„მან ამ საუკუნეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი შიდა სივრცეები და გარეგნული ფორმები აჩუქა“- ეს იყო ჟიურის წევრების სიტყვების ციტირება, როდესაც იეო მინ პეის (Ieoh Ming Pei) 1983 წელს პრიცკერის პრემიით აჯილდოვებდნენ. ჩინური წარმომავლობის ამერიკელი არქიტექტორი მოდერნისტული მიმდინარეობის ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენელად მიიჩნევა.
ნორმან ფოსტერი (Norman Foster), სანტიაგო კალატრავა (Santiago Calatrava), დანიელ ლიბესკინდი (Daniel Libeskind) და სხვა არქიტექტორები თვლიან, რომ ი.მ. პეის (I.M. Pei) ნამუშევრებმა მათ შემოქმედებაზე გავლენა იქონიეს.
ლუვრის შუშის პირამიდა, პარიზი / Le Grand Louvre, Paris, France, 1989
იეო მინ პეი (Ieoh Ming Pei) 1917 წელს ჩინეთში, გვანჯოუს პროვინციაში დაიბადა და 102 წლის ასაკში, 2019 წლის 16 მაისს ნიუ-იორკში გარდაიცვალა. მან მსოფლიოს, თანამედროვე არქიტექტურის სახით, წარუშლელი ღირებულების ნაშრომები დაუტოვა. ითვლება, რომ მას საყოველთაო ცნობადობა დღემდე საკამათო დიზაინის შუშის პირამიდამ მოუტანა, რომელიც 1989 წელს პარიზში, ლუვრის შესასვლელში ააშენა. პეის წარმატებული კარიერა 60 წელს გაგრძელდა.
ჯ. კენედის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა, ბოსტონი / John F. Kennedy Presidential Library and Museum, Boston, USA, 1979
იეო მინ პეი ჰონკონგსა და შანხაიში გაიზარდა, შემდეგ არქიტექტურის შესასწავლად, 17 წლის ასაკში ამერიკაში გადაბარგდა. ის პენსილვანიისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტებში დახვეწილი ხელოვნების კულტურის შესწავლით არ იყო დიდად მოწადინებული, თუმცა პროფესორმა დააჯერა, რომ მეტი მონდომება გამოეჩინა. პეიმ ბაკალავრის ხარისხი 1940 წელს მიიღო, მაგრამ ჩინეთ-იაპონიის ომის დაწყებამ სამშობლოში დაბრუნებაზე უარის თქმა აიძულა. ამ შემთხვევითობამ განაპირობა ის, რომ ი.მ. პეიმ ჰარვარდში დიზაინის უმაღლესი სკოლა აღმოაჩინა, სადაც ვალტერ გროპიუსთან (Walter Gropius) და მარსელ ბრეირერთან (Marcel Breuer) მუშაობდა.
ჩინეთის ბანკის კოშკი / Bank of China Tower, Hong Kong, China, 1990
ი.მ. პეიმ თავისი პირადი პრაქტიკა 1955 წელს დააფუძნა. ის ცნობილი იყო “IM Pei & Associates” – ის სახელით, რომელსაც მოგვიანებით, 1966 წელს “Pei & Partners” და 1989 წელს „Pei Cobb Freed & Partners“ დაერქვა. კარიერის 60 წლიან მონაკვეთში პეის ყველაზე ცნობილ ნამუშევრად, პარიზის ლუვრის შუშის პირამიდა ითვლება. მნიშვნელოვან ნამუშევრებს ასევე მიეკუთვნება: ჩინეთის ბანკის კოშკი ჰონგ-კონგში, ხელოვნების ნაციონალური გალერეის აღმოსავლეთის ფრთა და პრეზიდენტ კენედის ბიბლიოთეკა ბოსტონში. 1990 წელს ი.მ. პეიმ თავისი მუდმივი სამსახური დატოვა და სამუშოს ნელ-ნელა მთლიანად ჩამოშორდა. ის, სიცოცხლის ბოლომდე, თავის დაარსებულ ფირმაში, არქიტექტურის კონსულტანტად მუშაობდა.
