in ,

რატომ ჰგავს ქართული ინტერიერები ერთმანეთს? – ნანა ზაალიშვილისა და თორნიკე დადიანის მოსაზრება

Banner M2
Banner M2

ის, რომ სხვადასხვა ინტერიერი, მსგავსად ექსტერიერებისა, შესაძლოა დაემსგავსოს ერთმანეთს, სრულიად ბუნებრივი პროცესია დიზაინის სამყაროში. ისევე, როგორც არქიტექტურული მიმდინარეობების ჩამოყალიბებაზე ახდენს გავლენას გარე ფაქტორები, ასევე მოქმედებს გარკვეული ტენდენციები ინტერიერის დიზაინზეც და ხშირად ისტორიული მოვლენები განაპირობებს მის ცვლილებას.

ინტერიერის სტილზე შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მოდამ, შთაგონების სხვადასხვა წყარომ, ბაზარზე ხელმისაწვდომმა მასალებმა, ავეჯმა, ფუნქციურმა ლოგიკამ, განლაგებამ, კონკრეტული დიზაინერის ხელწერამ და ეკონომიურმა გათვლებმაც კი. სწორედ ეს და სხვა მრავალი ფაქტორი განაპირობებს ინტერიერის იდენტურ ვიზუალს როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში.

უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლიდან დღემდე ქართული ინტერიერის დიზაინში რამდენიმე ძლიერი და აქტუალური მიმდინარეობა გამოიკვეთა:

  1. ბუნებრივი მინიმალიზმი – სკანდინავიური და იაპონური სტილის შერწყმა
  2. მყუდრო მაქსიმალიზმი – „ბოჰო“ სტილის უფრო მსუბუქი ვერსია
  3. ბიოფილური დიზაინი – მეტი მცენარე ინტერიერში და ბუნებრივი მასალები
  4. 70-იანი წლების შთაგონება – რეტრო შტრიხები ინტერიერში
  5. ტექნოლოგიური ელეგანტურობა
  6. მდგრადი და ეკო-გონივრული დიზაინი

ლოგიკურია, რომ საცხოვრისის შეძენისთანავე მესაკუთრე იწყებს მის დაგეგმვას და პირველ რიგში, ის ეძებს ინტერიერის დიზაინს, რომელიც ახლოს არის მის გემოვნებასთან. სახლის მეპატრონე ძიების პროცესს იწყებს ვირტუალურ სივრცეში, სადაც პოულობს იმ პერიოდის ტრენდულ მიმდინარეობებს, რომლებიც ახლოსაა მის სურვილთან და გემოვნებასთან. სწორედ ასე კეთდება საბოლოო არჩევანიც.

როგორია ქართველი დამკვეთის ქცევა ამ მხრივ და ემსგავსება თუ არა ქართული ინტერიერები ერთმანეთს? ამ კითხვაზე პასუხი ორ გამორჩეულ თანამედროვე არქიტექტორს და ინტერიერის დიზაინერს ვთხოვეთ. საკუთარი მოსაზრებებს დღეს Dadiani Architects-ის დამფუძნებელი – თორნიკე დადიანი და Idaaf Architects-ის დამფუძნებელი – ნანა ზაალიშვილი გვიზიარებენ.

თორნიკე დადიანი

თორნიკე, რას ფიქრობთ, რატომ ემსგავსება ხშირად სხვადასხვა ინტერიერი ერთმანეთს?

როგორც საქართველოში, ისე თანამედროვე მსოფლიოში, პროდუქტის დიზაინისა და ინტერიერის დიზაინის ერთფეროვნება რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში დიზაინი დაკავშირებული იყო ამა თუ იმ ქვეყნის კულტურასთან და ტრადიციებთან, უკანასკნელ საუკუნე-ნახევარში მას გაუჩნდა გლობალური მახასიათებლები, რაც ერთმნიშვნელოვნად გამოწვეულია სწრაფი ტექნოლოგიური განვითარებით.  პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ინტერნეტისა და სოციალური მედიის საშუალებით უამრავი არასაჭირო ინფორმაციის ჩვენს ტვინში მოხვედრა და ვიზუალური მასალის სახით ვირტუალურ არქივებად დალექვა. შემდეგ კი ამ “თაროებიდან” ინსტრუმენტებად ქცეული ვიზუალების ახალ იმიჯებად დაგენერირება.

