ეს ბინა, რომლის ფართობი 77 კვადრატულ მეტრს შეადგენს, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს და მის დიზაინ პროექტზე DEME_INTERIOR-ის დამფუძნებელმა, მარიამ დემეტრაშვილმა იმუშავა.
როგორც პროექტის ავტორი გვიამბობს, დამკვეთის სურვილი იყო შთამბეჭდავი ინტერიერის შექმნა, რომელიც გათვლილი იქნებოდა გაქირავებაზე. ამ ამოცანის შესასრულებლად მარიამ დემეტრაშვილმა შეიმუშავა დიზაინ კონცეფცია, რომელიც გულისხმობდა ეთნიკური და თანამედროვე შტრიხების ერთგვარ სინთეზს.
ბინას საკმაოდ კომპაქტური გეგმარება აქვს და ის მოიცავს გაერთიანებულ სამზარეულოსა და მისაღებ სივრცეს, ერთ საძინებელს საკუთარი საგარდერობო ოთახით და ერთ აბაზანას.
მისაღებ ოთახში ყურადღებას იქცევს კედლის გაფორმება.
“მინდოდა ეთნიკური ელემენტების შეტანა ინტერიერში, თუმცა არ მსურდა უბრალო ნახატების ან ფორმების გამოყენება. ამიტომ გადავწყვიტე, დეკორი შემექმნა კერამიკის საშუალებით. პირადად მე ეს “კვანძები” ერთიანობაში მაგონებს ძველებურ იეროგლიფებს, რაც საკმაოდ ეფექტურად გამოიყურება,” – მარიამ დემეტრაშვილი
საინტერესოა საძინებლის კედლის გაფორმებაც. საწოლის უკან დიზაინერმა გამოიყენა შპალერი ტყის პალმების იმიტაციით, ხოლო სივრცისთვის მეტი სიღრმის მისანიჭებლად მასზე ხის მოლდინგები დამონტაჟდა, რამაც ოთახში მეტი რიტმი და დინამიკა შემოიტანა.
ამას გარდა, ყურადღებას იპყრობს ჭერი, რომელიც ფერის მეშვეობით არის გამოყოფილი. ამ ხერხის გამოყენებით დიზაინერმა შეძლო მცირე ზომის სივრცის გამრავალფეროვნება მისი ზედმეტად “დამძიმების” გარეშე.
რაც შეეხება აბაზანას, აქ კედლები დეკორატიული ლესვის ტექნიკითაა მოპირკეთებული, რაც სივრცეს საინტერესო ხასიათს სძენს. თაღს მიღმა დაპროექტებული საშხაპე ზონა კი იდეალურად ითავსებს როგორც პრაქტიკულ, ასევე ესთეტიკურ დანიშნულებას.
მარიამ დემეტრაშვილის პროექტი აღმაშენებლის გამზირზე წარმოადგენს ეკლექტური სტილის ინტერიერს, რომელშიც გაბედული ფერები და საინტერესო ეთნიკური ელემენტები გვხვდება. დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, სივრცის დიზაინი საკმაოდ შთამბეჭდავია და მასში ყველანაირი პირობაა კომფორტული ცხოვრებისთვის.
პროექტის ავტორი: მარიამ დემეტრაშვილი
დიზაინ სტუდია:DEME_INTERIOR
“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2–ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.
გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!
რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2