in

“SETURIstudio”-ს რე-დიზაინი – პიტო სეთურის მორიგი შთამაგონებელი ნამუშევარი ალექსი მაჭავარიანის ქუჩაზე

ალექსი მაჭავარიანის ქუჩაზე მდებარე სტუდიის პროექტს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. დღეს აღნიშნული სივრცის განახლებულ დიზაინს შემოგთავაზებთ, რომელზეც პიტო სეთურმა იმუშავა.

როგორც პროექტის ავტორი გვიამბობს, მთავარ ამოცანას მულტიფუნქციური სივრცის შექმნა წარმოადგენდა – ერთმანეთთან ჰარმონიულად უნდა ყოფილიყო შერწყმული საცხოვრებელი და სამუშაო ზონები. ინტერიერი უნდა ყოფილიყო მინიმალისტური, მაგრამ ამავდროულად მაქსიმალურად ფუნქციური. ამ მიზნის მისაღწევად მოხდა სივრცის ფუნქციონალური გადანაწილება და სწორად ათვისება.

პროექტი განახლების შემდეგ

განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სამზარეულო გახდა მთლიანი ოთახის ნაწილი როგორც ე.წ. “Gallery wall” და აღარ არის გამოყოფილი ცალკეულად. ძველი სამზარეულოს ადგილი დაიკავა საძინებელმა და სათავსომ.

პროექტი განახლების შემდეგ

ასევე შეიცვალა აბაზანის შესასვლელი მხარე. განახლებულ პროექტში შესვლა ხდება ცენტრალური შემოსასვლელის მხრიდან, შესაბამისად აღარ არის დაკავებული კედელი, რომელიც ახლა საძინებლის ზონაშია. საინტერესოა აბაზანის ჭერი, რომელიც მინით არის დაფარული. ეს გადაწყვეტა საშუალებას იძლევა, რომ აბაზანის სივრცე უფრო ნათელი იყოს და ამას გარდა, ქმნის გარე სივრცის ილუზიას. აბაზანის სახურავზე განთავსებულია უმშვენიერესი 14 წლიანი მცენარე “მონსტერა”, რომელსაც სივრცეში ეგზოტიკური განწყობა შემოაქვს.

სივრცე ფუნქციურად ბოლომდე ათვისებულია – ყველა შესაძლო ზონაში მოხდა სათავსოების დამონტაჟება, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალია მსგავსი ტიპის პროექტებში.

ინტერიერის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ მიუხედავად მკაფიო ზონირებისა, მასში იგრძნობა სივრცის ერთიანობა. სიდიდის აღქმას ხელს უწყობს 5 მეტრიანი ჭერი და 3 საკმაოდ მოზრდილი ფანჯარა, რომლებიც ბუნებრივი განათების წყაროს წარმოადგენს.

ინტერიერში გამორჩეულ ყურადღებას იპყრობს სამზარეულო. განსაკუთრებით საინტერესოა ავეჯის ფასადზე გამოყენებული მასალა, რომელიც საკმაოდ უცხო ვიზუალით გამოირჩევა და ულამაზეს ანარეკლს ქმნის მასზე მზის შუქის მოხვედრისას.

 

აღსანიშნავია, რომ ინტერიერში ჭერი შენარჩუნებულია პირვანდელი სახით, რაც სივრცის სიძველეს უსვამს ხაზს. ძველისა და ახლის სინთეზი კი პროექტს კიდევ უფრო განსაკუთრებულ ელფერს სძენს.

ამ ეტაპზე აღნიშნული სივრცე გასაყიდად არის გამოტანილი. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე.

პროექტის ავტორი: პიტო სეთური

ფოტოგრაფი: ლაშა გიგაური

მიკრო საცხოვრებლები, როგორც 21-ე საუკუნის ტრენდი – მცირე ზომის 5 სახლი საქართველოდან

როგორ გარდავქმნათ ინტერიერი რემონტის გარეშე? – 5 სასარგებლო რჩევა