ეს საუცხოო ინტერიერი ახალგაზრდა წყვილის შემოქმედებაა, რომელიც აქ 3 შვილთან ერთად ცხოვრობს. ირინა ეგაძე ივენთ კომპანია Alice Q.-ს პროექტების ხელმძღვანელია, ხოლო მისი მეუღლე – რეზი პეტრიაშვილი – მარკეტინგის სპეციალისტი. ისინი შესაფერის სივრცეს დაახლოებით 3 თვის მანძილზე ეძებდნენ და ბოლოს, 10-15 ვერსიიდან შეარჩიეს მათთვის საუკეთესო ვარიანტი. ბინა 124 კვადრატული მეტრია, რაც არც ისე ბევრია 5 კაციანი ოჯახისთვის, მაგრამ მეპატრონეები შეეცადნენ, რომ ის მაქსიმალურად პრაქტიკული ყოფილიყო და საბოლოო ჯამში, სახლში მოთავსდა 4 საძინებელი, დიდი მისაღები ოთახი, 2 სველი წერტილი, სათავსო, პატარა ანტრესოლი, ცალკე სამზარეულო და პატარა აივანი. ამ ძალიან საინტერესო პროექტის შესახებ დღეს Homeis.ge ირინა ეგაძეს გაესაუბრა.
– ირინა, როგორ შეარჩიეთ ეს კონკრეტული ბინა და რა იყო მთავარი ამ პროცესში თქვენთვის?
– სანამ ამ ბინას შევიძენდით, დიდხანს ვფიქრობდით ყველა იმ კომპონენტზე, რაც ჩვენ გვჭირდებოდა – დაწყებული ბავშვების ოთახებით, დამთავრებული სათავსოებით. ამ პროცესში პირველი კრიტერიუმი იყო ის, რომ ვეძებდით არასტანდარტულ პროექტს. ძალიან გვინდოდა, რომ ყოფილიყო მანსარდის ტიპის სივრცე, ვინაიდან ამ სტილის ინტერიერი უფრო საინტერესო და განსხვავებული გამოდის ხოლმე საცხოვრებლად.
რაც შეეხება მეორე კრიტერიუმს, ეს იყო ფასის, ფართობისა და სხვა დადებითი მხარეების პროპორციულობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს საცხოვრებელს აქვს რაღაც უარყოფითი მხარეები (მაგალითად, არ ვარ კმაყოფილი სადარბაზოთი), საბოლოო ჯამში, ბინა აკმაყოფილებს ყველა ჩვენს სურვილს: არის საოცრად ნათელი, პროექტი არის მანსარდული ტიპის, ფანჯრებიდან იშლება ულამაზესი ხედი ქალაქზე და რაც მთავარია, ეს ყველაფერი საკმაოდ ადექვატურ ფასად შევიძინეთ.
– როგორც ვიცით, თქვენს სახლზე პროფესიონალ დიზაინერს არ უმუშავია. მოგვიყევით, როგორ შეიმუშავეთ ინტერიერის კონცეფცია და როგორ მიდიოდა დაგეგმარების პროცესი?
– მე და რეზიმ ეს ბინა, პირველ რიგში, საკუთარ განწყობაზე ავაწყვეთ და მთელი სტილისტიკა და კონცეფციაც ამას მოვარგეთ. ინსპირაცია მოიტანა თვითონ სახლმა და აქედან გადაშლილმა ხედმა. ჩვენთვის თავიდანვე ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თუ როგორი განწყობა და აურა იქნებოდა სახლში.
ორივე ჩვენგანს გვქონდა იდეები სხვადასხვა დეტალებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩვენთვის ვინიშნავდით (ან ფოტოებს ვუღებდით, ან სხვადასხვა წყაროებიდან „ვსქრინავდით“) და ბოლოს, როდესაც ყველაფერი შევაერთეთ, აღმოჩნდა, რომ ჩვენ მიერ ცალკეულად შერჩეული დეტალები, თურმე, ძალიან უხდება ერთმანეთს, ვინაიდან დაახლოებით ერთი სტილის რაღაცეები მოგვწონდა ორივეს. ასე დაემთხვა ჩვენი გემოვნება ამ საკითხში.
