in ,

“ვიზუალური მერჩანდაიზინგი” – ქეთა ცუცქირიძის მიერ დანახული ვიტრინისტიკის ესთეტიკა

ყველას გვქონია შემთხვევა, როდესაც მაღაზიაში მხოლოდ იმის გამო შევსულვართ, რომ ვიტრინა ძალიან მიმზიდველად იყო გაფორმებული. სწორედ ეს არის „ვიზუალური მერჩანდაიზინგი“, რომელიც პროდუქტის დიზაინს გულისხმობს და მისი მიზანია პროდუქციის წარდგენა ისე, რომ ხელი შეეწყოს მომხმარებლის მოზიდვასა და საბოლოო ჯამში, პროდუქციის გაყიდვას. Homeis.ge ესაუბრა ვიზუალური მერჩანდაიზინგის სფეროში მოღვაწე ქეთა ცუცქირიძეს, რომელიც ამჟამად იტალიაში მუშაობს ამ მიმართულებით.

 

– ქეთა, მოგვიყევით თქვენ შესახებ, როგორ მოხვდით ამ სფეროში და რა გამოცდილება გაქვთ?

– თბილისში დავამთავრე სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი, იმავე წელს ჩავაბარე ტურინის ვერდის სახელობის კონსერვატორიაში. სწავლის, სპექტაკლებისა და კონცერტების პარალელურად, არ მინდოდა არქიტექტურის პროფესიის დაკარგვა, ამიტომ სტუდენტური სამსახურის ძიებისას, ყოველთვის ვამახვილებდი ყურადღებას დიზაინერულ სფეროსთან ახლოს მყოფ ვაკანსიებზე. პირველი ნაბიჯები ამ სფეროში “დიზაინის მექად” წოდებულ მილანში გადავდგი – ერთ-ერთ ყველაზე საკულტო “Rinascente di Duomo”-ში, სადაც მოკლე ვადიანი სტაჟირება გავიარე ვიტრინის დიზაინის განხრით უმაღლესი კლასის გუნდთან ერთად. ,,Rinascente,,-ს გამოცდილებამ და სტატუსმა, უფრო მარტივი გახადა ჩემთვის მომდევნო პროექტებზე მუშაობა სხვადასხვა მაღალი მოდის ბრენდებში. ვთანამშრომლობდი სააგენტოსთან, რომელიც სხვადასხვა პროექტებზე სეზონურ კონტრაქტებს მიფორმებდა. „Sergio Rossi,“ „Dodo“ „Baldinini“ „Nomination“ და სხვა მაღალი მოდის, სამკაულისა თუ აქსესუარების იტალიურ ბრენდებთან, სადაც ვიზუალური მერჩანდაიზინგის ჯგუფთან ერთად კონკრეტული სეზონების ვიტრინების დიზაინსა და ბუტიკების ინტერიერების მოწყობაზე ვმუშაობდი. ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯების გადადგმაში არქიტექტურა ნამდვილად დამეხმარა, რადგან აქ ფერის, ფორმის, მასშტაბისა და განლაგების აღქმა უმნიშვნელოვანესი ელემენტებია.

– მოგვიყევით რას გულისხმობს ვიზუალური მერჩანდაიზინგი პირველ რიგში?

– ჩემთვის ვიზუალური მერჩანდაიზინგი არის ენა, რომლითაც სხვადასხვა ბრენდის მაღაზიაში შემოსულ თითოეულ სტუმარს ვესაუბრებით. ეს გამოცდილება ბუტიკის კართან, ვიტრინასთან იწყება და ნივთის შეძენით სრულდება. პროფესია მხოლოდ ვიტრინის გაფორმებას არ გულისხმობს. მერჩანდაიზინგი არის “პოსტპროდაქშენი”. ვიზუალური მერჩანდაიზერი კოლექციის შექმნაში მონაწილეობას არ იღებს, სწორედ ამიტომ, ორმაგად საპასუხისმგებლოა, რომ მან პროდუქტი ისე წარადგინოს და მიიტანოს მომხმარებლამდე, რომ ეს ბრენდის ძირითად ხაზს და ხასიათს არ ეწინააღმეგებოდეს.

შესაბამისად, კომპანიების მთავარი ვიზუალური მერჩანდაიზერები არა მხოლოდ ვიტრინისა და ინტერიერის შექმნაში იღებენ მონაწილეობას, არამედ საბოლოო ჯამში, მათ ხედვას უდიდესი გავლენა აქვს გაყიდვებზე. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებას „ჩუმ გამყიდველსაც“ („silent selling“) ეძახიან. ამ პროცესში ისეთ დეტალებზე ზრუნავენ, როგორიც არის პერსონალის სტილი, ვარცხნილობა თუ მაკიაჟი, პროდუქტის სწორი განლაგება, განათების ფერი და თქვენ წარმოიდგინეთ, მაღაზიის მუსიკალური სტილიც კი. სწორედ ასე იქმნება ბრენდის მერჩანდაიზინგის სახელმძღვანელო.

არსებობს მაღაზიები, რომელთა არქიტექტურა, გარე ფასადები და ვიტრინები ისეთივე ცნობილია, როგორც თავად მაღაზია. „Bergdof Goodman“, “Sak’s Fifth Avenue” და „Bloomingdales” ნიუ-იორკში ცნობილია თავისი საკულტო ვიტრინებით, ისევე როგორც “Harvey Nichols”, “Harrods” და სხვა. მათი მაღაზიის დისპლეები განასახიერებს ბრენდის ისტორიასა და მემკვიდრეობას.

