in

ტური დაკოტა ჯონსონის ჰოლივუდურ სახლში

Banner M2
Banner M2

დაკოტა ჯონსონის, ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავის მყუდრო, მშვიდმა და მიწისფერი ტონებით გაჟღენთილმა ლოს-ანჯელესურმა სახლმა მალევე შეიძინა თაყვანისმცემლები ინტერიერის დიზაინის მოყვარულთა წრეებში. მეტიც – ჯონსონის მწვანე სამზარეულომ ინტერიერის ტრენდებში ნამდვილი ძვრა გამოიწვია და 2020 წელს მწვანე ფერი სამზარეულოსთვისყველაზე მოდურად აქცია.

ჯონსონის სახლი არქიტექტორი კარლ მესტონის (Carl Maston) მიერაა დაპროექტებული. მსახიობმა სახლი ოთხი წლის წინ შეიძინა. „მაშინვე მიმიზიდა სახლის სისუფთავემ და კომფორტულობამ. როცა ჩემმა აგენტმა ეს სახლი მიჩვენა, ვიფიქრე, რომ მას არასდროს გავყდდი“,-ამბობს მსახიობი.

როგორც ჯონსონი ამბობს, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი სახლის ქონა, სადაც სამუდამოდ დამკვიდრდება და რომელსაც საკუთარ მუდმივ ბუდედ მიიჩნევს. ის ჰოლივუდის ცნობილი მსახიობების, მელანი გრიფიტისა და დენ ჯონსონის ქალიშვილია. მისი მამინაცვალი ანტონიო ბანდერასია, ბებია კი ჰიჩკოკის პოპულარული მუზა – ტიპი ჰედრენი, ამიტომ დაკოტას მთელი ბავშვობა მოძრაობაში, ფილმების გადასაღებ მოედნებზე აქვს გატარებული. აქედან გამომდინარე, ეს სახლი, რომელიც ასხივებს სითბოსა და მკვიდრი ცხოვრებისთვის დამახასიათებელ, ბედნიერ ატმოსფეროს, დაკოსტასთვის ყველაზე ძვირფასი შენაძენია.

ჯონსონი ახლახანს გადაცდა 30 წელს, თუმცა როგორც თვითონ ხუმრობს, უკვე დიდი ცხოვრების გავლა მოუწია. მის გამოცდილებებსა და ისტორიებს ჰყვება დაკოტას სახლიც – აქ შენიშნავთ პეტი სმიტის ნაჩუქარ წიგნებს, მწერალ ჰანტერ ტომპსონის ფოტოს, რომელიც დაკოტას მამის უახლოესი მეგობარი იყო, ბებიის, ტიპი ჰედრენის მიერ შვილიშვილისთვის დაწერილ წერილებს და Saturday Night Live-ის ორმოცი წლის იუბილეზე გადაღებულ ფოტოს, სადაც ნამდვილი ვარსკვლავთცვენაა – დაკოტას გვერდით გამოსახულნი არიან ტეილორ სვიფტი, დერეკ ჯეტერი, სარა პალინი, სტივენ სპილბერგი, ჯორჯ ლუკასი და რეპერი 50 Cent – როგორც ვხედავთ, ჯონსონის სახლის უნიკალურობას სწორედ ეს ძვირფასი მოგონებების ამსახველი სენტიმენტალური ნივთები განაპირობებენ.

ჰოლივუდური სახლი სავსეა ხელოვნების ნიმუშებით – სასადილო ოთახში ჰარმონი კორინის (Harmony Korine) ნახატი გვხვდება, რომელიც ნათლად ასახავს ჯონსონის გემოვნებასა და ინტერესს უცნაური ფიგურებისა და სტილის მიმართ. მის საძინებელში დეივიდ ჰოკნის (David Hockney) ნახატი იწონებს თავს, რომელიც მან მელანი გრიფიტს უსახსოვრა. ჯონსონს უდიდესი ვინილების კოლექცია აქვს, რომელსაც, ანბანის მიხედვით დაწყობილს, მისაღებ ოთახში ვხვდებით.

სახლის ინტერიერზე კომპანია „Pierce & Ward“-მა იზრუნა, რომლის თანადამფუძნებელი, ემილი უორდი (Emily Ward) ჯონსონის ახლო მეგობარია. „დაკოტასთან თანამშრომლობა ძალიან სახალისო აღმოჩნდა, რადგან მან ზუსტად იცოდა, რაც სურდა. ჩვენ ძირითადად სახლის სხვადასხვა ქსოვილზე და ფერებზე ვიმუშავეთ,“-ამბობს დიზაინერი.

სახლის რენოვაციის მთავარი გამოწვევა მეორე სართულის განახლება აღმოჩნდა. სახლის ეს ნაწილი მთლიანად კორპის ხის მერქნისგან იყო დამზადებული, რაც ძალიან ორიგინალური, თუმცა რთულად აღდგენადი მასალაა. მეორე სართულზე იატაკი შეიცვალა და მუხის პარკეტი დაიგო, ზოგ ნაწილში კი ცემენტი.

ჯონსონს სწამს, რომ სახლში პირადი სივრცეების ქონა ყველა ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებისთვისაა აუცილებელი, ამიტომ საკუთარი სახლის მთავარ სააბაზანოში დიდი აბაზანის გარდა ორი ინდივიდუალური ონკანი გვხვდება.

ჯონსონის თქმით, მისი ფესვები ამ სახლში ჯერ კიდევ ზრდის პროცესშია. როცა ის ფილმის გადასაღებად მიდის ან თავის შეყვარებულთან, ჯგუფ Coldplay-ს მომღერალ კრის მარტინთან (Chris Martin) ერთადაა მის მალიბუს სახლში, მუდამ თავისი ხეებში ჩაფლული სახლი ენატრება, „ჩემი სამსახურისა და ცხოვრების სწრაფი ტემპის გამო მუდამ მეცვლება გეგმები, ამიტომ ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ისეთი სივრცის ქონა, რომელსაც შემიძლია სახლი ვუწოდო. ეს სახლი ჩემი ღუზაა“,- ამბობს ახალგაზრდა მსახიობი.

ფოტოგრაფი: Simon Upton

როგორ ვაქციოთ აბაზანა კომფორტის ზონად – აუცილებელი აქსესუარების ტოპ შვიდეული

“Zieglers Nest” – Rever & Drage Architects-ის პროექტი