in

კოლექციონერის ბინა მელიქიშვილის ქუჩაზე – თინათინ ძირკვაძის ნამუშევარი

ბინა, რომლის ფართობი 140 კვადრატულ მეტრს შეადგენს, პეტრე მელიქიშვილის გამზირზე მდებარეობს და მის დიზაინ პროექტზე თინათინ ძირკვაძემ იმუშავა.

როგორც პროექტის ავტორი გვიამბობს, ეს იყო ერთ-ერთი არასტანდარტული დაკვეთა, რომლის მიხედვითაც საპროექტო დავალება გულისხმობდა ახლახან გარემონტებული საცხოვრებელი სივრცის რედიზაინს.

ბინა ჩავიბარეთ ახალი იატაკით, კედლებით, კარებით და სრულად დასრულებული რემონტით დეველოპერისგან. თუმცა, ეს იყო საკმაოდ “სტერილური” და ცარიელი სივრცე, რომელშიც დამკვეთს სურდა ხასიათისა და განწყობის შეტანა”, – თინათინ ძირკვაძე

ამ მიზნის მისაღწევად დიზაინერი, პირველ რიგში, საფუძვლიანად გაეცნო დამკვეთს და მის სურვილებს. შემდგომ კი ნათელი გახდა თუ რა კონცეფციის მიხედვით მოხდებოდა აღნიშნულ ობიექტზე მუშაობა.

დამკვეთის გაცნობის შემდეგ ჩემთვის ცხადი იყო მისი მიზანი. ის საკმაოდ კარგად ერკვევა დიზაინში, თავადაც აქვს ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება და ძალიან აფასებს კარგ დიზაინს, მოსწონს გამორჩეული საკოლექციო ნივთები და სურვილი ჰქონდა, ეს სახლი შეევსო მოგონებითა და საინტერესო ობიექტებით. შესაბამისად, კონცეფციის ფარგლებში მოხდა ცალკეული ობიექტების გააზრება და შერჩევა, რაც ჩვენთვის და დამკვეთისთვის განსაკუთრებულ ხასიათს ან სენტიმენტებს აღძრავს,” – თინათინ ძირკვაძე 

გამორჩეულ ადგილს იკავებს Desiree-ს ბრენდის ნატურალური ტყავის მასიური ტახტი, რომელიც მისაღებ ზონაშია განთავსებული. როგორც პროექტის ავტორი გვიამბობს, სწორედ ამ დიზაინ ობიექტის არჩევისას გამოიკვეთა ბინის ძირითადი ხასიათი.

“ეს არის ტახტი საკმაოდ კლასიკური, სოლიდური ფორმებით. თუმცა, მასშტაბების მიუხედავად, მასში დამონტაჟებულია მექანიზმები, რომლებიც ზურგის სიმაღლეს ცვლის და დამკვეთის კომფორტზე მორგების საშუალებას იძლევა. მასალის სახით გამოყენებულია ნატურალური ტყავი, რომელიც დროთა განმავლობაში ცვდება და კიდევ უფრო მეტ უნიკალურობას იძენს. ნატურალური მასალების გამოყენებისას ჩემი, როგორც დიზაინერის, მთავარი კომპონენტია დროსთან ერთად ცვლილება. მასალა, რომელსაც ეტყობა ცვეთა, არ ფუჭდება, არამედ უფრო სახასიათო ხდება. იმის მიუხედავად რომ ტახტი არის სოლიდური ფორმის მასში,” – თინათინ ძირკვაძე

სასადილო ზონაში გვხვდება ბუნებრივი ფორმების მქონე მაგიდა, რომელიც გადამუშავებული ხისგან არის დამზადებული საქართველოში. ტყავის სკამები Tonelli Design-ს ეკუთვნის და ისინი საინტერესოდ ეხმიანება ტყავის ტახტს და ბინის საერთო ხასიათს. აქვეა Vibia-ს ბრენდის სანათი, რომელიც არქიტექტორებისა და დიზაინერების ერთ-ერთი საყვარელი დიზაინ ელემენტია, რადგან რადგან მისი მოდულების მორგება და გადანაწილება შესაძლებელია პროექტის მიხედვით.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ბეტონის ჭერზე არსებული ნეონის ინსტალაცია, რომელიც whynotgallery-ის ეკუთვნის. ნეონი შთაგონებულია თბილისის ქორწინების სასახლის საბჭოთა პერიოდის რელიეფით და სივრცეში განსაკუთრებული ხასიათი შემოაქვს.

ბინაში ასევე გვხვდება Zanotta-ს ბრენდის საკულტო დიზაინ ობიექტი – უმშვენიერესი კონსოლი, რომელიც 1969-72 წლებში შეიქმნა, თუმცა დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას საკუთარი გეომეტრიული ფორმებისა და დახვეწილი დიზაინის წყალობით.

თინათინ ძირკვაძის თანახმად, აღნიშნულ პროექტზე მუშაობისას მისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა შერჩეული ნივთების ჰარმონიული ინტეგრირება სივრცეში, რათა არ დარღვეულიყო სივრცის მთლიანობა და სიმყუდროვე და თითოეულ ნივთს საკუთარი უნიკალურობა გამოეხეტა.

შეიძლება ითქვას, რომ საბოლოო ჯამში, პროექტის ავტორმა ყველა გამოწვევას წარმატებით გაართვა თავი და შექმნა საცხოვრებელი სივრცე, რომელიც დამკვეთის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

“ეს არის სახლი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რადგან ყველა ეს ნივთი შექმნილია გამოყენებისთვის. მიუხედავად მათი ისტორიულობისა ან ღირებულებისა, ყველა მათგანი ემსახურება ადამიანს და ქმნის თბილ, კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს,” – თინათინ ძირკვაძე

პროექტის ავტორი: თინათინ ძირკვაძე

ბაღში ჩაფლული ვილა ნიდერლანდებში – სტუდია “i29”-ის პროექტი

განახლებული Profy – სახლის მოვლის სერვისები ერთ აპლიკაციაში