მოცემული შენობა კოპენჰაგენში მდებარობს და ეკუთვნის მაღაზია „Dulong”-ს. სამკაულის მაღაზიის ინტერიერი იმდენად კეთილმოწყობილი, ღია და სტუმართმოყვარე ატმოსფეროს მქონეა, რომ მაღაზიას კი არა, შინაურულ სასტუმრო ოთახს უფრო გვაგონებს.
სწორედ ამ შინაურული აურის გამოსაკვეთად და გასამდიდრებლად სამკაულის შოურუმის პროექტზე მუშაობისას Norm Architects-მა გამოიყენა ისეთი ბუნებრივი მასალები, როგორიცაა მუხა, თიხა, სელი, ტრავერტინი და სხვა
არქიტექტურული სტუდიის თქმით, შენობის ინტერიერის დიზაინი ისეთი ლეგენდარული მხატვრების სახელოსნოებითაა შთაგონებული, როგორებიც არიან პაბლო პიკასო, ანრი მატისი და რუმინელი მოქანდაკე, კონსტანტინ ბრანკუში (Constantin Brâncuși).
მაღაზიის მუხის პარკეტი ერთადერთი დეტალია, რომელიც შენობაში რენოვაციების დაწყებამდეც იყო. კონსტრუქციის დანარჩენი დეტალები – კედლები და ჭერი – Norm Architects-ს ეკუთვნის.
შენობაში შემავალი სინათლე ხაზს უსვამს გამომწვარ თითბერს, მინასა და კაკლის ხის დეტალებს, რომლებიც ინტერიერში გვხვდება. მაღაზიაში ასევე ყურადღებას იქცევს Norm Architects-ის ავტორობით შექმნილი ავეჯი.
მაღაზიის უკანა მხარეს კოპენჰაგენური ნეოკლასიკური არქიტექტურისთვის დამახასიათებელ კვადრატულ, სიღრმეში შეწეული თაღების კოლონადას ვხედავთ, რომლებშიც მინის ვიტრინებზე დაწყობილი და შუქით გამოკვეთილი სამკაულები გვხვდება. შენობაში ასევე განთავსებულია კერძო ოთახი, სადაც მომხმარებლებს სამკაულის მოსინჯვა შეუძლიათ. მომსახურე პერსონალისთვის შენობაში დაპროექტდა სამზარეულო და საპირფარეშოებიც.
ფოტოგრაფი : Jonas Bjerre-Poulsen