in

2022 წლის 6 მთავარი ტრენდი ინტერიერის დიზაინში

მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები თანხმდებიან, რომ ყველაზე ტრენდული არატრენდულობაა. თუმცა, არსებობს დავიწყებული ტენდენციები, რომლებიც დრო და დრო ახალი ძალით უბრუნდება საზოგადოებას. დღეს 2022 წელს რეინკარნირებული და ახლად დაბადებული ტრენდები გვინდა გაგაცნოთ.

ტრენდი #1: მრავალფუნქციური ოთახები

თუ ადრე დიდი პოპულარობით გაშლილი გეგმარება სარგებლობდა, დღეს ადამიანები სულ უფრო რწმუნდებიან ზონირებისა და სივრცის მრავალფუნქციურობის აუცილებლობაში. ამ ტენდენციის დამკვიდრებაში თავისი წვლილი პანდემიამაც შეიტანა. თვით იზოლაციის პირობებში სახლი სწავლის, მუშაობის, სპორტისა და სხვა საყვარელი საქმიანობის ასპარეზად იქცა, ამიტომ ყურადღება ცალკეული ზონების მოხერხებულობასა და ესთეტიკას ექცევა. მაგალითად, ბევრმა ბინაში შესაბამისი მაგიდით, სავარძლითა და განათებით სრულფასოვანი საშინაო ოფისების მოწყობა გადაწყვიტა. ასევე კომფორტული ვარჯიშისთვის ცალკეული სივრცეებიც კი გამოათავისუფლა.

ტრენდი #2: ჭკვიანი სახლი

სახლში მუდმივი ყოფნის კიდევ ერთი შედეგი ბინის მაქსიმალურად კომფორტულ სივრცედ გადაქცევის სურვილია. ბოლო ორი წლის განმავლობაში, საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა ხმის ჭკვიან გამაძლიერებლებზე, რობოტ მტვერსასრუტებზე, ასევე ჰაერის გამწმენდებსა და დამატენიანებლებზე. 2022 წელს ტრენდული გახდა „ჭკვიანი სახლი“. ეს სისტემა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში საცხოვრებელი სივრცის სხვადასხვა პარამეტრებს აკონტროლებს, დამატებითი ბონუსია. სისტემას ხმაზე და ტაშზე რეაგირება შეუძლია.

ტრენდი #3: ვინტაჟური აქცენტები და წარსულის გადააზრებული მოტივები

ბოლო რამდენიმე წელი ტრენდების სიაში 1970-იანი წლების სტილისტური დეტალები შედიოდა. მაგალითად, ფერთა პალიტრა გაჯერებული ფორთოხლისფრითა და მწვანე ელფერებით, ხავერდი, ბუკლე, ტერრაცო. მოგვიანებით მათ ასევე 1980-იანი და 1990-იანი წლების სტილისტური ხერხებიც შეუერთდა: ფერთა კონტრასტული ჯგუფები ავეჯსა და კედლების მოპირკეთებაში, ტყავის გადასაკრავი და სკულპტურული ფორმები. ეს ტრენდი აქტუალობას დღემდე არ კარგავს.

ტრენდი #4: ბუნებრივი ელფერები

კვლავ პანდემიის ზეგავლენა. ქვის ჯუნგლებში გამოკეტილი ადამიანი ბუნებასთან ურთიერთობასაა მოწყურებული. ჩვენთვის, როგორც ერთიანი ბიოლოგიური სისტემის ნაწილისთვის, ეს ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ ინტერიერში ბუნებრივი ფერები: ყავისფერი, ტერრაკოტა, ასევე წითლის, ფორთოხლისფრის, ყვითლისა და ხავერდისფრის თბილი ელფერები მოწონებას იმსახურებს.

ტრენდი #5: ეკოლოგიურობა და ზომიერი მოხმარება

ეს ტრენდი სიცოცხლის სხვადასხვა სფეროს ეხება, მათ შორის საცხოვრებლის მოწყობასაც. ეკოლოგიური გათვითცნობიერების ფონზე ჩვენ ვცდილობთ, ნაკლები შევიძინოთ, მასალები და მწარმოებლები ყურადღებით შევარჩიოთ, რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენი დავტოვოთ. ბუნებაზე ზრუნვის მოტივის გათვალისწინებით, ნამდვილად ღირს ინტერიერის ვინტაჟური ნივთების შეძენასა და რესტავრაციაზე დაფიქრება. ასევე გადამუშავებული მასალებისგან დამზადებული ავეჯის შეძენა.

ტრენდი #6: მასალებისა და სტილების შერევა

სწორხაზოვანი, უნიფიცირებული დიზაინი წარსულს ბარდება. დღეს მოდაში ინდივიდუალიზმი და შინაგანი სამყაროს გამოხატვის მცდელობაა. საცხოვრებელი კომფორტისა და სტილის საკუთარი გაგების გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. ადამიანებს სურთ, რომ ისეთი უნიკალური ნივთების მფლობელები იყვნენ, რომლებიც მათ შინაგან სამყაროს ეხმიანება და იშვიათიცაა. ამიტომ ცალსახად ღირს თანამედროვე ახალგაზრდა მხატვრებისა და ხელნაკეთი დეკორის ნამუშევრებზე დაკვირვება. გარდა ამისა, 2022 წელს ტრენდული რჩება „გრანდ მილენიალის“ სტილი. ოდნავ მობეზრებული მინიმალიზმისა და სკანდინავიური სტილისგან განსხვავებით, მისი სახასიათო შტრიხი ვინტაჟური ელემენტების თანამედროვე, თამამ ორნამენტებთან და ტექსტურებთან შერწყმაა.

რატომ ჯობია ბინის შეძენა მაღალ სართულზე – 8 დასაბუთებული მიზეზი

უმშვენიერესი ნორვეგიული კოტეჯი ტრადიციულ სტილში