in

7 ანტისტრესული იდეა ინტერიერისთვის

ცხოვრებაში არეულობისა და შფოთვის საკმარისი მიზეზებია, ხოლო გარე სამყაროზე ზემოქმედება, როგორც წესი, ჩვენს ძალებს აღემატება. თუმცა, ამავე დროს ჩვენ შეგვიძლია საკუთარი ინტერიერი შევცვალოთ ისე, რომ შევიქმნათ ერთგვარი სიმშვიდის ზონა. დღეს სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ და განვიხილავთ, თუ რა ელემენტები უწყობს ხელს საცხოვრებელ სივრცესთან კავშირის დამყარებას და ჰარმონიის შექმნას.

მწვანე ელფერები

სასიამოვნო ასოციაციებით გარემოცვა ადვილია, თუ ფერების ფსიქოლოგიას იყენებთ. ამ მხრივ, მწვანე ყველაზე ჰარმონიული ვარიანტია. ჩვენ ამ ფერს ბუნებას, ტყეში ან პარკში გასეირნებას, ზაფხულის მშვიდ დღეებს ვუკავშირებთ. ის გვამშვიდებს, გვეხმარება უძილობასთან ბრძოლაში, უზრუნველგვყოფს უსაფრთხოების განცდით, ხელს უწყობს არტერიული წნევის დაწევას და თავის ტკივილისგან გათავისუფლებასაც კი.

შეგიძლიათ მწვანეს საკმაოდ დიდი სივრცე დაუთმოთ. მისი გამოყენებით დასაშვებია ერთ-ერთი კედლის შეღებვა ან ფანჯრის გაფორმება, ბალახის იმიტაციის მქონე ხალიჩის დაგება ან უბრალოდ ამ ელფერის აქცენტირებული დეტალების დამატება ტექსტილის ან დეკორის სახით.

ამავე დროს, მწვანე მრავალ სხვა ტონთან „მეგობრობს”. ის ყველაზე კარგად მოყავისფრო-ყვითელთან, შავთან, ყავისფერთან, ყვითელთან, ოქროსფერთან და მეწამულთან გამოიყურება.

ცოცხალი ცეცხლი

ცეცხლი გენეტიკურ დონეზე სიმშვიდეს იწვევს. თუ გამოქვაბულში ცეცხლი ანთია, იქნება სითბოც, საკვებიც და უსაფრთხო ადგილიც დასაძინებლად. ამ ცოდნას კაცობრიობა ქვეცნობიერად საუკუნეების განმავლობაში ატარებს. ამიტომ, მაშინაც კი, როდესაც ცეცხლმა სიცოცხლისთვის ასეთი მნიშვნელობა დაკარგა, ის კვლავ იწვევს ჩვენში სასიამოვნო ემოციებს და უსაფრთხოების განცდას.

აუცილებელი არ არის, სახლში სრულფასოვანი ბუხარი გქონდეთ, იმიტაციაც საკმარისია. შეგიძლიათ უფრო ბიუჯეტური ვარიანტებიც შეარჩიოთ, მაგალითად, სანთლები.

თუ ცოცხალი ცეცხლით გამოწვეული შესაძლო უსიამოვნება გაწუხებთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ პროდუქტები, რომლებიც სანთლის ალის იმიტაციას წარმოადგენს. ასეთ აქსესუარებს, ღამის განათების ნაცვლად, ოთახში უშიშრად დატოვებთ.

წყლის მაცოცხლებელი ძალა

კიდევ ერთი ბუნებრივი ელემენტი, რომელიც ადამიანს ამშვიდებს და სულიერი ჰარმონიის პოვნაში ეხმარება, არის წყალი. უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ბუნებრივი წყლის ობიექტებთან მცხოვრები ადამიანები ნაკლებად სტრესული, ბედნიერები და მშვიდები არიან.

ამიტომ, მიზანშეწონილია, ინტერიერში წყალი გამოიყენოთ. ეს შეიძლება იყოს აკვარიუმი თევზით, შიდა შადრევანი, წყლის კედელი და ა. შ. ამ ვარიანტებიდან ნებისმიერი ინტერიერისთვის ღირსეული დანამატი და სტრესის გამკლავების შესანიშნავი საშუალება იქნება.

სხვათა შორის, დამშვიდებისთვის, წყლის ყურებაც კი არ არის აუცილებელი, შეგიძლიათ უბრალოდ მის ხმას მოუსმინოთ. იქნებ ჩვეულებრივი მუსიკის ნაცვლად ოკეანის, წვიმის ან ნაკადულის ბუნებრივი ხმებით დატკბეთ? ასეთი აუდიოჩანაწერები დასვენებისა და განტვირთვისთვის შესაფერისია. შეგიძლიათ ისინი გამოიყენოთ ფონად, როდესაც ყოველდღიური საქმიანობით ხართ დაკავებული.

ტაქტილური შეგრძნებები

ყველამ ვიცით, რა სასიამოვნოა მძიმე დღის შემდეგ თბილ, რბილ და ფუმფულა საბანში გახვევა. თავს მაშინვე უფრო მშვიდად ვგრძნობთ. საქმე ტაქტილურ შეგრძნებებსა და სასიამოვნო ასოციაციებშია.

