in

მაღალბიუჯეტური რემონტი როგორც მომგებიანი ინვესტიცია – ქრისტინე მორჩაძის პროექტი უნივერსიტეტის ქუჩაზე

თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უბანში, საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე, ინტერიერის დიზაინერმა ქრისტინე მორჩაძემ შექმნა სრულყოფილი საცხოვრებელი სივრცე, რომელიც დამკვეთის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. პროექტი საინტერესოა არა მხოლოდ მისი ვიზუალური მხარით, არამედ კომერციული მიზნებისთვის გათვლილი კონცეფციითაც.

როგორც ქრისტინე მორჩაძე გვიამბობს, ბინის მეპატრონის მთავარი სურვილი იყო, რომ მიუხედავად ფართის სიმცირისა, სამზარეულო იზოლირებული ყოფილიყო მისაღები ოთახისგან. ასევე ბინა გათვლილი იყო კომერციული მიზნებისთვის, შესაბამისად, დამკვეთს სურდა, მაღალი ხარისხის მასალებისა გამოყენება და დახვეწილი დიზაინის შექმნა.

რაც შეეხება გეგმარებას, ბინა 60.7 კვ.მ ფართობს მოიცავს, საიდანაც 8 კვ.მ. აივანია. ძირითადი საცხოვრებელი ზონა 52.7 კვ.მ-ს შეადგენს და მოიცავს ერთ საძინებელს (13.8 მ²), საგარდერობე ოთახს, სრულად აღჭურვილ აბაზანას (4.8 მ²), იზოლირებულ სამზარეულოს (8.1 მ²) და ღია გეგმარების მქონე ჰოლსა და მისაღებ ოთახს (26.1 მ²). შესასვლელში განთავსებულია ფუნქციური კარადა საკიდებითა და რბილი სკამით.

დიზაინერმა პროექტი ე.წ. “თეთრი კარკასის” მდგომარეობაში ჩაიბარა და სამუშაოების დასაწყის ეტაპზე რიგი ცვლილებები განახორციელა: დაგრძელდა სამზარეულოსას და ჰოლის გამყოფი კედელი, დამონტაჟდა დეკორატიული ტიხარი, მოეწყო კომუნიკაციები და დანაწილდა ელექტრო წერტილები.

ინტერიერში გამოყენებული მასალები და ფერები განსაკუთრებულ კომფორტსა და სიმყუდროვეს ქმნის. ყურადღებას იქცევს მისაღები ოთახის კედელი, რომელიც დეკორირებულია არასტანდარტული ტექნიკით. აქვე გხვდება სპეციალურად ამ ბინისთვის ესპანელი მხატვრის მიერ შექმნილი უნიკალური ტილო ქალის სილუეტით. კრემისფერ და ტერაკოტას ფერებში შეკერილი დიდი დივანი, ტყავის დეტალებით დამზადებული ჭაღი და ხის ელემენტებით გაფორმებული ავეჯი ინტერიერს ბუნებრივ შტრიხებს მატებს.

სამზარეულოში გამოყენებულია ღია ყავისფერ-თეთრი ტონალობის ფილები, რომელთა ფორმის ინსპირაცია გახდა რკინისა და შუშის ტიხარი, რომელიც სამზარეულოს მისაღები ოთახისგან გამოყოფს. ჩაშენებული ტექნიკა და ზონალურად განლაგებული კარადები კი ქმნის ფუნქციურ და მოსახერხებელ სივრცეს.

საძინებელში განთავსებულია იტალიური საწოლი მაღალი ხარისხის მატრასით, რაც სრულფასოვანი დასვენების გარანტიას წარმოადგენს. სივრცის ოპტიმიზაციის მიზნით, მოწყობილია დამოუკიდებელი საგარდერობე, რაც ოთახის მოწესრიგებულ და ჰარმონიულ იერს ინარჩუნებს.

როგორც ქრისტინე მორჩაძე გვიამბობს, მაღალი ბიუჯეტით შესრულებული რემონტი დამკვეთისთვის წარმატებულ ინვესტიციად იქცა. ინტერიერის დახვეწილი გადაწყვეტა, პრემიუმ მასალები და კომფორტულად მოწყობილი სივრცე საშუალებას აძლევს მფლობელს, ბინა უფრო მაღალ ფასად გააქირაოს. ეს კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კარგად დაგეგმილი ინტერიერი არა მხოლოდ ესთეტიკის, არამედ ფინანსური სარგებლის მომტანიცაა.

პროექტის ავტორი: ქრისტინე მორჩაძე

დიზაინ სტუდია: KM Interior Design 

სარემონტო ჯგუფი: Kminteriordesign by Kristine MORCHADZE 

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

სახლი ატლანტიკური ტყის შუაგულში — Studio Arthur Casas-ის პროექტი

რა სირთულეებთან არის დაკავშირებული სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების წარმოება ზამთრის პერიოდში?