სამზარეულო ის ადგილია, სადაც მთელი დღის ემოციური განწყობა იღებს სათავეს. მნიშვნელოვანია, რომ ის ადგილი, სადაც ჩვენ შემოქმედებითად ვიხარჯებით და განწყობა კერძებში გადაგვაქვს, იყოს მაქსიმალურად ჰარმონიული და კომფორტული. სწორად შერჩეული ფერი, მასალა და სტილი ჩვენში ბედნიერების ჰორმონების გამოყოფას უფრო გააძლიერებს. ჩვენ შევიმუშავეთ 5 პრაქტიკული რჩევა, რომელიც სამზარეულოს თქვენთვის საუკეთესო ვარიანტის შერჩევაში დაგეხმარებათ.
1. სამზარეულოს ზედაპირის სტანდარტული სიგანე შეადგენს 60 სმ-ს, თუმცა უმჯობესი იქნება თუ ის 62-64 სანტიმეტრი იქნება, ამგვარად თქვენთვის მზადების პროცესი უფრო მოხერხებული იქნება და მუხლებით ქვედა კარადებსა და სახელურებს არ მიეჯახებით.
2. მუქი ზედაპირი ძალიან ეფექტურია, თუმცა სამწუხაროდ, არაპრაქტიკული. ყველაზე პატარა წვეთებიც კი, მტვრის ნაწილაკები და ლაქები მასზე ადვილად შესამჩნევია. თუ თქვენ მაინც მუქი ზედაპირის ყიდვა გსურთ, აირჩიეთ ისეთი, რომელსაც ღია ფერის ძარღვები და ჩანართები აქვს.
3. ცალკე ყურადღება უნდა დაუთმოთ სამზარეულოს ზედაპირის კიდეების დეკორატიულ დამუშავებას. ისინი შეიძლება იყოს სწორწახნაგოვანი, მომრგვალებული, ფერადი ან კონტრასტული, ხის, ქვის. როგორც წესი, რაც უფრო რთულია კანტების დამუშავება, მით უფრო მაღალია ფასი.
4. სასურველია ზედაპირებს ჰქონდეთ კედლთან შეერთების ადგილზე “ბორტები”, რომლებიც სამზარეულოს კარადების უკანა მხარეს არა მხოლოდ ნესტისა და ჭუჭყის მოხვედრას შეაკავებს, არამედ ასევე დაამშვენებს სამუშაო ადგილს.
5. სამზარეულოს ზედაპირი სამზარეულოს ინტერიერს სტილითა და ფერით უნდა შეეწყოს. მაგალითად, კლასიკურ სამზარეულოში ლამაზი იქნება ხის ზედაპირი (ან ხის ტექსტურით), ასევე ქვის (ან ხელოვნური ქვის). “ქანთრისა” და “პროვანსის” სტილს ხის ან კერამიკული ზედაპირები უხდება. თანამედროვე ინტერიერში ბოლო დროს ტრენდული გახდა უჟანგავი ფოლადის, ხელოვნური ქვისა და ხის ზედაპირები. ელფერის, ტექსტურისა და მასალის შერჩევის დროს ორიენტაციის აღება შესაძლებელია სამზარეულოს „ფართუკის“, ფასადის, მაგიდის, ფანჯრის რაფის ან იატაკის მიხედვით.