ერთი შეხედვით, ამაში ცუდი არაფერია და თითქოს, ასეთიც უნდა იყოს დიზაინის შექმნის პროცესი, თუმცა ხშირ შემთხვევაში, პროექტებში ვხედავთ კონკრეტული ვიზუალური მასალის პირდაპირი გადმოტანის მცდელობას. ისეთი პლატფორმები, როგორებიცაა Pinterest, Instagram და სხვა მსგავსი ტიპის აპლიკაციები, რომლებიც ჩვენი გაჯეტების მეშვეობით ყოველწუთიერად გვამყოფებენ მუდმივად განახლებადი ინფორმაციის უწყვეტ ნაკადში, ზოგიერთისთვის ხდება ადვილი გამოსავალი სხვადასხვა დიზაინ-გადაწყვეტების დროს.    

ამ პროცესში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ინდივიდუალიზმის შენარჩუნებაა. როგორც პიტერ ზუმთორი აღნიშნავს საკუთარ წიგნში “ატმოსფეროები”, დიზაინი თავისთავად უნდა იყოს უნიკალური და მიზნად ისახავდეს კონკრეტული სივრცისთვის ატმოსფეროს შექმნას, რომელიც პირდაპირ  გავლენას ახდენს ადამიანის ემოციურ, სენსორულ და ფიზიკურ გამოცდილებებზე.

ზუმთორი ხაზს უსვამს, რომ წარმატებული დიზაინის მისაღწევად აუცილებელი პირობაა, მოვახდინოთ განათების, სივრცისა და მასალების სინთეზი, რათა შეიქმნას ისეთი გარემო, რომელშიც ადამიანი თავს მშვიდად, კომფორტულად და ჰარმონიულად იგრძნობს.

მიუხედავად იმისა, რომ გლობალური გავლენები საკმაოდ იგრძნობა მსოფლიო ექსტერიერისა თუ ინტერიერის სტილის ჩამოყალიბებაზე, საქართველოში გაცილებით ნაკლები ფუფუნებაა ექსპერიმენტების, სიახლეებისა და თამამი გადაწყვეტილებების მხრივ. რატომ? ამის შესახებ საკუთარ მოსაზრებას ნანა ზაალიშვილი გვიზიარებს:

ნანა ზაალიშვილი

ინტერიერის დიზაინის კულტურა საქართველოში, დღეს ახალ, უფრო საინტერესო ეტაპზე გადავიდა. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლებსაც ავტორის ინდივიდუალური ხედვა და კულტურის ცოდნა ეტყობა. 

თუ ჩნდება განცდა, რომ ქართული ინტერიერები ერთმანეთს დაემსგავსა, ამის მიზეზი შეიძლება ბაზარზე არსებული ერთნაირი პროდუქტის ხშირი გამოყენება და “პინტერესტის” ე.წ ტრენდული ვიზუალების აქტიური თვისება იყოს. მასიურად წარმოებული პროდუქციის გამოყენება სამართლიანად აჩენს მსგავს განცდებს და ეს სრულიად ლოგიკურია.

თუმცა, ზოგადად, დიზაინ კულტურის განვითარება, ყოველთვის იმ მცირე რაოდენობის პროფესიონალებზე დგას, რომლებიც პროექტებს კულტურული კვლევებით და კონტექსტის გააზრებით ქმნიან, სადაც ყველაზე დიდი მნიშვნელობა გამოყენებულ მასალებს ენიჭება.

რომ შევაჯამოთ, პროფესიონალი არქიტექტორებისა და დიზაინერების ხედვა და მათი კრეატიულობა ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ამ სფეროს განვითარებაზე, მაგრამ წარმოუდგენელია, აქვე არ ვახსენოთ დამკვეთის უმნიშვნელოვანესი როლიც. თითოეულ სივრცეს შეუძლია გახდეს ინდივიდუალური თუ მასში ინტეგრირდება მფლობელის გემოვნება, ისტორია და სული. დიზაინის მიზანი ხომ მხოლოდ ესთეტიკა არ არის, არამედ ემოციური კავშირების შექმნაცაა. შესაბამისად, ჭეშმარიტად გამორჩეული დიზაინი მოითხოვს როგორც ინდივიდუალიზმისკენ სწრაფვას, ასევე იდეალურ ბალანსს კულტურას, ისტორიასა და დამკვეთის შინაგან სამყაროს შორის.

როგორ მოვაწყოთ მარტივი და მინიმალისტური ინტერიერი? – 5 სასარგებლო რჩევა