ამიტომ, სახლში ანტისტრესული ატმოსფეროს შესაქმნელად მხოლოდ ერთი საყვარელი საბნით არ უნდა შემოიფარგლოთ. დაამატეთ თქვენს გარემოს ელემენტები, რომელთა შეხებაც გსიამოვნებთ. შედეგად შეძლებთ, თქვენი საცხოვრებელი ფართით მუდმივად ისიამოვნოთ.

არომატები

არა მხოლოდ ფსიქოლოგებმა, არამედ მარკეტერებმაც დიდი ხანია ჩვენს აღქმაზე არომატების გავლენის შესახებ იციან.

სახლში ჰარმონიული ატმოსფეროს შესაქმნელად მრავალფეროვანი არომატის არ გამოყენება უბრალოდ დანაშაულია. ეს შეიძლება იყოს ბუნებრივი ეთერზეთები, სანთლები, ჩვეულებრივი დიფუზორები და ა. შ. მთავარია, სასურველი არომატი შეარჩიოთ.

მაგალითად, პიტნა და ლავანდა ამშვიდებს და ჰარმონიულ ატმოსფეროს ქმნის. ციტრუსები ეფექტურობისა და კონცენტრაციის გაზრდას უწყობს ხელს. მცენარეული სუნი საშუალებას გაძლევთ აღიდგინოთ ძალა, გაზარდოთ გამძლეობა და მოიხსნათ ნერვული დაძაბულობა.

თუმცა, შეგიძლიათ სხვა გზით წახვიდეთ — ჯერ შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი არომატი, შემდეგ კი მის თვისებებს გაეცანით. იმავდროულად, აუცილებელი არ არის მხოლოდ ბუნებრივ სურნელებზე შეჩერება. თუ რთული პარფიუმერული კომპოზიცია თქვენში სასიამოვნო ასოციაციებს იწვევს, მასზე კონცენტრირდით.

არ დაივიწყოთ კოსმეტიკა და სარეცხი აქსესუარები! კანის მოვლის პროცედურები გაცილებით სასიამოვნო გახდება, თუ თავის დაბანის შემდეგ თქვენს თმას შესანიშნავი სურნელი ექნება და სახეზე სურნელოვან კრემს წაისვამთ.

დაე, სახლში ყველაფერი სასიამოვნო სურნელს აფრქვევდეს: სარეცხი ფხვნილები, ქსოვილის დამარბილებელი და თუნდაც ფეხსაცმლის გასაპრიალებელი ღრუბელი. მაშინ ყოველდღიური საქმეები გაადვილდება და უფრო სასიამოვნო ემოციებს გამოიწვევს.

გლუვი ხაზები

გლუვი ხაზები 2022 წლის ტენდენციაა. თუ მეპატრონეს საცხოვრებლის განტვირთვის ადგილად გარდაქმნა სურს, არჩევანი მის ხელშია. გლუვი გეომეტრია გვაახლოებს ბუნებასთან, სადაც სწორი კუთხეები ძალზე იშვიათია, ხოლო მომრგვალებული კონტურები — საკმარისზე მეტი.

მომრგვალებული თაღოვანი ღიობები, მრგვალი და ნაზად მოხრილი სანათები, სავარძლებისა და დივნის გლუვი საზურგეები, ოვალური ხალიჩა იატაკზე და მომრგვალებული მაგიდა მისაღებში მფლობელზე იმოქმედებს, როგორც ანტრისტრესული საშუალება.

შექმენით კომფორტის ზონა

კონფიდენციალურობა დროდადრო ყველას სჭირდება და არა მარტო ოჯახის სხვა წევრებისგან, არამედ სტრესისგანაც. გახსოვთ, როგორ უყვარდა ბევრ ჩვენგანს ბავშვობაში კარადაში შესვლა და მთელი სამყაროსგან დამალვა?

იდეალურ შემთხვევაში ზრდასრულ ადამიანებსაც სჭირდებათ ასეთი „კარადა”, სადაც უბრალოდ საკუთარ თავთან დარჩენას, ფიქრს, კითხვას და პრობლემების დავიწყებას შეძლებენ. გაანებივრეთ თქვენი შინაგანი ბავშვი და სახლში ასეთი ადგილი გამოყავით. ეს შეიძლება იყოს მყუდრო სავარძელი ან დასაჯდომი სივრცე აივანზე, მინი-ბარი ან უბრალოდ რბილი ბალიში ფანჯრის რაფაზე. ეს ყველაფერი თქვენს პრეფერენციებზეა დამოკიდებული.

ერთადერთი პირობაა, რომ ეს ადგილი მხოლოდ დასვენებასთან და სიმშვიდესთან ასოცირდებოდეს. მისი სხვა ზონებთან გაერთიანება არასასურველია.

და რაც მთავარია, გააბედნიერეთ საკუთარი თავი, არა მარტო სახლში, არამედ ყოველდღიურ აურზაურში. სტრესთან გამკლავების საუკეთესო საშუალება ხომ ჰარმონიული მდგომარეობაა, რომელიც საკუთარ თავს ნებისმიერი ხელმისაწვდომი საშუალებით უნდა მივცეთ.

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

რიჩარდ ნოიტრა — ინოვაციური პროექტების ავტორი

ეკლექტური დიზაინის შექმნის ძირითადი პრინციპები – ნინო პაიჭაძის გიდი