დღეს დიზაინის ისეთი დონის ვარსკვლავების ხედვა გვინდა შემოგთავაზოთ, როგორებიცაა ჯოზეფ დირანდი და აქსელ ვერვორდტი. თავიანთი თამამი და ინდივიდუალური მიდგომით ისინი განუმეორებელ დიზაინს ქმნიან. ვფიქრობთ, საინტერესო იქნება ასეთი პროფესიონალებისგან რჩევების მოსმენა.
1. პატივი ეცით ტრადიციებს
„მე ვთვლი, რომ ღრმად კლასიკური ადამიანი ვარ“ – ამბობს იტალიელი არქიტექტორი, დიზაინერი და მხატვარი ვინჩენცო დე კოტისი, რომლის ნაშრომებიც ერთდროულად ღრმად რომანტიკულიცაა და თანამედროვეც. „მიმაჩნია, რომ ყველაფერი რასაც მე ვქმნი, იტალიურ სულს ატარებს“.
არქიტექტორმა ტოსკანაში მე -18 საუკუნის სასახლე აღადგინა. მისი მიდგომა თანამედროვე ელემენტების სახლის ორიგინალურ მასალებთან და ფერებთან შერწყმას გულისხმობს. „ჩემი პროექტები, თითქმის ყოველთვის არსებულისა და თანამედროვეს სპონტანური ურთიერთქმედებით იბადება, ამიტომ საბოლოო შედეგის განჭვრეტა ხშირად შეუძლებელია. ძალიან მიყვარს გადამუშავებული მასალები. ასევე ნატურალურ და ადგილობრივ მასალებთან მუშაობა“.
2. იპოვეთ ბალანსი
„მე კლასიკური ფესვების მქონე დაბალანსებულ სივრცეებს ვქმნი“ – ხსნის ფრანგი არქიტექტორი და დიზაინერი ჟოზეფ დირანი. ის პარიზში, ნიუ-იორკსა და ტოკიოში ყველაზე დახვეწილი სასტუმროების, სავაჭრო სახლებისა და სასტუმრო სივრცეების სულის ჩამდგმელია. სივრცის შექმნას კეთილშობილი ნაგებობიდან იწყებს და მის გაცოცხლებას ქვით, მარმარილოთი და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით ახერხებს. მის მყუდრო საცხოვრებელში, თანამედროვე ხელოვნების საკუთარ კოლექციას ნეიტრალური ფერების ტონებით აბალანსებს (კრემისფერი, ბაცი მწვანე და მოცისფრო-მორუხო), რათა თითოეული ნივთი მომხიბვლელი გახადოს.
3. ამოარჩიეთ ანტიკვარიატი
„ძველი დრო რაღაც ახლის შექმნას შთამაგონებს“ – ამბობს ბელგიელი დიზაინერი აქსელ ვერვორდტი, რომელიც კანიე უესტის, კელვინ კლეინისა და რობერტ დენიროს ინტერიერების შემოქმედია. „მე ვთვლი, რომ ანტიკვარული ნივთები ინტერიერს ათანამედროვებს. ასეთი ნივთები წარსულზე არანაკლებად გვიყვებიან აწმყოსა და მომავალზე“. ის თანაბრადაა გატაცებული ეკოლოგიით, აღმოსავლური ფილოსოფიითა და ხელოვნებით. ვერვორდტი შეყვარებულია მინიმალიზმზე და ეკოლოგიურობაზე.
4. გააფერადეთ ის
„მე ყოველთვის ვსარგებლობ კორბუზიეს ფერების რუქით“ – ამბობს ფრანგი დიზაინერი პიერ იობანოვიჩი, რომელიც პიერ კარდენის მამაკაცური ტანსაცმლის განყოფილების ხელმძღვანელი იყო. მას საოცარი გუმანი და ფერთა არჩევის გენიალური უნარი აქვს. ამას მისი ბოლოდროინდელი პროექტიც მოწმობს, რომელიც საფრანგეთში მე-19 საუკუნის ფერმერული სახლის რეკონსტრუქციას მოიცავდა. მოქუფრული ტონების ფართო დიაპაზონიდან, იოვანოვიჩის ფერთა კომბინაცია ფერთა თამამი შერწყმის მაგალითია, რომელიც ქაღალდზე საშინელია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ზღაპრული.
5. იაზროვნეთ მასშტაბურად
ფრანგი არქიტექტორი და დიზაინერი ინდია მახვადი ცნობილია ფერთა შერჩევის ტალანტით. თავისი ვილის რემონტისას ტრადიციულ გადაწყვეტილებებზე უარი თქვა და მოულოდნელი გზა ამოირჩია. „ჩემს პროფესიას ყველა ფერებთან აიგივებს, ამიტომაც აქ მონოქრომული ინტერიერი შევქმენი“ – ამბობს ის.
სივრცეში გეომეტრიული შავ-თეთრი ფილის გამოყენებით, მახვადიმ დასასვენებელ სახლში ახალი ენერგიის შეგრძნება შემოიტანა. ყველა ოთახში განთავსებული როტანგის ავეჯის მეშვეობით უცვლელი ხასიათი შექმნა.
