ცივ ამინდში სახლში სითბოს თანაბარი განაწილება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. თანამედროვე გათბობის სისტემები მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ, მაგრამ სწორი სისტემის შერჩევა ყოველთვის მარტივი არ არის. იატაკქვეშა და კედლის გათბობის სისტემები ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა. ორივე ვარიანტი შესაძლოა მუშაობდეს როგორც ელექტრო ენერგიაზე, ისე წყლის მილებით. დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ იატაკქვეშა ელექტრო და კედელში ჩაშენებულ ელექტრო გათბობის სისტემებს.
როგორ მუშაობს თითოეული მათგანი?
კედლის ელექტრო გათბობა ინოვაციური გადაწყვეტაა გათბობის ტექნოლოგიაში, რომელიც გამოიყენება როგორც საცხოვრებელ, ისე საოფისე თუ სასაწყობე ფართებში. კედლის გათბობის პანელები ვიზუალურად სტანდარტული თაბაშირ-მუყაოს ფილაა, რომელშიც გამათბობელი ელემენტებია მოთავსებული. თითოეული პანელი შედგება ქვედა ნაწილში განლაგებული კოლექტორისგან, რომელიც წრედში გამავალი წყლიდან გადასცემს სითბოს თაბაშირ-მუყაოს ფილაში მოთავსებულ გამათბობელ ელემენტებს. ის კი თავის მხრივ კოლექტორიდან მიღებულ სითბოს ფირფიტის მთელ ზედაპირზე ანაწილებს. კედლის ამგვარი გათბობის სისტემა მუშაობს ინფრაწითელი სითბური გამოსხივების პრინციპით, რაც სივრცეში კომფორტულ ტემპერატურას ქმნის. აღსანიშნავია, რომ სისტემა მტვრის კონვექციას არ იწვევს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად.
იატაკქვეშა გათბობა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სისტემა გახდა თანამედროვე სახლებში. იატაკის ქვეშ დამონტაჟებულია ელექტრო კაბელები, რომელიც დენზე არის მიერთებული. ელექტროენერგია ათბობს იატაკქვეშ გამავალ სადენებს, რაც თავის მხრივ, ათბობს იატაკს და საბოლოოდ, ოთახს. ამგვარ გათბობას უწოდებენ მშრალ სისტემასაც. იატაკის ელექტრო გათბობა უზრუნველყოფს სითბოს თანაბარ განაწილებას მთელ სივრცეში, რაც უფრო ეფექტურს ხდის მას.
მონტაჟის სპეციფიკა
კედლის პანელების მონტაჟი მარტივია და დამატებით აღჭურვილობას არ მოითხოვს. მათი დამაგრება მზიდ კონსტრუქციაზე შესაძლებელია როგორც ხრახნებით, ასევე თაბაშირის წებოთი. წყლის მიმოქცევა სტანდარტული პლასტმასის არმირებული მილებით ხორციელდება, რომელიც აკავშირებს პანელებს ერთმანეთს და უერთდება გათბობის საერთო ქსელს. კოლექტორები შესაძლოა დამალული იყოს იატაკში ან განთავსდეს იატაკის დონეზე და დაიფაროს კალთა დაფებით. პანელების ჩაშენება შეგიძლიათ კედლების, ტიხრების და სხვენის დახრილი ზედაპირების მოპირკეთებისას.
იატაკქვეშა ელექტრო გათბობის შემთხვევაში თუკი ის ძირითადი სისტემაა, ელემენტები მონტაჟდება თბოსაიზოლაციო მასალაზე, სპეციალურ რულონზე და შემდეგ იჭიმება იატაკი. იმ შემთხვევაში თუ ის დამატებითი გათბობის სისტემაა, ელემენტები ბადეზე მაგრდება და პირდაპირ ფილების ან გრანიტის ქვეშ იგება. კაბელები თხელია, საჭიროებს მინიმალურ ცვლილებას იატაკის საფარზე. ამგვარი გათბობის სისტემის დასაყენებლად ხელოსნის დროული ჩართულობაა საჭირო, რადგან გათბობის სისტემის სიმძლავრე თავიდანვე უნდა იყოს განსაზღვრული. თუ დაგვიანებით მოხდა ხელოსნის ჩართვა, იატაკის ელექტრო გათბობის სისტემა მთავარ გათბობად ვეღარ დაყენდება, დამონტაჟდება დამხმარე გათბობად, რომელსაც დასჭირდება მთავარი გათბობის სახით, სხვა გათბობის სისტემის დაყენება.
ენერგიის მოხმარება და ბიუჯეტი
კედლის გათბობა ინფრაწითელი სითბური გამოსხივების თანამედროვე წყაროა და ის ადამიანის კანზე მზის სხივების მსგავსად ეფინება, სწორედ ეს უზრუნველყოფს სითბოს განაწილებას სივრცეში. აღსანიშნავია, რომ 1 პანელის სითბური სიმძლავრე 200 ვატია, რაც სავსებით საკმარისია 3 მ2 ფართობის გასათბობად, რის მიხედვითაც 20 მ2 ფართობის გასათბობად 6 მოდულიც კი საკმარისია. წყალი მხოლოდ კოლექტორის ქვედა ნაწილში ცირკულირებს და თითო პანელზე 33 მლ-ს შეადგენს, ამის წყალობით უფრო სწრაფად იღებთ ოთახში სასურველ ტემპერატურას და მინიმუმამდე ამცირებთ გათბობის ხარჯებს. კედლის პანელებისთვის საკმარისია კოლექტორში მისაწოდებელი წყლის მცირე რაოდენობის გაცხელებაც კი, რაც ენერგიის მოხმარებას მინიმუმ 15%-ით ამცირებს. 1 მ2 კედლის პანელის ღირებულება 130 ლარია, რაც მოიცავს პროექტირებას, მასალასა და მონტაჟს.
იატაკის ელექტრო გათბობის ფასი დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა: მონტაჟის სპეციფიკა, სადენების ზომა, სივრცის ფართობი, თერმოსტატის სახეობა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, საშუალოდ, 12-ის ფასი 80 ლარიდან იწყება. რაც შეეხება ენერგიის დახარჯვას, 1 მ2-ზე საათში წვავს 160 ვატს.
დაბოლოს, ცხრილის სახით წარმოგიდგენთ იატაკქვეშა ელექტრო და კედლის ელექტრო გათბობის უპირატესობებს:
კედლის გათბობა | იატაკქვეშა გათბობა |
ხელს უშლის მტვრის კონვექციას. | სისტემა უსაფრთხოა სივრცეში ავეჯისა და ტექნიკის განსათავსებლად. |
საკმარისია წყლის მცირე რაოდენობის გათბობაც, რაც ენერგომოხმარებას 15%-ით ამცირებს. | სითბოს ზუსტი კონტროლი თერმოსტატით არის შესაძლებელი. |
ჰაერი ინარჩუნებს ოპტიმალურ ტენიანობას, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი გარემოს შექმნას. | იატაკიდან იწყებს სითბოს გამოყოფას, რაც ხელს უწყობს სითბოს უფრო ეფექტურ შენარჩუნებას. |
პანელების დამაგრება სწრაფი და ნაკლებ ხარჯიანია. | ბიუჯეტიდან გამომდინარე, იდეალურია მცირე მოცულობის სივრცეებში, რასაც სწრაფად გაათბობს და ხარჯიც ნაკლები იქნება. |