– მოგვიყევით კონკრეტულად თქვენი გამოცდილების შესახებ. აღნიშნულ სფეროში მუშაობის რომელ ეტაპს გამოარჩევდით?

– ჩემი ყველაზე დიდი ტრამპლინი ამ პროფესიაში უდაოდ, “Hermes”-ის სახლთან თანამშრომლობაა. ეს უდიდესი მეიზონი, ჩემთვის როგორც დიზაინერისთვის, ყოველთვის იყო და დარჩება მოდას, ტენდენციებსა და გავლენებს მიღმა მდგარი უმაღლესი კლასის ბრენდი, რომლის კოლექცია, მაღაზიების ინტერიერები და რაც მთავარია, ვიტრინის უნიკალური გაფორმება, პირდაპირი სახელმძღვანელოა ყველა ადამიანისთვის, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს. მე წილად მხვდა პატივი, Hermes Italia-ს მთავარი ვიზუალური მერჩანდაიზერის, დანილო როსის (Danielo Rossi) მიერ დაკომპლექტებულ სტაჟიორთა გუნდში მემუშავა. Hermes-ის სახლი, არცერთი სხვა მაღალი მოდის სახლს არ ჰგავს. მათი ვიტრინები არასდროს არის სტატიკური, ისინი ყოველთვის ყვებიან ბრენდის ისტორიას და ბრენდის ნივთები ამ ისტორიის “მოქმედი გმირები” არიან. სწორედ ამიტომ “Hermes-ის” ექსპოზიციები ყოველთვის ყურადღების ცენტრშია ყველა მაღალი დონის გამოფენაზე. რაც შეეხება ჩემს პროფესიულ განვითარებას, “Hermes-ის” უდიდესმა გამოცდილებამ ბევრი ბრენდის  კარი გამიღო: “Damiani”, “Agatha Paris”, “Pomellato”, “Rolex” ამ მცირე ზომის და მაღალი კლასის აქსესუარების ბრენდებთან თანამშრომლობამ სხვაგვარი ვიზუალური მერჩანდაიზინგი შემასწავლა, რაც უდაოდ სპეციფიკურია.

– დაასახელეთ ამ პროფესიის მთავარი გამოწვევები და სირთულეები

–  ამ პროფესიაში გადამწყვეტია განათებისა და ნივთის სწორი კუთხის დაჭერა, რადგან საქმე გვაქვს ძალიან პატარა ზომის ობიექტებთან, რომელიც ქუჩაში გამვლელს ზუსტად ისევე უნდა მოხვდეს თვალში, როგორც ტანსაცმელი თუ სხვა დიდი ზომის ნივთები. ვიტრინაში განთავსებულმა პროდუქციამ სწორი გზავნილი უნდა გადასცეს მომხმარებელს და სწორედ ამ დეტალშია ვიზუალური მერჩანდაიზინგის მთავარი სირთულე.

– ქეთა, საინტერესო იქნება თქვენი მხრიდან რომელიმე ქართული პროექტის შეფასება

– ვინაიდან ამ პროფესიაში საქმიანიბა მე საქართველოში არ დამიწყია, არ მაქვს ბევრი ინფორმაცია ამ განხრით მოღვაწე ქართველ არტისტებზე. მიუხედავად ამისა, ყოველთვის ვადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ ტენდენციებს აღნიშულ სფეროში. რამდენიმე ხნის წინ ჟურნალ “მარკეტერის” ვებ გვერდზე შემხვდა “Motif-ის” ახალგაზრდული კონკურსი “Display your vision,” რომლის ფარგლებში რამდენიმე გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც ძალიან საინტერესო ვიტრინის პროექტებით წარსდგნენ. ზოგადად, მინდა ხაზი გავუსვა “Motif-ის” სტილის აღქმას, რაც როგორც მათ კოლექციაზე, ასევე შოურუმის ინტერიერსა თუ ვიტრინის დიზაინზე აისახება.

Motif-ის ვიტრინის გაფორმება დიზაინერ ნინი ჭანტურიას მიერ

– მოგვიყევით თქვენთვის რჩეული უცხოური პროექტის შესახებ

– ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტი სამკაულების ხაზი ,,A.P.M.“- ია. ბრენდი მონაკოდან არის წარმოშობით. ეს პროექტი აღნიშვნის ღირსია, არა მარტო მისი დახვეწილი კოლექციების გამო, არამედ იმიტომაც, რომ აქ მე დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა.  4 სეზონის განმავლობაში ვიყავი ბრენდის მთავარ ფორმატორთა გუნდში. ჩვენ პირადად მოგვეცა საშუალება მოგვეწყო ჰონგ-კონგის, ბერლინის, ლონდონის, რომის, მილანისა და ტურინის მაღაზიები და შოურუმები. ამ მოგზაურობების ფარგლებში ვაფორმირებდით ლოკალურ გუნდებს, რომლებიც შემდგომში, მთელი წლის მანძილზე, დისტანციურად თანამშრომლობდნენ ჩვენთან და ბრენდისთვის დამახასიათებელ, ჩვენ მიერ შექმნილ ვიტრინებსა თუ შოუქეისებს რეალურად აქცევდნენ. ამჟამად კიდევ ახალ, იტალიურ ბრენთან თანხმდება პროექტის დეტალები, რომელიც სავარაუდოდ გაზაფხულისათვის განხორციელდება.

რა იქნება ტრენდული 2021 წელს საძინებელი ოთახების ინტერიერში?

დუპლექსი მთაზე – MWArchitekten-ის ეკომეგობრული პროექტი