რა თქმა უნდა, ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ახლობლების რჩევები, რომლებსაც ყველა ეტაპზე ვითვალისწინებდით. ამას გარდა, მე და რეზი “ექსელის” (Excel) პროგრამაში ვაკეთებდით მონახაზებს და ასევე სხვადასხვა მობილურ აპლიკაციებს ვიყენებდით სასურველი გეგმარების შესაქმნელად. ბოლოს კი ეს ყველაფერი შევაჯერეთ და შემდგომ უკვე ჩვენს მეგობრებს ვთხოვეთ, რომ გაეკეთებინათ ჩვენთვის ნახაზი, რომ ამ ფორმითაც გვენახა ჩვენი პროექტი.
რაც შეეხება ფერთა პალიტრას, ამ დეტალზე თავიდანვე შევთანხმდით. და ვფიქრობ, სწორედ ამან გაგვიმარტივა ინტერიერის სტილზე მუშაობა. მას შემდეგ, რაც ფერებზე შევჯერდით, თითქოს თავისით „მოვიდნენ“ ჩვენს სახლში ის ნივთები, რომლებიც სხვადსხვა ადგილებში აღმოვაჩინეთ.
ძალიან საინტერესო იყო ჩვენი გეგმარების პროცესი. ამისთვის ჩვენ ავიღეთ სახლის ზომები (რამდენი რამდენ მეტრზეც იყო) და ეს მონაცემები “ექსელის” ფაილში ავაწყვეთ კუბიკებად. თითო კუბიკი იყო თითო კვადრატი და გეგმარების პროცესში ამის მიხედვით ვალაგებდით ხოლმე სად რა ოთახი უნდა ყოფილიყო. ეს ყველაფერი “ექსელში” იმიტომ გვქონდა, რომ არქიტექტურულ პროგრამებში ვერ ვმუშაობდით. მერე მოვდიოდით ჩვენს სახლში, ლენტები მქონდა ნაყიდი და მათი გამოყენებით “ექსელში” შეყვანილ მონაცემებს უკვე ადგილზე ვნახულობდით ხოლმე. ასე წარმოვიდგენდით თუ რამხელა სივრცე გამოდიოდა, რა სად უწევდა და ა.შ. ამან ბევრი რამე უფრო მკვეთრად დაგვანახა.
– რითი გამოირჩევა თქვენი ინტერიერი? რა არის მასში განსხვავებული?
– არის ერთი დეტალი, რაც ძალიან მომწონს: ჩვენ გავცდით კონკრეტულ სტერეოტიპებს. გეგმარების პროცესში შვილებს გამოვკითხეთ თუ რა სურვილები ჰქონდათ საკუთარ ოთახებთან დაკავშირებით, რა სურდათ რომ ყოფილიყო განსხვავებული იქ. შედეგად, ანასტასიას ოთახში გვაქვს საქანელა. გიოს და იკას ოთახში გვაქვს საცოცი კედელი, ბადე და სავარჯიშო კუთხე. თან ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ მათი ოთახები სულ რაღაც 9 კვადრატული მეტრია. თუმცა, თითოეული მათგანი იმდენად საინტერესოდ არის მოწყობილი, რომ აუცილებელი ნივთების გარდა, ყველა ბავშვს თავისი საყვარელი დეტალიც კი აქვს საკუთარ სივრცეში.
ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ სახლის გეგმარება, ინტერიერი და შინაარსი ზოგადად, ავაწყვეთ სრულად ჩვენი ოჯახის სტილზე. მაგალითად, შვილები გვყავს და ამიტომ სახლის გარემო მორგებულია ბავშვებზე. ასევე ძალიან გვიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა, ამიტომ ჩვენი ბინა ამ ნაწილზეცაა მორგებული. ანუ ყველაფერი ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე გავაკეთეთ. ვფიქრობ, რომ ეს მომენტი ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ რატომღაც, ხშირად ავიწყდებათ ხოლმე. ჩვენ სახლში კი არც ერთი ნივთი არ არის უფუნქციო, ყველა ნივთი არის გააზრებული და კონკრეტული დანიშნულებით. მაგალითად, გვაქვს „თამაშების ყუთი“, რომელიც რაღაც პერიოდულობით გამოგვაქვს და ვთამაშობთ ხოლმე ერთად. ასევე გვაქვს ტელესკოპი, რომელშიც ვიყურებით, ვათვალიერებთ და ვსწავლობთ გარემოს. ამას გარდა, გვაქვს ბარი, რომელსაც სახალისოდ ვიყენებთ ხოლმე, როცა მეგობრები მოდიან სტუმრად. აქ ვამზადებთ კოქტეილებს და ასე ვუმასპინძლდებით ახლობლებს, ამისთვის სპეციალური წიგნებიც კი მაქვს სხვადასხვა რეცეპტებით. მოკლედ, ყველაფერს ფუნქციურად ვიყენებთ, არაფერი ისე არ გვიდგას. ნივთის ყიდვის დროსაც გააზრებული გვაქვს ხოლმე რა რაში დაგვჭირდება და კონკრეტული დანიშნულების გარეშე არაფერს ვყიდულობთ.
