in

შიდა ბაღების მნიშვნელობა კერძო სახლისთვის – eben-ის პროექტი ინდონეზიაში

Alliance Group
Alliance Group

2019 წელს აგებული, 550 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე ამ სახლის პროექტის მთავარი იდეა იყო ისეთი სივრცის შექმნა, რომელიც იქნებოდა მშვიდი, ღია, თავისუფალი და პოზიტიური ენერგიით გაჯერებული. სახლი ინდონეზიაში, ჯაკარტაში მდებარეობს, ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან და საქმიან ქალაქში, ამიტომ მის მფლობელებს სურდათ აქ ერთგვარი ოაზისი მოეწყოთ, გარემოსგან სრულიად კონტრასტული, წყნარი გარემო შეექმნათ.

სახლის შუაგულს წარმოადგენს მისაღები ოთახი, რომელიც ორი შიდა ბაღის შუაში მდებარეობს და მათ ერთმანეთისგან მიჯნავს. პირველი შიდა ეზო ხალხმრავალი, დაკავებული მთავარი გზისგან მიჯნავს სახლს და ფოიეს ფუნქციასაც ასრულებს. ეს ძალიან უნიკალური და მნიშვნელოვანი დეტალი მთელი პროექტის აღსაქმელად ძალიან საჭიროა, ვინაიდან ფოიე-მისაღები ოთახი ძირითადად ოთხ კედელს შორის, ავეჯით გაწყობილ სივრცეებშია ხოლმე განთავსებული და არა ბაღში. ამ ბაღში ასევე გვხვდება გუბურა, სადაც სახლის მფლობელთა საყვარელი თევზები ბინადრობენ.

პირველი მისაღები ბაღის შემდეგ სასტუმრო ოთახში გავდივართ. ეს სივრცე გენიალურადაა მოწყობილი. როგორც ავღნიშნეთ, ის ორ ბაღს შორის მდებარეობს, რაც უზრუნველყოფს მის ჰაეროვნებასა და სიმსუბუქეს. ამავდროულად, ეს ოთახი იზოლირებულია უცხო თვალთაგან.

სასტუმრო ოთახის მინის კედლების გაღების შემდეგ ბაღები და სახლი ერთ სივრცედ გარდაიქმნება. ბაღებიდან შემომავალი წყლის მშვიდი ხმა ქუჩის ქაოსს ახშობს და სახლში მუდამ ჰარმონიული ატმოსფერო სუფევს.  მეორე ცენტრალური ბაღი სასტუმრო და სასადილო ოთახებს მიჯნავს ერთმანეთისგან და წარმოადგენს ოჯახის თავშეყრის მთავარ ადგილს, ვინაიდან აქ საცურაო აუზი  მდებარეობს და საკმარისი ფართია სავარჯიშოდ თუ გასარუჯად.

სახლის საძინებელი ოთახები სახლის წინა ნაწილშია განთავსებული. მათი ინტერიერი ხისგანაა დამზადებული და მზის სხივებს შთანთქავს, რაც ოთახების კომფორტულობას განაპირობებს. ამასთან ერთად, ამ ოთახებში მფლობელებს ისე შეუძლიათ ფანჯრების გაღება, რომ არ იდარდონ უცხოთა მზერაზე – სივრცეები სრულიად იზოლირებულია გარემოსგან.

არქიტექტურული სტუდია: eben

ფოტოგრაფი:Mario Wibowo, Ernest Theofilus

განმარტოვებული სახლი დანიისა და გერმანიის საზღვართან – Norm Architects-ის პროექტი

სეკულარულ შენობებად გარდაქმნილი ეკლესიების ისტორიები