ემა სიმს-ჰილდიჩი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, House and Gardens-ის მიერ საუკეთესო 100 ინტერიერის დიზაინერს შორის დასახელებული დიზაინერია.
მან უნაკლო, თანამედროვე და მშვიდი ინტერიერის დიზაინის პროექტის შექმნის „რეცეპტი“ გაასაჯაროვა, რომელშიც ამხელს, თუ რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ პროექტზე მუშაობისას და პირიქით – რა უნდა გავაკეთოთ. ამ რჩევებს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:
რჩევა #1: არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს
„მე მუდამ ვაკვირდები გარემოს, რათა შთაგონება მივიღო. იქნება ეს ქალაქგარე, ფერებით სავსე სახლი თუ მცირე, “smart” დიზიანით შექმნილი სასტუმრო. ფლორენციაში ბოლო ვიზიტისას ინსპირაცია სასტუმრო „JK Place”-ის კედლის პანელისგან მივიღე და ის ახალ, სოფელში მდებარე სახლის პროექტზე მუშაობისას გამოვიყენე. თვალები გაახილეთ, გადაიღეთ ბევრი ფოტო ან შექმენით იდეების ალბომი Pinterest-ზე – ექსპერიმენტირება ინტერიერის დიზაინისთვის უმნიშვნელოვანესია“.
რჩევა #2: შექმენით სიმშვიდის ოაზისი
„ვცდილობ, თავი მუდამ ავარიდო ხმაურსა და ყველა დეტალს, რომელიც ვულგარულად თვალშისაცემია. არაა აუცილებელი, რომ ფერთა მშვიდი პალიტრა მოსაწყენი იყოს, მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე წყნარი და ნეიტრალური ფერი ლურჯია, რომლის მრავალი ვარიაციის გამოყენება შეიძლება. ლურჯი ფერი ძირითადად საძინებელ ოთახებში გამოიყენება ხოლმე, თუმცა ვფიქრობ, რომ ღია ლურჯისა და ლურჯ-ნაცრისფერი ტონების გამოყენება სხვა ოთახებშიც არანაკლებ მისაღებია. გარდა ამისა, მშვიდი ინტერიერის შესაქმნელად კონტრასტის შექმნაც კარგი მეთოდია. ამის მისაღწევად კარგი მეთოდია რომელიმე ავეჯისა ან დიდი აქსესუარის კედელზე მუქ ფერში შეღებვა, რაც კონტრასტსაც ქმნის და თვალსაც ამშვიდებს.”
რჩევა #3: ნაკლები ხშირად მეტია
„მომწონს ისეთი სივრცეების შექმნა, რომლებიც სიცოცხლის მჩქეფარე და ქაოტური ტემპისგან დაფარულია და მშვიდ ენერგიას ასხივებს. იფიქრეთ იმაზე, რომ ნაკლები ტექნოლოგიით დააკომპლექტოთ ინტერიერი, ისაუბრეთ მეტი და მცირე დრო დახარჯეთ სმარტფონებისა თუ iPad-ების ეკრანების ცქერაში. ვცდილობ, დავფარო თანამედროვე ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ელემეტები, მაგალითად, სამზარეულოების პროექტებზე მუშაობისას ტექნოლოგიის დასატენ ჩამრთველებს ყოველთვის კაბინებში ვათავსებ და არა გამოსაჩენ ადგილას.“
რჩევა #4: გამოკვეთეთ სინათლე
„ჩემი პრიორიტეტების სიაში კარგი განათების შექმნა ყოველთვის პირველ ადგილს იკავებს. სინათლე ნებისმიერ სქემაში ქმნის დრამასაც და ძლიერ ატმოსფეროსაც. ცუდი განათების მქონე სივრცეებს საოცრად შეუძლიათ ამაღლებული განწყობის განადგურება, ამიტომ ვცდილობ, ოთახებში მინიმუმ სამი სინათლის წყარო გამოვძებნო – კედლის სანათი, მაგიდის სანათი და პატარა ნათურები ჭერზე. უფრო თანამედროვე სივრცის შესაქმნელად გამართლებულია ასევე კიბეების, კარის ჩარჩოებისა და ბუხრების განათების დამონტაჟებაც, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ არც გადამეტებაა კარგი, ამიტომ თუ ეჭვები გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ განათების დიზაინერს – ეს ყოველთვის კარგი ინვესტიციაა.”
რჩევა #5: გაამრავალფეროვნეთ ინტერიერი ხელოვნების ნიმუშებით
“მეტი ხელოვნება სახლს სიცოცხლეს მატებს და მეტყველებს მისი მფლობელების გემოვნებაზე, პიროვნებებსა და ინტერესებზე. იფიქრეთ სხვადასხვა კოლექციების კედლებზე განთავსებაზე. კარგი კოლაჟის შესაქმნელად რეკომენდაციას ვუწევ ყველა გამოსაყენებელი ფოტოს ერთად, იატაკზე გაფენას და კომპოზიციის დალაგებას, რათა მომავალი ინსტალაციის უფრო ფართო პერსპექტივა შეიქმნათ. ასევე, თუ ჭერის სიმაღლე ამის საშუალებას იძლევა, ძალიან მომწონს კარის მაღლა სურათების დაკიდებაც.“
რჩევა #6: გამოკვეთეთ ხედი
“თუ თქვენს სახლს ლამაზი ხედი აქვს, აუცილებლად ისე უნდა შეადგინოთ ინტერიერის დიზაინის პროექტი, რომ ის ლანდშაფტს ჰარმონიულად ეწყობოდეს. სწორედ ამიტომ, ჩემს დამკვეთებს ხშირად ვთავაზობ ბაღის მოწყობასაც.”
რჩევა #7: ყოველ ოთახში უნდა გვქონდეს წიგნები
“სტოკჰოლმში მოგზაურობისას, ერთ-ერთ სასტუმროში შევნიშე, რომ აბსოლუტურად ყველა ოთახში მხვდებოდა წიგნები, თანაც მათ არამხოლოდ დეკორაციად, არამედ სხვა დანიშნულებებითაც იყენებდნენ – ღვინის ჭიქის დასადებად, სათვალის მოსათავსებლად… წიგნები ყველა ინტერიერს სძენს პიროვნულობას და თქვენი და თქვენი შეხედულებებისა და ინტერესების გამოძახილს წარმოადგენენ.”
რჩევა #8: არ მოერიდოთ ანტიკური ნივთების გამოყენებას
“თანამედროვე დიზაინში ძველი ნივთები იშვიათად გვხდება, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან სწორედ ახალ სტილთან კონტრასტი სძენს ანტიკურ ავეჯსა თუ აქსესუარებს კონტრასტის შექმნის ძალას. გირჩევთ ძველი შპალერისა და სავარძლების გამოყენებას და მათ შეხამებას 21-ე საუკუნის ელემენტებთან. ეს თქვენს ინტერიერს აუცილებლად დაუვიწყარს გახდის.”