in

ტური მანჰეტენის უძვირფასეს ბინაში – სტივენ ვოლპის პროექტი

Banner M2
Banner M2

როგორ უნდა შეძლო ისეთი დიდებული ნიუ-იორკული ბინის მოწყობა, რომელიც თავისი ხარისხითა და ამბიციურობით ამერიკის “მოოქროული ხანის” (Gilded Age) ატმოსფეროს სრულიად დააფიქსირებს და მას 21-ე საუკუნის ტრენდებს შეუხამებს? როგორ უნდა შეუთავსო ფუფუნება, სიძვირფასე და მრავალფეროვანი გემოვნება დახვეწილობასა და თანამედროვეობას?

სწორედ ასეთი რთული მისია დაეკისრა მსოფლიოს მასშტაბით სახელგანთქმულ ინტერიერის დიზაინერს, სტივენ ვოლპს (Steven Volpe). მან მანჰეტენზე, მთელ სართულზე, 930 კვადრატული მეტრის ფართობზე გადაჭიმული, 4 მეტრის სიმაღლის ბინის პროექტზე იმუშავა, რომელიც თავის თავში აერთიანებს ძველებურ სიდიადესა და თანამედროვეოების ხიბლს, რაც ბინის მეპატრონეებს, ახალგაზრდა ოჯახს, ბინაში თავს სრულიად კომფორტულად და კმაყოფილად აგრძნობინებს.

სანამ ვოლპი და ბინის პროექტზე მასთან ერთად მომუშავე კრეატიული დირექტორი რალფ დენისი (Ralph Dennis) უშუალოდ დიზაინზე დაიწყებდნენ ფიქრს, ისინი ერთ უმთავრეს ინჟინერულ გამოწვევას შეეჩეხნენ – მიუხედავად იმისა, რომ ბინა მანჰეტენის ერთ-ერთ მულტიმილიონიან ცათამბჯენში მდებარეობს, მასში ქარის ხმა საკმაოდ ძლიერად ისმოდა, ამიტომ ვოლპის გუნდს ეს პრობლემა უნდა აღმოეფხვრა. „ამ სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავლად ახალი არქიტექტურული ჯავშნის აგება მივიჩნიეთ. ავაგეთ ახალი კედლები და ჭერი, რომლებიც ცათამბჯენის სტრუქტურისგანაც იქნებოდა გამიჯნული და ერთმანეთისგანაც. ეს სულაც არ იყო მარტივი ამოცანა“,- ამბობს ვოლპი.

ამის შემდეგ დაიწყო უშუალოდ ბინის რემონტი და კეთილმოწყობა. მუხისა და კირქვისგან დამზადებული იატაკი შთაგონებულია ვერსალის ნაძვისებური ორნამენტებით. „ბინის შესასვლელის ქვის იატაკი სასტუმრო ოთახის ხის იატაკს ისე უერთდება, რომ მათ შორის არსებული საზღვრები სრულად იშლება,“-ამბობს ვოლპი.

დაახლოებით 50 მეტრი სიგრძის მასიური სასტუმრო ოთახი მთელ ბინაში ყველაზე კარგად გამოხატავს ინტერიერზე მომუშავეთა გამახვილებულ ყურადღებას დეტალებზე. ბუნებრივია, რთულია მოაწყო ამხელა ოთახი ისე, რომ ის სასტუმროს ჰოლს არ დაემსგავსოს, თუმცა ვოლპის გუნდმა ეს შეძლო – ჯულს ვაბსის (Jules Wabbes) მაგიდა, ჯიო პონტის (Gio Ponti) ჭაღი, „Wendell Castle“-ს კოქტეილის მაგიდა, Diego Giacometti-ს სკამები, ჟან-მიშელ ფრანკის (Jean-Michel Frank)  სანათები, ხოაკიმ ტენრეიროს (Joaquim Tenreiro) სავარძლები ერთმანეთს საოცრად ეხამება და ქმნის ავანგარდულ, ძვირფას ატმოსფეროს. ამ აურას კიდევ უფრო ამდიდრებს სასტუმრო ოთახის მუხისა და ბრინჯაობს ფანჯრის ჩარჩოები.

კლასიკისა და თანამედროვეობის ჭიდილი ფორმალურ სასადილო ოთახშიც გრძელდება, სადაც რიკ ოუენსის (Rick Owens) ალებასტრის სასადილო მაგიდა და მის ირგვლივ განთავსებული ჟან როიერის (Jean Royère) სკამები მაშინვე იქცევს ყურადღებას. ოთახს ამშვენებს 1940-იანი წლების ვენეციური ბროლის ჭაღები.

მთავარ საძინებელ ოთახში ყურადღებას იქცევს კაკლის ხის ჩარჩოში ჩასმული მაუდის პანელების კედელი, რომელიც ძველ ფრანგულ საძინებლების პერგამენტისებურ კედლებს გვაგონებს.

მუხის მასიური კარები, სამზარეულოს მოოქროვილი, ბრინჯაოსა და ხის ავეჯი, თხელი, ჰაერში „მოტივტივე“ ალუმინის თაროები ხის დეტალებით, ბავშვების დიდებული საწოლები თუ სხვა ბევრი ძვირფასი ელემენტით სავსე ბინაში არცერთი დეტალია ზედმეტი, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს მინიჭებული და საერთო ჯამში, ქმნის იდეალურ მანჰეტენურ, ძვირადღირებულ საცხოვრებელს. ამ ყველაფერს კი აგვირგვინებს პიკასოს, ენდი უორჰოლის, ლიხტენშტეინის, ჟან-მიშელ ბასკიას და სხვა ლეგენდარული ხელოვანების ნამუშევრები.

ფოტოგრაფი: Stephen Kent Johnson

NOAstudios-ის წყნეთის სახლის პროექტი ევროკავშირის მის ვან დერ როეს პრიზის ნომინანტია

“სტუდიო+-“-ისა და “აზურიტის” კოლაბორაციით შექმნილი “ბალახის სკამი” და “ფლამინგო სანათი”