ხელოვნების ნაციონალური გალერეის აღმოსავლეთის ფრთა / National Gallery of Art East Building, Washington DC, USA, 1978
ი.მ. პეი ცნობილია როგორც მოდერნისტი არქიტექტორი და მისი ნამუშევრები მარტივი გეომეტრიული ფიგურების განლაგებაზეა დაფუძნებული. მან უარყო გლობალური ტენდენციებით ნაკარნახევი ინტერნაციონალური სტილი. 1974 წელს, ჩინეთში მოგზაურობის დროს, მან ჩინელ არქიტექტორებს ტრადიციულ არქიტექტურაზე ორიენტირება და დასავლური სტილისგან თავის შორს დაჭერაც კი მოუწოდა.
ევერსონის მუზეუმი, სირაკუზი, ნიუ-იორკი / Everson Museum, Syracuse, New York, United States, 1968
ი.მ. პეის თითოეულმა ნაგებობამ ქალაქს, სადაც ის აშენდა, ცნობადობა შემატა. მაგალითად, ევერსონის მუზეუმი სირაკუზში, ნიუ-იორკშო. პეი ფაქტიურად ერთადერთი იყო, ვისაც თანამედროვე არქიტექტურის, უკვდავ კლასიკად გარდაქმნა შეეძლო.
მათთვის, ვინც ი.მ. პეის ახლოს იცნობდა, არქიტექტურული უნარები მეორე ხარისხოვანი ხდება მისი ადამიანური სითბოს, კეთილგანწყობისა და თავმდაბლობის ფონზე. მის ბრწყინვალე ნაგებობებში არქიტექტურის ათასწლოვანი ტრადიცის მატარებელი ოსტატობა ჩანს. ჩუმი, თავმდაბალი, კეთილი და ხალისიანი პიროვნების მიღმა ძლიერი შემოქმედებითი ცეცხლი გიზგიზებდა და მნიშვნელოვანი ობიექტების სამშენებლო ტენდერებს აგებინებდა. ეს შენობები შემდგომში მის თანამედროვეებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა. მისი მეგობრების აზრით, შესაძლოა პეის, როგორც არქიტექტორის, ყველაზე ძვირფასი თვისება აღქმის უნარი იყო.
როკ ენდ როლის დიდების დარბაზი / Rock and Roll Hall of Fame, Cleveland, USA, 1995
როცა ი.მ. პეის “როკ ენდ როლის” დიდების დარბაზის დაპროექტება სთხოვეს, ის თავიდან ცოტათი ანერვიულდა, ვინაიდან ამ ჟანრის თაყვანისმცემელი არ იყო. მიუხედავად ამისა, ცნობისმოყვარე სული – ი.მ. პეი „Rolling Stone“-ის თანადამფუძნებელ და გამომცემელ ჟან ვენერთან (Jann Wenner) ერთად რამდენიმე როკ კონცერტს დაესწრო. კლივლენდის “როკ ენდ როლის” დიდების დარბაზი პეიმ 1995 წელს დაასრულა.
კატარის ისლამური ხელოვნების მუზეუმი / Museum of Islamic Art, Doha, Qatar, 2008
კატარის ისლამური ხელოვნების მუზეუმის დაპროექტების შეთავაზებისას, ი.მ. პეი არ იყო დარწმუნებული, აეღო თუ არა ეს სამუშაო. დასავლეთ ხელოვნების კოლექციონერმა აღიარა, რომ ისლამურ ხელოვნებაზე ცოტა რამ იცოდა. თუმცა, ამაში მაინც დაინახა მისი, როგორც არქიტექტორის, ზრდის პერსპექტივა და დათანხმდა. ი.მ. პეიმ ისლამური კულტურისა და არქიტექტურის შესასწავლად მთელი მსოფლიო მოიარა და 2008 წელს ისლამური ხელოვნების მუზეუმის მშენებლობა დაასრულა.
სუჯოუს მუზეუმი, ჩინეთი / Suzhou Museum, Suzhou, China, 2006
უნიკალური შენობები, რომელთა საშუალებით ი.მ. პეიმ საკუთარი გრძნობები გადმოსცა, დღემდე ახდენს გავლენას მრავალი თაობის არქიტექტორებზე და ტოვებს წარუშლელ შთაბეჭდილებას ნებისმიერ ჩვენგანზე.