გაზაფხულის დადგომა სიახლესთან, ინოვაციებთან და ენთუზიაზმთანაა დაკავშირებული. ამინდის დათბობა, დღის ხანგრძლივობის ზრდა ყველას პოზიტიურ, ამაღლებულ განწყობაზე აყენებს, ამიტომ ამ პერიოდში ჩვენი სახლების დიზაინის განახლება და გახალისება სრულიად მიზანშეწონილია. homeis.ge გთავაზობთ ინტერიერის 6 აქსესუარს, რომლებიც საგაზაფხულო განწყობას შეგიქმნით:
ძველებური ვიზუალის მქონე მაგიდის ჭურჭელი Zara Home-სგან
გირჩევთ, ზამთრის ცივი დღეების დასრულების აღნიშვნა თქვენს სახლებში ისეთი დეტალებით დაიწყოთ, რომლებსაც ხშირად გამოყენებთ და შეხედავთ. ასეთი აქსესუარია მაგიდის ჭურჭელი, რომელიც ჭამის პროცესს ყოველდღიური რუტინის ნაცვლად სასიამოვნო რიტუალად აქცევს. მაღაზია Zara Home-ს კატალოგში გამორჩეული ვიზუალის მქონე, ფლორალურ ჭურჭელს შეხვდებით, რომელიც თქვენს ინტერიერშიც შემოიტანს გაზაფხულის ატმოსფეროს. 6-ნაწილიანი კომპლექტის საერთო ღირებულება 197 ლარს შეადგენს, თუმცა შესაძლებელია თითოეული ჭურჭლის ინდივიდუალურად შეძენაც.
Ceramic Room 1300-ს ჭიქები
ჭურჭელზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჭიქები – ამ პატარა დეტალს ხშირად მთელი ინტერიერის გადასხვაფერების ძალა შესწევს. ტემპერატურის მატებასთან ერთად ცივი სასმელების სერვირებისთვის აუცილებელია სამზარეულო დახვეწილი, მოსახარხებელი და ლამაზი ჭიქებით აღვჭურვოთ. სწორედ ასეთია ქართული კერამიკის სახელოსნოს, Ceramic Room 1300-ს ორიგინალური ჭიქები, რომელთა განსხვავებული ფორმა და ხალისიანი ფერები თქვენი სახლისთვის ნამდვილად სასიამოვნო სიახლე იქნება. Ceramic Room 1300-ს ჭიქის საფასური 22 ლარს შეადგენს.
Mysa-ს სანამცხვრე
გაზაფხულის დადგომა სხვა მიზეზებთან ერთად იმიტომაც გვახარებს, რომ ამ პერიოდში ბევრი ხილი ყვავილობს. თუ გიტაცებთ მზარეულობა და სეზონური, ხილის ნამცხვრებით ოჯახის წევრებისა თუ მეგობრების გამასპინძლება, გირჩევთ, შეიძინოთ Mysa-ს ელეგანტური სანამცხვრე, რომლის ღირებულება 110 ლარს შეადგენს.
Ambience-ს შუშის ლარნაკები
სილამაზე დეტალებშია – თუ ამ ფილოსოფიას იზიარებთ, ჩვენ მიერ შერჩეული შემდეგი ინტერიერის აქსესუარი აუცილებლად მოგეწონებათ. გაზაფხულზე სახლის უამრავი ყვავილის განთავსება შეგვიძლია, თუმცა თუ ისინი შესაბამის, ტრენდულ ლარნაკში არ მოვათავსეთ, თავად ყვავილებსაც დაეკარგებათ მომხიბვლელობა. მაღაზია Ambience ლარნაკების ფართო არჩევანს გვთავაზობს, რომელთა შორის გვხვდება ფოტოზე გამოსახული, ასიმეტრიული შუშის ლარნაკები. მათი შეძენა 250 ლარადაა შესაძლებელი.
The Why Not Gallery-ს ხალიჩა
ხალიჩა ყველასთვის ნაცნობი ინტერიერის დიზაინის აქსესუარია, რომელიც უფრო და უფრო ტრენდული ხდება. ქართველი არტისტები თანამედროვე სტილის ხალიჩების დამზადებით დღითიდღე ითქვამენ სახელს – ერთ-ერთია გვანცა ჯიშკარიანი, რომლის საავტორო ხალიჩა, სახელად “ყვავილების ხტომა” The Why Not Gallery-ში იყიდება. ხალიჩაზე საგაზაფხულო კომპოზიციაა გამოსახული, მასზე ვხედავთ ყვავილებს, მცენარეებს, მწერებსა და ფერიებს, რომელთა ერთობლიობა, დაგვეთანხმებით, ნებისმიერ ინტერიერს გახდის გამორჩეულს. ხალიჩის ღირებულება 1,000 ლარია და მისი სულ რაღაც 3 ეგზემპლარი არსებობს.
Coin Casa-ს ჰამაკი
ჩვენი სახლების გაზაფხულისა და ზაფხულისთვის მოსამზადებელ ეტაპზე არ უნდა გამოგვრჩეს მათი ექსტერიერი – აივნები, ეზოები თუ ვერანდები, სადაც თბილ ამინდში საღამოებს ვატარებთ, დღისით ვირუჯებით თუ სტუმრებს ვიღებთ. მაღაზია Coin Casa თბილი სეზონებისთვის ზედგამოჭრილ, ბამბის გრილ ჰამაკს გვთავაზობს, რომელიც “ავეჯის” ფუნქციის გარდა დეკორატიულ ფუნქციასაც შეითავსებს და თქვენს სახლს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. ჰამაკის ღირებულებაა 350 ლარი.