in

ცისფერი ბინა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე – DODO Designs-ის ნამუშევარი

თბილისის ძველი უბნების გამოცოცხლების ტენდენცია სულ უფრო მატულობს. მოსახლეობის ერთი ნაწილი, თუ თანამედროვე უბნებსა და შენობებს ანიჭებს უპირატესობას, მეორე ნაწილი, ბოლომდე ძველი თბილისის ერთგული რჩება. საცხოვრებლად და საინვესტიციოდ სწორედ  ტურისტული უბნების არეალი დღითი-დღე ფართოვდება.

დღეს უნდა გიამბოთ ბინაზე, რომელიც ჩუღურეთის რაიონში, კერძოდ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარეობს, რომელზეც DODO Designs-მა იმუშავა.

80 კვადრატული მეტრის ბინა ისტორიული ძეგლის სტატუსის ქვეშ არსებულ შენობაში მდებარეობს.

„საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ბინის რედიზაინზე ვიმუშავეთ. დამკვეთმა შეიძინა გარემონტებული, რომელსაც სრულიად დაკარგული ჰქონდა ავთენტურობა, სიძველის და ისტორიის ხიბლი. მისი სურვილი იყო, განახალებული პროექტით გადმოგვეცა შენობის პირვანდელი ხასიათი და დაგვებრუნებინა მსგავსი ტიპის სახლების ხიბლი.

მრავალფანჯრიან ბინას პირველ რიგში დაემატა ხის დარაბები, რაც ქართული ისტორიული შენობებისთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია.

ინტერიერში  ძირითადად თეთრი და ცისფერი ფერები ჭარბობს, რომელსაც შავი ფერის ელემენტები მეტად ელეგანტურს ხდის. ხოლო პასტელური ყვითელი ფერის დეტალები, ათბობს და ანეიტრალებს კონტრასტულ ფერებს.

სტუდიოს ტიპის მისაღებში, უმთავრესი დეკორცია პეტრე ოცხელის ტილოზე სესრულებული „მფრინავი მღებავის“ რეპროდუქციაა, რომლის ტონებშიც არის გადაწყვეტილი სრული ინტერიერიც.

ღია ცისფერი დარაბები, ხევსურული ხალიჩა და შერეული სტილის ავეჯი, ძალიან საინტერესო კომპოზიციას ქმნის, რაც  ხაზს უსვამს სიძველის და თანამედროვეობის ჰარმონიულ შერწყმას.

ძალიან საინტერესო გადაწყვეტაა სამზარეულოს მწვანე ფილები, რომლებიც თითქოს კონტრასტულია და ამავდროულად ძალიან ორგანულად ზის ღია ცისფერ ინტერიერში.

ამ ბინის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ელემენტი, შუშის ტიხარი და ცისფერი ზღაპრული კარია მოლდინგებით, რომელიც მისაღებს და საძინებელს ჰყოფს ერთმანეთისგან.

სწორედ ამ ტიხრის შუშითა და ხის ორფრთიანი კარით გადაწყვეტა ყველაზე საინტერესო ჩანაფიქრი იყო ჩემთვის. ეს დეტალი ორივე სივრცეს მეტ სინაზეს და სიმსუბუქეს ანიჭებს,“ – დოდო ჩხეიძე

საძინებელი სადა, ღია ფერის ტონებშია გადაწყვეტილი. ამ ოთახის საინტერესო დეტალია განსხვავებული სტილის საწოლი, რომელიც ყვითელი ფერის ნაჭრით არის გაფორმებული. იმის გამო, რომ ბინა თავიდანვე საინვესტიციოდ იყო გადაწყვეტილი, ავეჯი შეძლებისდაგვარად ბიუჯეტური შეირჩა. მაგალითად, ეს საწოლი მინიმალური დანახარჯით, თუმცა სახასიათო დიზაინით დამზადდა.

ფანჯრის ცისფერ ჩარჩოებს იმეორებს საგარდერობე თეთრი კარადა ცისფერი კანტებით. საძინებლის შუშის ტიხარი ფარდით იფარება, რომელიც იზოლაციისთვის მსუბუქი და პრაქტიკული მეთოდია.

რაც შეეხება სველ წერტილს, ისიც ცისფერ ფერშია გადაწყვეტილი და მისი იატაკის კონტრასტული შავ-თეთრი ფილა მისაღების, საძინებლისა და სამზარეულოს გარდამავალ ზოლს იმეორებს.

განსაკუთრებულად მომხიბვლელია ბინის ავთენტური მოჩუქურთმებული აივანი, რომლის შავ-თეთრ იატაკს ზეთისხილისფერი გარე ავეჯი საოცარ სინაზეს სძენს.

პროექტის ავტორი: დოდოშკა ჩხეიძე

დიზაინ სტუდია: DODO Designs

ფოტოგრაფი: ლუიზა ჩალათაშვილი

ეკო მეგობრული სახლი ჟანგისფერი ექსტერიერით – Faulkner Architects-ის პროექტი