in ,

ადამიანი არქიტექტურის ცენტრში – MUA-ს ფილოსოფია

Alliance Group
Alliance Group

არქიტექტურული კომპანია MUA 2014 წელს დაარსეს დევი ქიტუაშვილმა და გოგიკო საყვარელიძემ. თავისდაუნებურად, მათი ახალი კომპანია Architects of Invention-ის მემკვიდრე გახდა, რადგან AI-ს სამმა პარტნიორმა გადაწყვიტა, რომ ლონდონისა და თბილისის ოფისები განეცალკევებინათ ერთმანეთისგან, რის შედეგადაც თბილისის ოფისს თავად გაუძღვებოდნენ, ხოლო ლონდონის ოფისი კი თანადამფუძნებელ ნიკა ჯაფარიძესა და მის ახალ პარტნიორს – ანტონ ხმელინსკის გადაბარდებოდა. MUA- “Multiverse Architecture”-ის აბრევიატურაა. სახელს ორმხრივი იდეა აქვს: ერთის მხრივ, ფიქრის უსაზღვრო თავისუფლებას და პარალელური სამყაროების მსგავსად, ამოცანის ამოსახსნელად ულევი გზის არსებობის დაშვებას გულისხმობს. მეორეს მხრივ, კი მულტივერსის თეორიული არქიტექტურის  კვლევის სურვილს ნიშნავს. დღეს არსებული გამოწვევებიდან, დაგროვილი გამოცდილებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, დამფუძნებლები ახლიდან დაფიქრდნენ კომპანიის შინაარსზე, რამაც განახლებულ სახელთან მიიყვანა – MUA Architecture & Placemaking. ეს სახელი კარგად ასახავს მათი გუნდის საქმიანობას, ინტერესებსა და პროექტების შინაარსს.

FABRIKA

– რომელ პროექტს/პროექტებს მიიჩნევთ თქვენი ოფისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვნად, რატომ? 

– ერთმანეთისგან განსხვავებული მიზეზების გამო, ყველა ჩვენი პროექტი თანაბრად მნიშვნელოვანია. გამოვარჩევდი მხოლოდ “ფაბრიკას”, რადგან ამ პროექტმა ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ჩვენი კომპანიისთვის ახალი მიმართულება და შესაძლებლობები გამოააშკარავა.

– უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ “ფაბრიკაზე” და საიდან გაჩნდა ასეთი სივრცის შექმნის იდეა?

– “ფაბრიკის” იდეა თავისუფალი დროის და მსგავსი სივრცის შექმნაზე მრავალი წლის ოცნების სინთეზია. როდესაც ბათუმის “ჰილტონის” პროექტზე დავასრულეთ მუშაობა, მივხვდით, რომ მისი კომპლექსურობიდან გამომდინარე, დიდი ხანი სხვა არაფრისთვის გვეცალა, ამიტომ არც მომავალ პროექტებზე გვქონდა ნაფიქრი. მოულოდნელად ძალიან ბევრი დრო და “თავისუფალი ხელები” აღმოგვაჩნდა და დავიწყეთ მსგავსი ინიციატივების პაკეტებად შეკვრა, სხვადასხვა ლოკაციებისა თუ შენობებისთვის. “ფაბრიკაც” ერთ-ერთი შენობა იყო ჩვენს სათვალავში, რომლის გაკეთებაც არაჩვეულებრივი პარტნიორებისა და ბევრი “ბრეინსტორმინგის” შედეგად გახდა შესაძლებელი. შემდგომ კი დაიწყო მისი პროექტირება, სამშენებლო მოედანზე ცხოვრება, მომავალი რეზიდენტების შერჩევა და მათი დარწმუნება პროექტის წარმატებაში. დანარჩენი სახეზეა, ჩვენ ვამაყობთ “ფაბრიკით”!

Chateau Mukhrani Masterplan & Development Concept

– მოგვიყევით პროექტებზე, რომლებზეც ამჟამად მუშაობთ?

– ამჟამად 15-მდე აქტიური პროექტი გვაქვს, რომელთაგან დიდი ნაწილის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. რაც ძალიან მახარებს არის ის, რომ ბოლო წლებში დიდი რაოდენობით გვიწევს ურბანული დაგეგმარების კუთხით პროექტებზე მუშაობა. ასევე სიახლეა Placemaking-ის მხრივ, ჩვენს მომსახურებაზე მაღალი მოთხოვნაა. ამჟამად აქტიურად ვართ დაკავებული რამდენიმე სასტუმროს და საცხოვრებელი ფუნქციის მქონე შენობების პროექტირებით და ზედამხედველობით ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში. ასევე ვმუშაობთ 120 ჰექტარის ფართობის გენერალური გეგმის კონცეფციაზე, რაც შემდგომ განაშენიანების რეგულირების გეგმით უნდა დავასრულოთ. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მომდევნო “ფიასკო” თბილისის ზღვაზე ჩვენივე ინიცირებული პროექტი იქნება, ვნახოთ.

