Norell/Rodhe-ს მიერ დაპროექტებული ეს სახლი შვედეთში მდებარეობს და მისი სრული ფართობი სულ რაღაც 70 კვადრატულ მეტრს მოიცავს. პროექტს „House RR“ ეწოდება და ახალგაზრდა წყვილისა და მათი ორი შვილისთვის საზაფხულო აგარაკს წარმოადგენს. ის სტოკჰოლმის სამხრეთით მდებარეობს, იზოლირებულ ლოკაციაზე, რომლის ლანდშაფტი ტყეებითა და ღია მდელოებით გამოირჩევა.
სახლის ინტერიერი დაყოფილია სოციალურ და პირად სივრცეებად, მისი არქიტექტურა და ბაღი კი თავის კერძო სამყაროს ქმნის, სადაც არდადეგების გატარებამ შეიძლება ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიოს.
სახლი ბორცვზეა გაშენებული. ბაღში შესვლისას წინ გვეშლება ვერანდა და მთავარი ფასადი, რომელიც ინტერიერსა და ექსტერიერს მიჯნავს. აქვე გვხვდება პატრონების პირადი მწვანილის ბაღჩა.
ექსტერიერი წესრიგის ატმოსფეროს ქმნის, თუმცა სახლში შებიჯებისთანავე ეს კანონზომიერების განცდა გარდაიქმნება და ბევრად უფრო სტერილურ შთაბეჭდილებას გვიტოვებს. ინტერიერი ერთ გრძელ, ღია სივრცეს წარმოადგენს, რომელიც გაწყობილია ოთხი შედარებით მცირე ზომის , ერთი მასალისგან დამზადებული მასებით. შესასვლელი ჰოლი და სტუმრების მისაღები სივრცე ერთმანეთისგან გამოყოფილია ცილინდრის ფორმის კონსტრუქციით. ყველა ოთახში გვხვდება მინის კარი ან დიდი ფანჯარა, რომლიდანაც ვერანდის ან შვედური ტყის ხედი იშლება.
ისევე, როგორც ექსტერიერში, ინტერიერშიც უბრალო მასალებია გამოყენებული. სახურავი და ვერანდა ნახერხისგან და დამუშავებული ალუმინისგანაა დამზადებული. სახლის ირგვლივ ხრეშია მიმოფანტული, ვინაიდან ეს მასალა კომფორტულია ეზოში წვეულებების მოსაწყობად და ბავშვებისთვის სათამაშოდ. გარეთ ასევე გვხვდება ცემენტის საფუძველი, სახლში კი იატაკი ფიჭვის ხისგანაა დამზადებული. სააბაზანოს კედლები მარმარილოსთან შერწყმული კორპისგანაა აგებული.
ფოტოგრაფი: Mikael Olsson