in

“Casa Ocal” – ევკალიპტის ხისგან აგებული სახლი ეკვადორის მთებში

Alliance Group
Alliance Group

ეკვადორის ჩრდილოეთში, მთებში აგებული სახლის პროექტი , რომელსაც „Casa Ocal” ეწოდება, არქიტექტურულ სტუდია „Jorge Ramón Giacometti Taller de Arquitectura“-ს ეკუთვნის. სტუდიამ სახლზე მუშაობისას მთავარ მასალად ევკალიპტის ხე და გადამუშავებული მეტალი გამოიყენა და სწორედ მათი საშუალებით შექმნა წვეტიანი კონსტრუქცია.

„Casa Ocal” გარე სვეტების საშუალებით მაღლაა აზიდული, რათა ჩამდგარი წვიმის წყალი დაუბრკოლებლად ჩავიდეს სახლის ქვემოთ მდებარე გორაკზე. გარდა ამისა, სვეტების საშუალებით ძვირადღირებული ცვლილებების გარეშე მოხერხდა სახლის პირველი სართულის აშენება, ვინაიდან ის ეკვადორის რელიეფურ, არათანაბარ მიწაზეა განთავსებული.

სწორედ ლოკაციის უსწორმასწორობისა და სირთულის გამო არქიტექტურულმა სტუდიამ მიიღო სახლის მარტივი ფორმებისგან და მოდულური სტილით შექმნის გადაწყვეტილება.

„ჩვენ გვევალებოდა 110 კვადრატული მეტრის ფართობის სახლის აგება მცირე ბიუჯეტით, რთულად მისაღწევ ეკვადორის მთებში. მთელი ამ გამოწვევის განმავლობაში, ვცდილობდით, კონსტრუქციის სირთულე მინიმუმამდე დაგვეყვანა და თავი დაგვეზღვია მომავალი გართულებებისგან“,- აღნიშნავენ „Jorge Ramón Giacometti Taller de Arquitectura“-ს არქიტექტორები.

„Casa Ocal”-ის კონსტრუქციის მშენებლობა სულ რაღაც 5 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. სახლის ძელები და კოჭები ევკალიპტის ხისგანაა გაკეთებული, ხისგან , რომელიც ავსტრალიიდან შემოიტანეს , თუმცა ეკვადორის ტროპიკულ მთებშიც მალევე გავრცელდა. ევკალიპტის ხე ექსტერიერშიც მრავლადაა გამოყენებული.

გადამუშავებული მეტალისგან დამზადდა სახლში ასასვლელი კიბეები, უკანა შესასვლელი კარი, სამზარეულოს კარადები და  ინტერიერში განთავსებული კარი.

შენობის ორ მხარეს არსებული ფართო ლანდშაფტური ფანჯრების საშუალებით სახლში დაბრკოლების გარეშე აღწევს სინათლე და ასევე ეკვადორის ულამაზესი მთების საუცხოო ხედი იშლება. გარეთ მდებარე მოჭიქული ბალუსტრადების მქონე ტერასას სახლის სახურავი ჩრდილავს.

სახლის ინტერიერი ორ ნაწილად იყოფა ცენტრალური კორიდორის საშუალებით, რომელიც წინა კარიდან უკანა კარამდეა გადაჭიმული. სამზარეულო და მისაღები ოთახის სივრცე ტერასას უერთდება, რაც იდეალურია ოჯახური საღამოების გასატარებლად.

 

ფოტოგრაფი:Claudia Muñoz Karig

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

მარადიული ელეგანტურობის სურვილით შექმნილი დიზაინი — ინტერვიუ ილია ზაქარაიასთან

როგორ გამოვთვალო რამდენი ფილა მჭირდება იატაკის ან კედლის მოსაპირკეთებლად?