in

2022 წლის 7 მიკრო-ტენდენცია ინტერიერში

არსებობს გლობალური ტენდენციები, რომლებიც ეკოლოგიაში, ტექნოლოგიაში, კულტურასა და საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს წარმოაჩენს. მათ შორისაა, მაგალითად, პასუხისმგებლობიანი მოხმარება — ტენდენცია, რომელიც ცდილობს, ადამიანის საქმიანობის ყველა სფერო მოიცვას. თუმცა, არსებობს ასევე უფრო დაბალი რანგის — მაკრო-ტენდენციები. ისინი არც თუ ისე ყოვლისმომცველი, თუმცა გავლენიანია. მაკრო-ტენდენცია არის თუნდაც საღებავების ბრენდების ბუნებრივი ელფერებისადმი სიყვარული ან 70-იანი წლების მოდის ტალღა, რომელმაც ინტერიერის დიზაინი მოიცვა. მაკრო-ტენდენციები დიდხანს ცოცხლობს, ვითარდება და ადაპტირდება. ამასთან არსებობს სრულიად მცირე ტენდენციები, რომლებსაც მიკრო-ტენდენციებს უწოდებენ. მათი არსებობის ხანგრძლივობის პროგნოზირება რთულია, თუმცა ასევე ძნელია, არ შეამჩნიო ისინი. დღეს კი 2022 წლის ყველაზე გამორჩეული მიკრო-ტენდენციების შესახებ ვისაუბრებთ.

ფერადი მინა

ჭურჭელი, ლარნაკები, სკულპტურები, სანათების აბაჟურები, ყავის მაგიდის სადგამები, ოთახის ტიხრები — ეს არის ყველაფერი, რაც 2022 წელს შეიძლება ფერადი მინისგან გაკეთდეს. ვინაიდან ტენდენცია ძირითადად დეკორს ეხება, მისი ინტერიერში ინტეგრირება ძალიან ადვილია.

აქტუალურია არა მხოლოდ ახალი კოლექციები მოდის ბრენდებისგან, არამედ ვინტაჟური რელიკვიებიც. რამდენ ხანს იცოცხლებს ტენდენცია, ძნელი სათქმელია.

არქიტექტურული მოტივები

საზღვრები ხელოვნებას, მოდას, არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინს შორის ყოველთვის ბუნდოვანი იყო. არქიტექტურული მოტივების ტენდენცია, რომელიც წელს გაჩნდა, ამის დამატებითი დადასტურებაა.

ხალიჩებზე, ქსოვილებსა და შპალერებზე ჩნდება თაღები, სვეტები, ქანდაკებები, კარიატიდები და ქალაქის შენობების ფასადები. აქტუალურია როგორც ჰიპერრეალისტური, ისე პირობითი სურათები.

სამზარეულო ნათელ ფერში

სამზარეულოს ტენდენციებს შორის ყველაზე შესამჩნევი სამზარეულოს მისაღები ოთახის გაგრძელებად გარდაქმნა იყო. არ არის საჭირო, რომ სამზარეულოს ავეჯი შეუმჩნევლობისკენ ისწრაფოდეს. “Color-block”-ის პოპულარობის ფონზე, დიზაინერები ექსპერიმენტებს ატარებენ და სამზარეულოს კარადებს მდიდარ, რთულ ფერებში აფორმებენ.

მნიშვნელოვანი საკითხი — სამზარეულოს ნათელი ფერის ავეჯი მოდურია, თუ ის პრიალა არაა.

ლითონების შერევა

ადრე სანათები, ონკანები და სხვა ლითონის ელემენტები ერთ ფერში იყო წარმოდგენილი. თუ სპილენძი, მაშინ მხოლოდ სპილენძი. თუ ბრინჯაო, მაშინ “ბრინჯაოს ხანა” მთელ ბინაში. დიზაინერებმა გადაწყვიტეს სხვა გზით წასულიყვნენ და ჩათვალეს, რომ სხვადასხვა ლითონების ერთ სივრცეში გამოყენება არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ მოდურიცაა. ასეთი მიკრო-ტენდენციები ცხოვრებას ამარტივებს.

ფილების ვერტიკალურად განლაგება

დიზაინერები ამტკიცებენ, რომ ფილების ვერტიკალურად განთავსება საშუალებას მოგცემთ, კედლები ვიზუალურად „გაჭიმოთ“ და ჭერი აამაღლოთ. ან იქნებ მათ უბრალოდ ცოტა მოსწყინდათ კლასიკური ჰორიზონტალური სტილი.

შპალერი სააბაზანოში

სააბაზანო, ისევე როგორც სამზარეულო, სულ უფრო მეტად ემსგავსება საცხოვრებელ ოთახებს. სააბაზანოს თანამედროვე პროექტებში შეხვდებით ჭაღებს, სასადილო სკამებს, კომოდებს, ხალიჩებს, სახლის მცენარეებს, ნახატებსა და შპალერს. სველ ადგილას შპალერი ნამდვილად არ ჰგავს გამძლე არჩევანს, თუმცა თუ კედელი პირდაპირ არ ურთიერთქმედებს წყალთან, შეგიძლიათ წყალგაუმტარი შპალერი თამამად გამოიყენოთ.

თუ სააბაზანოში კლასიკური შპალერის გამოყენებისთვის მორალურად მზად არ ხართ, რეცხვისადმი გამძლე მინაბოჭკოვანი შპალერი სცადეთ. მათი ნდობა ნამდვილად შეიძლება.

დაბალი დივნები

სტატიის დასაწყისში უკვე აღვნიშნეთ გასული საუკუნის 70-იანი წლების ნოსტალგია, რომელიც დღემდე აქტუალურია. ამ რეტროსპექტივამ მრავალი მიკრო-ტენდენცია წარმოშვა, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაბალი მოდულური დივნებია.

სწორედ ეს დიზაინები იყო პოპულარული ნახევარი საუკუნის წინ ამერიკულ და ევროპულ ინტერიერებში. ეს არის ჰიპების ეპოქის სულისკვეთებით აღსავსე ავეჯი მშვიდი ცხოვრების წესისთვის — ასეთი დივანი მასზე წამოწოლის სურვილს აღძრავს. მოდულური დიზაინი საშუალებას გაძლევთ, ოთახის ნებისმიერი ნაწილი დასვენების ზონად აქციოთ. წვეულებისთვის ოთახის მზადყოფნა ასევე იმ დროის ერთ-ერთი საკულტო ტენდენციაა.

ზოგიერთი მიკრო-ტენდენცია რამდენიმე სეზონის განმავლობაში ცოცხლობს, ზოგი მომხმარებელთა გულებს იპყრობს და ჩვენთან დიდხანს რჩება, ზოგი მათგანი კი მაკრო-ტენდენციების ამოსავალი წერტილი ხდება. იმას, თუ რომელ კატეგორიაში მოხვდება ჩვენ მიერ ზემოთ განხილული თითოეული ტენდენცია, დრო გვიჩვენებს.

MUA-ს ნავსაყუდელი Archilovers-ის 2022 წლის რჩეულ პროექტთა სიაში მოხვდა

ფრანგული კარი – დადებითი და უარყოფითი მხარეები