TBILISI SEA MUNICIPAL BEACH

Green Cape Residential

– როგორ ფიქრობთ, რა არის არქიტექტურის როლი საზოგადოებაში დღეს?

– გლობალური გამოწვევების – კლიმატი, სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური დ.ა.შ. მიმართ სწორი რეაგირება არის თანამედროვე არქიტექტორისთვის მთავარი და ერთადერთი გამოწვევა, რაც თავისთავად განაპირობებს არქიტექტორის როლს საზოგადოებაში. ჩვენ უკვე ბევრი ეპოქა გავიარეთ, რის შედეგადაც დიდი რაოდენობით დაგვიგროვდა ცოდნა არქიტექტურაზე. არქიტექტურა იცვლება ეკონომიკის, გლობალური პოლიტიკის, გეოგრაფიის, ხელოვნების, ახალი ტექნოლოგიების, თუ სხვა დარგების პარალელურად. ახალი გამოწვევა ადამიანის კეთილდღეობაზე ფიქრია და საზოგადოების დაკვეთაც ალბათ მდგრადი ქალაქებისა და შენობების ისეთ პროექტებში გამოიხატება, რომლის ცენტრშიც სწორედ ადამიანია.

– რა გამოწვევების და სირთულეების წინაშე დადგა თქვენი ოფისი პანდემიის პირობებში?

– ბუნებრივია, ეკონომიკური რყევები პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ჩვენს ოფისზეც და პანდემიის გამო გამოწვეული არასტაბილურობა მეტნაკლებად აისახა “ფაიფლაინში” მყოფი პროექტების რაოდენობაზე. თუმცა, უწყვეტად ვმუშაობთ, ვცდილობთ მოვლენების მომდევნო განვითარება ვიწინასწარმეტყველოთ და მზად დავხვდეთ ახალი გამოწვევებით სავსე რეალობას, რომელიც ჩვენი აზრით, ძალიან საინტერესოა. რაც შეეხება დისტანციურ მუშაობას, ვთვლით, რომ აქ ადვილად გავართვით თავი, რადგან პლატფორმა პრაქტიკულად მზად გვქონდა იმისთვის, რომ დისტანციურად შეგვძლებოდა მუშაობა. რათქმაუნდა, ეს ჩვენ სხვაგვარად წარმოგვედგინა და სხვა მიზნებისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ 5 დღეში (შაბათ-კვირის ჩათვლით) მოვახერხეთ ოფისის ინფრასტრუქტურის სრულად გადაწყობა ისე, რომ პრაქტიკულად არ შეგვიფერხებია ჩვენი საქმიანობა.

PLATO NATBEURI

HAMPTON HOTEL AND RESIDENCES

– როგორ ფიქრობთ, დღევანდელი სიტუაცია რა გავლენას იქონიებს მომავალში არქიტექტურაზე?

– არქიტექტურაში ფუნდამენტური ცვლილებები გარდაუვალი იყო და პანდემიამ კარგად დაგვანახა, რომ დროა საფუძვლიანად ჩავანაცვლოთ ჩვენი ცხოვრების წესი, გადავაფასოთ მოძველებული ღირებულებები და არა მარტო არქიტექტურის, არამედ ყველა პროფესიის ცენტრში დავაყენოთ ადამიანი – როგორც ჩვენი მთავარი დამკვეთი, ჩვენ მიერ შექმნილი პროდუქტით მოსარგებლე და მისი საუკეთესო შემფასებელი. არქიტექტორებს აუცილებლად მოგვიწევს ფიქრი ეპიდემიის დროს გამოაშკარავებული ახალი გამოწვევების დაძლევაზე. ვფიქრობთ, თავიდან იქნება გასააზრებელი სრული პროგრამირების პროცესი, რომლისთვისაც უნდა მოვახდინოთ ახალი კომპონენტების იდენტიფიცირება და მათი სამომავლოდ დამკვიდრება. ასევე, აუცილებელი იქნება საკანონმდებლო დონეზე ახალი/დამატებითი ნორმების შემუშავებაც.

TSKNETI RESIDENCES

– როგორ შეაჯამებდით 2020 წელს არქიტექტურის კუთხით?

– 2020 წელს რაც დაგვამახსოვრდა, ალბათ, არის ტომას ჰეზერვიკის სუპერ გამწვანებული არქიტექტურა; ბიარკე ინგელსის ხშირი კრიტიკა (რაც სიახლეა); ბუნებასთან შერწყმული მცირე ზომის პრეფაბრიკაციის გზით დამზადებული დასასვენებელი სახლები; ერთ თვეში დასრულებული 1000 ლოგინიანი ჰოსპიტალი ვუჰანში; იტალიელი არქიტექტორების მიერ სატვირთო კონტეინერების გამოყენებით დაპროექტებული ინტენსიური სამედიცინო თერაპიის მოდულარული ერთეულები.

VILLA ABASTUMANI

ჯვრის ფორმის სახლი დიღომში – WUNDERWERK-ის პროექტი

ლეგენდარული დონალდ უექსლერის პროექტის რენოვაცია კალიფორნიაში