.

ინტერიერის განახლებისთვის ყოველთვის არ გჭირდებათ ტექნიკის მაღაზიაში წასვლა ან ახალი დეკორაციების ძებნა. ზოგჯერ სივრცის მოწესრიგებაზე ერთი საათის დახარჯვაც კი საკმარისია. ეს მხოლოდ ძველისა და არასაჭიროს თავიდან მოშორებას არ გულისხმობს. მოწესრიგებული ოთახიდან, რომელშიც მაინც გსურთ რაღაცის შეცვლა, შეგიძლიათ მთელი დეკორაცია გაიტანოთ და ამით სიმსუბუქის განცდა შექმნათ. დაფიქრდით, იქნებ სწორედ ეს გსურთ?

  1. შეცვალეთ კედლის დეკორაცია.

ინტერიერის განახლების კიდევ ერთი სწრაფი გზა კედლის დეკორაციის შეცვლაა.  ძველი პლაკატების, ფოტოებისა და ნახატების გადაყრა საჭირო არ არის — შეგიძლიათ, ისინი, უბრალოდ, შეინახოთ. ნივთების სურვილისამებრ განთავსება რომ შეძლოთ, სასურველია, კედელზე დამაგრების შეუმჩნეველი მეთოდები გამოიყენოთ: ორმხრივი ლენტი, ფხრიწი და ა. შ.

  1. დააგეთ ხალიჩა.

ინტერიერის გარდაქმნის მარტივი გზა ხალიჩის დაგებაა. თუ ის ნათელია, ნეიტრალურ სივრცეს გამოაცოცხლებს, მშვიდი ფერში გადაწყვეტილი შეუმჩნეველი ნიმუშის მქონე მოდელი კი ოთახს არ გადატვირთავს. დიდ ოთახში რამდენიმე ხალიჩის გამოყენებაც შეგიძლიათ. რა თქმა უნდა, მისი განთავსება კედელზეც შეგიძლიათ — მართალია, ეს ხერხი ოდესღაც მოძველებულად მიიჩნეოდა, მაგრამ თანამედროვე ინტერიერის დიზაინში კვლავ აქტუალურია.

  1. განაახლეთ ტექსტილი.

ინტერიერის განახლების კიდევ ერთი სწრაფი და მარტივი გზა ტექსტილის შეცვლაა. თუ ტექსტილის ახალ დიზაინს შეარჩევთ, რომელიც ინტერიერის საერთო პალიტრას მოუხდება, სივრცე სრულიად შეიცვლება. ნუ შეუშინდებით ექსპერიმენტებს – მაგალითად, ნეიტრალური ფერის დივნისთვის შეარჩიეთ ნათელი ფერის ბალიში.

  1. შექმენით კომპოზიცია დეკორისგან.

თუ კედლებზე არაფრის განთავსება არ გსურთ, შეგიძლიათ დეკორატიული კომპოზიცია კომოდზე, ღია თაროებზე ან ყავის მაგიდაზე მოაწყოთ. გამოიყენეთ განსხვავებული სიმაღლის, ფერისა და ზომის რამდენიმე ობიექტი. ასეთი კომპოზიციის დაშლა, გადაკეთება ან ახალი ნივთებით გამდიდრება ყოველთვის შეგეძლებათ, რაც ინტერიერის განახლებას გაგიმარტივებთ.

„Casa Vôlt“ — თავშესაფრად ქცეული სახლი არგენტინაში

7 ადგილი თბილისში, სადაც ღობეს შეიძენთ