in

პარიზის მერიამ შანზ-ელიზეს გამზირის პარკად გარდაქმნის პროექტი დაამტკიცა

პარიზის მერის, ენ იდალგოს (Anne Hidalgo) განცხადებით ელისეს მინდვრების, პარიზის ყველაზე ცნობილი გამზირის უნიკალურ პარკად გარდაქმნის 250 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი დამტკიცდა.

მერის თქმით, 2019 წელს ადგილობრივი ბიზნესმენებისა და სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართულ პირთა მიერ ინიცირებული პროექტი შანზ-ელიზეს 1,9 კილომეტრიან გამზირს ექსტრაორდინალურ იერს შესძენს და შემატებს სასიცოხლოდ აუცილებელ სიმწვანეს.

შანზ-ელიზეს კომიტეტი 2018 წლიდან უძღვის კამპანიას, რომელიც გამზირისა და მის გარშემო მდებარე ტერიტორიის გენერალურ რენოვაციას ითხოვს.

„უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ამ ლეგენდარულმა გამზირმა თავისი ბრწყინვალება დაკარგა. პარიზელებმა ის მიატოვეს და ელისეს მინდვრები უამრავი კრიზისის მსხვერპლი გახდა – საპტროტესო აქციების, გაფიცვების…“- ვკითხულობთ კომიტეტის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც მერი იდალგოს გადაწყვეტილებას ეხმიანება.

„აქაურობას ხშირად მსოფლიოს ყველაზე მშვენიერ გამზირად მოიხსენიებენ, თუმცა ისინი, ვინც აქ ყოველდღე ვმუშაობთ, ამ ფრაზის სიმართლეში დარწმუნებულები სულაც აღარ ვართ,“- განაცხადა ჟან-ნოელ რაინჰარდტმა (Jean-Noël Reinhardt), შანზ-ელიზეს კომიტეტის პრეზიდენტმა.

კომიტეტმა საჯარო კონსულტაციები ჩაატარა, რომლებითაც ცდილობდა გამზირის მდგომარეობის გამოსასწორებლად გზების პოვნას. შედგენილი გეგმები მოიცავს მანქანებისთვის განკუთვნილი სივრცის ორჯერ შემცირებას, გზების საფეხმავლო ტროტუარებად და მწვანე არედ გარდაქმნას და ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ხეებისთვის “გვირაბების” შექმნას.

შანზ-ელიზეს გამზირის პარკად გარდაქმნის პროექტზე იმუშავებენ არქიტექტორი ფილიპ ჩამბარეტა (Philippe Chiambaretta) და მისი კოლეგები არქიტექტურული სტუდია PCA-Stream-იდან. არქიტექტორის თქმით, ამჟამად ელისეს მინდვრებს მსოფლიოს ყველა დიდი ქალაქისთვის დამახასიათებელი პრობლემები – დაბინძურება, ტურიზმი და კონსუმერიზმი – კლავს და მისთვის წარმოუდგენლად საჭიროა ეკოლოგიურად მეგობრული რენოვაცია.

იდალგოს განცხადებით, შანზ-ელიზეს აქტიური რენოვაცია 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის შემდეგ დაიწყება. პროექტის დასრულება 2030 წლისთვის იგეგმება.

4 რჩევა რობოტი მტვერსასრუტის შეძენის მსურველთათვის

“Classicon”- გერმანული ხარისხის ფენომენი