6. დარჩით ღია ახალი იდეებისთვის
„მე ვუყურებ ოკეანეს და შთაგონებას ვიღებ“ – ამბობს კელლი უირსტლერი, რომლის ნამუშევრები ძვირფასი ავეჯიდან სასტუმროების დიზაინამდე დიაპაზონს მოიცავს. „მაგრამ თქვენ უნდა აზროვნებდეთ და შეინარჩუნოთ თვითმყოფადი გონება. ეს ისაა, თუ როგორ აღიქვამ საგნებს“. დიზაინერისთვის, რომლის კლიენტურის სიაში კამერონ დიაზი და გვენ სტეფანი შედის, დიზაინისადმი სადა, კალიფორნიული მიდგომაა დამახასიათებელი. მასში სამუშაო ეთიკა და სამყაროსადმი დაუოკებელი ინტერესი გამოსჭვივის. „მე მიყვარს ყოველი პროექტის განსხვავებულად კეთება, ეს კარგია, რადგან კლიენტი, არქიტექტურა, ასევე ადგილმდებარეობა და ხედი ჩემი შთაგონებაა“ – ამატებს ის.
7. ისიამოვნეთ არასრულფასოვნებით
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სივრცეს თავისი ხასიათი და ინდივიდუალურობა ჰქონდეს, რომელსაც შემდგომ შევავსებთ. ბზარი, ნაკვეთი და ლაქა ისტორიის ნაწილია. მაგალითად, ხის იატაკები ასაკის მატებასთან ერთად იხვეწება“ – ამბობს ბრიტ მორანი, მილანური დიზაინერული დუეტის “Dimore Studio”-ს პარტნიორი.
სინამდვილეში, როცა პარტნიორთან ერთად სახლს ეძებდნენ, მისი ისტორია უპირატესი იყო. „ჩვენ ვეძებდით ადგილს, სადაც მისი ისტორიისა და ყოფილი მაცხოვრებლების კვალის შეგრძნება იქნებოდა შესაძლებელი“ – ამბობს მორანი. შემოქმედი წყვილი ისეთ დამკვეთებთან მუშაობდა, როგორიცაა „Fendi“, „Hermès“, „Cire Trudon“ და სხვა. სახლში სისადავეს იცავენ. „ჩვენ ელექტრობა განვაახლეთ, მეტი არაფერი. დანარჩენი შევინარჩუნეთ, კარის სახელურები და მოახლეების ზარებიც კი“, – ამბობს მორანი.
8. იპოვეთ თქვენი გატაცება
ყველას რომ ერთნაირი გემოვნება ჰქონოდა, სიცოცხლე მოსაწყენი იქნებოდა. ინტერიერის ბრიტანელი დიზაინერი კელლი ხოპპენი დიდი ხანია მორუხო-მოყავისფრო ფერს ეტრფის, რომლის გამოყენება მას თავის ლონდონურ სახლში არ ერიდება. „ამ ფერს ჩემს თავთან ვაიგივებ. ჩემთვის ეს საოცარი ფერია. მომხიბვლელი და დამამშვიდებელი. ის ჩემი საყვარელი შავი კაბასავითაა, ყველაფერს უხდება“, – ამბობს ის ამ მშვიდ ფერზე.
თავისი სახლის თეთრის, ბეჟის, რუხის, ბაცი ვარდისფრის, ცისფრის, ფორთოხლისფრის, მწვანის, ბრონზესფრის და მოვარდისფრო ოქროსფრის ელფერებით შევსებისას, ხოპპენმა მუშაობისთვის იდეალური ატმოსფერო შექმნა. „ეს პალიტრა ჩემთვის სამოთხესავითაა“ – ამბობს ის. „ეს იტალიელი მამაკაცის მსუბუქ და ელეგანტურ სტილს მაგონებს“.
9. გარისკეთ
სტილი მას სისხლში აქვს. მისი მამა „Vogue Paris“-ის რედაქტორი იყო და კეთილშობილი წარმომავლობა, გასაკვირი არ არის, რომ ფრანგი ინტერიერების დიზაინერი სარა ლავუანი მის დარგში დიდი მოთხოვნით სარგებლობს. მან საკუთარი ფირუზისფერი ელფერიც კი შექმნა, რომელსაც „Bleu Sarah“ ეწოდა. მისი ტალანტი სხვისი სახლების გაფორმებაშიც ჩანს. ფერების, გრაფიკისა და ვირტუოზული მიდგომით ცნობილი ლავუანი რისკზე წასვლას არ უშინდება.
როგორც ამ პარიზულ სახლში, სადაც მაროკოელი მხატვრის – ფატია ტახირის ჭიანჭველას გიგანტური სკულპტურა სასტუმროს კედელს ეკვრის. „ეს ცივი შხაპივითაა“, – აღიარებს ლავუანი. „გარისკვა ყოველთვის კარგია, – განაგრძობს ის. „საბოლოო შედეგში ეკლექტური სული იგრძნობა“.