სახლის ესთეტიკის შექმნასა და მისი სახასიათო ატმოსფეროს ჩამოყალიბებაში ინტერიერის დიზაინის ფერები ყველაზე დიდ როლს ასრულებენ. თუ სახლში დრამატული და თვალშისაცემი ტონების შეტანა გვსურს, ისეთ ფერებს ვიყენებთ ხოლმე, როგორიცაა, მაგალითად, ზურმუხტისფერი, ლაჟვარდისფერი, შინდისფერი თუ სხვა უამრავი ტონი, თუმცა ის ფერი, რომელიც ყველა სახლში გვხვდება (რაღაც დოზით მაინც) არის თეთრი.
ჩვენი სახლისთვის თეთრი ფერის სწორი ტონალობის შერჩევა ის პროცესია, რომელსაც ყურადებითა და პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ, რადგან არასწორმა თეთრმა შესაძლოა სრულებით შეცვალოს ინტერიერის დიზაინის ეფექტი და ხანგრძლივ პერსპექტივაში არ დაგვაკმაყოფილოს. Homeis.ge გთავაზობთ ბრიტანელი დიზაინერის, ემა სიმს-ჰილდიჩის (Emma Sims-Hilditch) და მისი გუნდის რჩევებს სწორი თეთრის არჩევასთან დაკავშირებით.
“Neptune”-ს “Shell” და “Snow” ინტერიერის დიზაინში
დიზაინერი სამი ტიპის სახლს გამოჰყოფს, რომლებშიც თეთრი ფერის გამოყენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სწორედ ამ ტიპებზე გვთავაზობს რჩევებს. პირველია სახლი სანაპიროზე (Beach House).
სანაპიროს სახლის გარემოსთან შესარწყმელად და მისი პოტენციალის ბოლომდე გამოსამჟღავნებლად სიმს-ჰილდიჩი და მისი გუნდი გვირჩევენ საღებავების მწარმოებელი კომპანია „Farrow and Ball“-ის თეთრ საღებავებს. კონკრეტულად, ჭერისა და ხის ავეჯის შესაღებად „Farrow and Ball“-ის საღებავ „All White“-ს უწევენ რეკომენდაციას, რომელიც ფაფუკი და უბრალოა და განსაკუთრებულ ყურადღებას არ იქცევს, თუმცა სიმშივიდის ელემენტები შემოაქვს სახლში. კედლების შესაღებად დიზაინერთა გუნდი „Farrow and Ball“-ის „Shadow White“ ტონს გვირჩევს, რადგან ის თეთრის შედარებით მუქ ტონალობას წარმოადგენს და სახლში კონტრასტს შეიტანს ჭერისა და იატაკის შედარებით ნათელ თეთრ ფერში გადაწყვეტის შემთხვევაში. მეორე კომბინაცია, რასაც სიმს-ჰილდიჩი სანაპიროს სახლებში გვთავაზობს, არის ჭერსა და ავეჯზე ასევე „Farrow and Ball“-ის საღებავის „School House“ გამოყენება, კედლებზე კი – „Hardwick White“-ს. ამ კლასიკური კომბინაციით შედარებით „უჟმურ“ ინტერიერს მივიღებთ, რომელსაც დააბალანსებს ჭერის თბილი ტონი.
“Farrow and Ball”-ის “Shadow White “-ისა და “All White”-ს კომბინაცია
მეორე სახლის ტიპი, რომელზეც სიმს-ჰილდიჩი და მისი გუნდი ყურადღებას ამახვილებენ, არის თანამედროვე სახლი. დიზაინერები ასეთი სახლებისთვის ზედგამოჭრილად მიიჩნევენ კომპანია „Neptune”-ს საღებავებს, კონკეტულად კი “Shingle”-სა და „Shell”-ს. “Shingle” გაცრეცილი, ნაცრისფერ-თეთრი ტონალობის საღებავია, რომელიც საუცხოოდ გამოიყურება სამზარეულოსა და საძინებელი ოთახის პანელებზე. „Shell” მასზე ღიაა, იდეალური თეთრი საღებავი, რომელიც არც იმდენად კაშკაშაა, რომ თვალი მოგვჭრას და გაგვაღიზიანოს და არც იმედნად მუქი, რომ ნაცრისფერში გადადიოდეს. სწორედ ამიტომ, ეს ტონი იდეალურია კედლებისა და ჭერის შესაღებად. სიმს-ჰილდიჩი ძირითადად სწორედ ამ ფერს იყენებს საკუთარ ინტერიერის დიზაინის პროექტებში.
“Neptune” – “Shringle” ინტერიერის დიზაინში
“Neptune’ – “Shell” ინტერიერის დიზაინში
ემა სიმს-ჰილდიჩის აზრით, არსებობს ისეთი თეთრი ფერის ტონები, რომლებიც თანამედროვე, ქალაქურ სახლსაც უხდება და ქალაქგარეთ, სოფლის ტიპის სახლებსაც. ასეთ საღებავებში დიზაინერი უპირატესობას თეთრ-ვარდისფერ ტონებს ანიჭებს, მაგალითად „Farrow and Ball“-ის „Wimborne White“-სა და „Dimity“-ს, კომპანია “Neptune”-ს საღებავს „Lily”. კარადების, სააბაზანოების კედლის უჯრებისა თუ საძინებელი ოთახების ავეჯის შესაღებად ამ კატეგორიაში სიმს-ჰილდიჩი ასევე გვირჩევს „Oxford Stone“-ს.
“Neptune”-ს “Lily” ინტერიერის დიზაინში
რაც შეეხება ქალაქგარეთა , სოფლის ტიპის სახლებს, ემა სიმს-ჰილდიჩისა და მისი გუნდის აზრით, აქ ისეთი თეთრის გამოყენებაა საუკეთესო ვარიანტი, რომლებსაც წითელი ბაზა აქვთ ან მოწითალო ავეჯთან შეხამებისას სასიამოვნო ვიზუალს ქმნიან. ასეთ საღებავებში გუნდის ფავორიტი კომპანია „Neptune”-ს საღებავები „Silver Birch“ და „Driftwood“-ია. ეს ტონები ქმნიან ელეგანტურ, საოცრად დახვეწილ ინტერიერს, რომლებიც ბუნებას უფრო გამოკვეთს და თავს კომფორტულად გვაგრძნობინებს.
“Neptune”-ს “Driftwood” ქალაქგარეთა სახლის ინტერიერში