რემონტი საკმაოდ შრომატევადი და ხარჯიანი პროცესია. სწორედ ამიტომ, მისი წამოწყება არ ღირს წინასწარი გეგმისა და სათანადო მომზადების გარეშე. ხოლო იმ შემთხვევაში თუ თქვენ დანამდვილებით გაქვთ გადაწყვეტილი საცხოვრებლის რენოვაცია, არსებობს რამდენიმე მთავარი შეკითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა დაუსვათ საკუთარ თავს:
- შეძლებთ თუ არა ერგონომიული დიზაინის შექმნას დამოუკიდებლად?
თუ თქვენ კაპიტალურ რემონტს ბინის გადაგეგმარებით იწყებთ, ის შეიძლება იმაზე რთული აღმოჩდეს, ვიდრე დიდი საკუთარი სახლის გადაკეთებაა. კედლების კონსტრუქციების ცვლილება პროფესიონალურ ცოდნას მოითხოვს, მაშინაც კი თუ ეს აივნისა და სამზარეულოს უბრალო გაერთიანებაა. თქვენ დროსა და ფულს დაზოგავთ, თუ პროფესიონალ დიზაინერთან ერთად გადაგეგმარების პროექტს წინასწარ მოამზადებთ.
- რა ჩვევებია თქვენთვის მნიშვნელოვანი და რა უნდა მოიმოქმედოთ მათი შენარჩუნებისთვის?
ხშირად ადამიანი საძინებელს ეჩვევა, რომელიც მზის ამოსვლით ნათდება, საუზმობას – რიჟრაჟის თვალიერებისას, ან დილაობით ღია აივანზე სუფთა ჰაერის სუნთქვას. ასეთი მწვრილმანები მნიშვნელოვანია, ხშირად ჩვეული და სასიამოვნო დეტალების არ არსებობა სახლის სიმყუდროვეს ვერ გვაგრძნობინებს, ამიტომ ექსპერტები გვირჩევენ რემონტისა და გადაგეგმარების დაწყებამდე საკუთარ თავს ვკითხოთ თუ რა ჩვევებსა და ნივთებს ვერ დავთმობთ.
- რამდენი დამოუკიდებელი ოთახია საჭირო თქვენი ოჯახისთვის?
დღეს, როცა ადამიანი თავისუფალ სივრცესაა მიჩვეული, ღირს საფუძვლიანი დაფიქრება იმაზე, თუ რამდენი დამოუკიდებელი ოთახი სჭირდება თქვენს ოჯახს და შეგიძლიათ თუ არა მაგალითად, სამზარეულოსა სასტუმრო ოთახის გაერთიანება.
- რამდენად შეეგუებით დაგვიანებულ პროცესებს?
კაპიტალური რემონტი ხშირად დაგეგმილ დროში ვერ ესწრება. ეს არასასიამოვნო, მაგრამ გარდაუვალი მომენტია, ვინაიდან პროცესში ხშირად ბევრი გაუთვალისწინებელი გარემოება იჩენს თავს. ეს შეიძლება ადამიანური ფაქტორი ან სულაც არასაკმარისი ბიუჯეტი იყოს.
იმისთვის, რომ რემონტის ხანგრძლივობა დაახლოებით გამოვთვალოთ, მარტივი ფორმულით შეგიძლიათ ისარგებლოთ:
T = 10 + S (თუ ბინა 35 კვადრატულამდეა)
და
T = 10 + 0,9 S (თუ ბინა 35 კვადრატზე მეტია)
სადაც T – დრო, 10 – დღეები, S – ფართია.
რა თქმა უნდა, გათვლა პირობითია, ვინაიდან რემონტის ხანგრძლივობაზე მხოლოდ ფართი კი არა, არამედ გეგმარების თავისებურება, ბინის საწყისი მდგომარეობა, ტუალეტების, ფანჯრების, კარების რაოდენობა და სხვა მრავალი ფაქტორი მოქმედებს.
- რას გეგმავთ მომავალი 5 წლის განმავლობაში?
ეს არა ფილოსოფიური, არამედ პრაქტიკული შეკითხვაა, ვინაიდან მომავლის ინვესტიციაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ამის ზუსტად ცოდნა შეუძლებელია, მაგრამ თუ ახალგაზრადა ოჯახი ბავშვის ყოლას აპირებს ან ზრდასრულ ოჯახს მშობლების თავისთან გადმოყვანა სურს, დამატებითი სივრცისა და ავეჯის ორგანიზება გახდება აუცილებელი. სწორედ ამიტომ, ამ ნიუანსებზე დაფიქრება რემონტის დაწყებამდეა მართებული.
- რამდენად შეუშლით ხელს მეზობლებს?
ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. არსებობს ხმაურიანი სამუშაოების ჩატარების გრაფიკის ცნება, რომლის დაუცველობა უსიამოვნებების მომტანი იქნება. ამგვარი გრაფიკები სხვადასხვა ქალაქისთვის განსხვავებულია. ახალაშენებულ კორპუსებში ასეთი შეზღუდვები ექსპლუატაციაში შესვლიდან წელიწადნახევრის განმავლობაში არ არსებობს. უმჯობესია ეს საკითხი რემონტის დაწყებამდე შეისწავლოთ.
- მზად ხართ თუ არა დაწყებისთვის?
ცნობილი ანდაზა „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“ რემონტის საქმეში ძალიან აქტუალურია. დაწყების შემდგომ ნებისმიერი კორექტირება პროცესის დროის გაწელვას იწვევს. რა თქმა უნდა, ამას თავს ვერ აარიდებთ, მაგრამ ეცადეთ, ყველაფერი მაქსიმალურად გაითვალისწინოთ, რომ ასეთი გადავადებები მინიმუმამდე დაიყვანოთ.