in

როგორ გავწმინდოთ ვერცხლი სახლის პირობებში – Homeis.ge გირჩევთ

ვერცხლეული ხშირად გვხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში. იქნება ეს დანა-ჩანგალი, პატარა ქანდაკებები თუ ინტერიერის დიზაინის გასალამაზებლად შექმნილი სხვა დეკორაციები, ფაქტია, რომ ჩვენს სახლებში ვერცხლი დიდ როლს ასრულებს. ვინაიდან ეს მეტალი საკმაოდ მალე გაშავებადი მასალაა, homeis.ge გთავაზობთ მისი გაწმენდის რამდენიმე საშუალებას, რომელიც სახლშიც მარტივად შეიძლება აღმოაჩინოთ.

     1.ლიმონი/ლიმონმჟავა

ლიმონის წვენში შემავალი ფერმენტები ვერცხლის ჭუჭყს მარტივად შლის, ამიტომ შეგვიძლია ან პირდაპირ ლიმონი დავწუროთ, ან ლიმონმჟავა შევიძინოთ. 100 გრამ ლიმნის წვენს უნდა შევურიოთ 500 გრამი წყალი, ავადუღოთ და ვერცხლის ნივთი მასში ჩავდოთ. ნივთის უფრო ეფექტურად გასაწმენდად მისი „მორევა“ – გამოძრავებაც შეგვიძლია. ლიმნის მჟავიდან ვერცხლის ნაკეთობა დაახლოებით 15 წუთში უნდა ამოვიღოთ და გავწმინდოთ მშრალი ნაჭრით.

  1. კბილის პასტა

კბილის პასტა ის ნივთია, რომელიც ყველა სახლში გვხვდება. ვერცხლის მისით გაწმენდა საკმაოდ მარტივი პროცედურაა, თუმცა უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ მიერ შერჩეული კბილის პასტა თეთრია და მაქსიმალურად ნატურალური, ქიმიური დანამატების გარეშე. სასურველია, რომ კბილის პასტა რაც შეიძლება რბილი ზედაპირის მქონე ჯაგრისზე მოვათავსოთ, რათა ვერცხლის ზედაპირი არ დაზიანდეს და მის ჩუქურთმებში კბილის პასტამ უკეთ შეაღწიოს. ნაკეთობის კარგად გაწმენდის შემდეგ ის გამდინარე წყლით კარგად უნდა გავრეცხოთ და ეფექტსაც მალევე შევნიშნავთ.

      3.ძმარი

 

ძმარი ის მჟავაა, რომელიც ყველა ჩვენგანს მოეპოვება სახლში. სხვა მრავალ თვისებასთან ერთად, ძმარი მარტივად უმკლავდება ვერცხლის სიშავეს. ვერცხლის ნაკეთობის გასასუფთავებლად 6%-იანი სუფრის ძმრის 200 მლ სუნდა ჩავასხათ ქვაბში ან რაიმე სხვა ჭურჭელში და გავათბოთ. თბილ სითხეში ვერცხლის ნაკეთობა 15 წუთის განმავლობაში უნდა მოვათავსოთ, შემდეგ კი წყლით გავრეცხოთ და გავამშრალოთ. შესაძლოა, ნივთის სიშავე პირველივე ცდაზე არ გაქრეს, ვინაიდან ნატურალური საშუალებები უფრო ნაკლებად ეფექტური და აგრესიულია, ვიდრე ქიმიური საწმენდი საშუალებები, თუმცა ძმრით წმენდის პროცედურის კიდევ ერთხელ გამეორების შემთხვევაში სასურველ შედეგს ნამდვილად მივაღწევთ.

       4.სოდა

ვერცხლის ნივთის სოდით გაწმენდის რამდენიმე გზა არსებობს, რომელთაგან ორია განსაკუთრებით ცნობილი. მათ შორის პირველის მიხედვით, ერთმანეთს უნდა შევურიოთ ნახევარი ჩაის კოვზი სოდა და ერთი ჩაის კოვზი წყალი, ნივთი კი მიღებული ფაფისმაგვარი მასით გავწმინდოთ. რაც შეეხება მეორე საშუალებას, მის მიხედვით ერთი ლიტრი წყალი უნდა ავადუღოთ და ჩავუმატოთ ერთი სუფრის კოვზი სოდა . მიღებულ ხსნარში ჩავდოთ ვერცხლის გაშავებული ნივთი 20 წუთით, შემდეგ გავავლოთ გამდინარე წყლით, გავამშრალოთ და მაშინვე შევამჩნევთ ცვლილებას. აღსანიშნავია, რომ ძვირფასთვლიანი ვერცხლის სამკაულების გაწმენდა სოდით მიზანშეწონილი არაა, რადგან შეიძლება სოდამ თვლებს ბუნებრივი ელვარება დაუკარგოს.

        5.ნიშადურის სპირტი

ნიშადურის სპირტით ვერცხლი საკმაოდ ეფექტურად, მარტივად იწმინდება და ელვარებაც უბრუნდება. პროცედურა ძალიან იოლია – თავსახურიან ქილაში უნდა ჩავასხათ ნიშადურის სპირტი (მეტი ეფექტურობისთვის დავუმატოთ საპონი და წყალბადის ზეჟანგი). ვერცხლის ნაკეთობა 15-20 წუთით დავტოვოთ ხსნარში, პერიოდულად შევანჯღრიოთ ქილა, შემდეგ ნივთი გადავიტანოთ წყალში, გავრეცხოთ და გავწმინდოთ ნაჭრით.

რატომ ღირს ზამთარში რემონტის გაკეთება?

მწერალ ამანდა ბრუკსის საშობაოდ მორთული სახლი