– თქვენს ინტერიერში უხვი ბუნებრივი განათებაა. როგორ მიაღწიეთ ამ ეფექტს?
– თვითონ სახლს აქვს არაჩვეულებრივი მდებარეობა, თითქოს ჩვენს ბინაში ამოდის და ჩადის მზე. ამაში ძალიან გაგვიმართლა. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ ეს დეტალი შეგვენარჩუნებინა და ყველა კუთხე-კუნჭულში, სადაც კი შანსი გვქონდა, მზე „შემოვუშვით“. ჩვენს სახლში ვერ ნახავთ ფარდებს. ეს დეტალი ბევრისთვის უცნაური აღმოჩნდა და ხშირად მეკითხებიან ხოლმე თუ რატომ არ გვაქვს ფარდები. მაგრამ პასუხი მარტივია: იმის გამო, რომ ჩვენ მაღალ სართულზე ვცხოვრობთ და მეზობლები ჩვენი ფანჯრიდან მოშორებით არიან, ფარდები ფუნქციურად არ გვჭირდება. სწორედ ამიტომ, ერთი ფარდაც არ გვიკიდია და ეს დეტალი რაღაც „სხვა შუქის“ შემოსვლას უწყობს ხელს ჩვენს სახლში.
ვფიქრობ, ბუნებრივ განათებას აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება ბინის შერჩევის დროს. რა თქმა უნდა, ყველა ბინა ვერ იქნება ერთნაირად ნათელი, მაგრამ კონკრეტული დეტალებით შესაძლებელია ამ მიმართულებით მაქსიმალური შედეგის მიღება.
– სახლის რომელი ნაწილია თქვენთვის განსაკუთრებით საყვარელი და რატომ?
– ჩვენი სახლის ყველაზე კარგი და საყვარელი ადგილი ჩვენი 2 კვ/მ აივანია. 2 კვადრატული მეტრია პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ ყველაზე საყვარელია თავისი წყობის, ტევადობისა და განსაკუთრებული ხიბლის დამსახურებით.
– რას გვეტყვით თქვენს სახლში არსებულ გამწვანებაზე? რამდენად გაითვალისწინეთ კონკრეტული მცენარეების ჯიშები და თუ გაქვთ რაიმე რეკომენდაცია ამ მხრივ?
– რაიმე წინასწარი განსაზღვრული გეგმით მცენარეები არ შეგვიძენია. პირველი დაახლოებით 10 მცენარე დედებმა გვაჩუქეს, რომლებმაც ისინი საკუთარ სახლებში გაზარდეს, მოუარეს შვილებივით და მერე ჩვენ გადმოგვაბარეს. შემდგომ უკვე, ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენით ვამატებთ რაც მოგვწონს. საერთო ჯამში, დაახლოებით 30 მცენარე გვაქვს. თითოეული მათგანი რაღაც კონკრეტულ ემოციასთან ან გარემოებასთან არის კავშირში და სწორედ ამიტომ მოხვდნენ ისინი ჩვენს სახლში. აქ ყველაფერი არაჩვეულებრივად ხარობს იმიტომ, რომ მზე არის უხვად. ხშირად ვხუმრობთ ხოლმე, რომ ეს სახლი მცენარეების სათბურია.
რჩევას რაც შეეხება, ალბათ ყველამ ის მცენარე უნდა შეიძინოს, რაც სახლს უხდება და სახლის ბინადრებს მოსწონთ. ჩემს შემთხვევაში, მე „ფუნქციური მცენარეებიც“ მაქვს. მაგალითად, ბაზილიკი და პიტნა. მიყვარს, როცა ჩემს აივანზე გაზრდილ პიტნას ვუმატებ ხოლმე ლიმონათს, ან როდესაც პასტას ჩემი მოყვანილი ბაზილიკით ვამზადებ. ეს დამატებითი ხალისია ყოველდღიურობაში.
– რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვისაც არ ჰყავთ პროფესიონალი დიზაინერი? რა მნიშვნელოვანი დეტალებია გასათვალისწინებელი ინტერიერზე მუშაობის დროს?
– ჩემი აზრით, ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სახლის მეპატრონეებმა უნდა გაითვალისწინონ საკუთარი გემოვნება და მხოლოდ საკუთარი სურვილები. რა ფუნქციის მქონე დეტალები გვსურს სახლში, ჩვენი ცხოვრების სტილი, ჩვენი ოჯახის სპეციფიკა ცალკეული პერსონაჟებიდან გამომდინარე და ყოველდღიურობა – ეს არის მთავარი გასათვალისწინებელი კომპონენტები. მაგალითად, მე და რეზი ჩვენს საძინებელს გამუდმებით ვაკლებდით ფართს სხვა სივრცეების ხარჯზე. პირადად ჩვენ, მიგვაჩნია, რომ ამაში არაფერია პრობლემური, ვინაიდან საძინებელში მხოლოდ დასაძინებლად შევდივართ. მაგრამ სამაგიეროდ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სტუმრების მისაღები ზონა. სხვათაშორის, მაგიდაც ამის მიხედვით შევარჩიეთ, ის მაქსიმალურად დიდი და ტევადია.
ასევე ჩვენს ბავშვებთან სულ რჩებიან მეგობრები. ამისთვის დამატებითი მატრასი გვაქვს, რომელიც არის დახვეული და თუ ვინმე რჩება, მას მარტივად ვიყენებთ. მე ასევე მიყვარს, როდესაც სახლში ყველაფერია მომარაგებული. ამიტომ გვაქვს პატარა სათავსო, სადაც თაროების მიხედვით არის დალაგებული პროდუქტი, საყოფაცხოვრებო ქიმია, დამატებითი მაცივარი (ცალკე პროდუქტებისთვის) და ა.შ. მე ვფიქრობ, რომ ასეთი დეტალები უმნიშვნელოვანესია ყოველდღიურობაში. მერე ხვდები, რომ თურმე რა კარგია, როცა რემონტის დროს საკუთარ თავზე იფიქრე.
ამას გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახლის ყველა კუთხე ბოლომდე იყოს ათვისებული ფუნქციურად. მაგალითად, ავიღოთ ჩემი სამზარეულო. ის თავიდან ბოლომდე შედგენილია სრულად იმ საჭიროებების მიხედვით, რომელიც მე, როგორც დიასახლისს, მაქვს. სანამ სახლი მექნებოდა, მანამდეც პატარა ჩანაწერების სახით ვინიშნავდი გასათვალისწინებელ დეტალებს. მაგალითად, ჩემს სამზარეულოში მინდოდა, რომ ქვაბების თავსახურებისთვის მქონოდა ცალკე უჯრა. ასევე მინდოდა, რომ მქონოდა ჩამოსაკიდებელი ჭიქების განყოფილება. მინდოდა, რომ ერთი უჯრა ყოფილიყო პირველადი მოხმარების პროდუქტებისთვის (ჩაი, ყავა, შაქარი, მარილი), ხოლო მეორე სათავსოში მქონოდა ყოველდღიურობაში ნაკლებად საჭირო პროდუქტი (მაგალითად, განსხვავებული ტიპის ჩაი ან ისეთი ყავა, რასაც ყოველ დღე არ მივირთმევთ და ა.შ.). ანუ ჩემს სამზარეულოში აბსოლუტურად ყველა ის დეტალია გათვალისწინებული, რა სურვილებიც მე მქონდა.
კიდევ ერთი გასათვალისწინებელი დეტალი ის არის, რომ ვინმემ ოჯახიდან უნდა მოიცალოს რემონტის პროცესის კოორდინირებისთვის. ჩვენ შემთხვევაში, ამ მიმართულებით რეზი იყო უფრო ჩართული. მახსოვს, ზოგიერთი ხელოსანი გვეუბნებოდა, რომ ჩვენი კონკრეტული იდეების განხორციელება შეუძლებელი იყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ჩვენგანი ხელოსანი არ არის, მაინც ვხვდებოდით რომ ის კონკრეტული დეტალი აუცილებლად გამოსვლადია და ჩვენ თავად ვთავაზობდით ხელოსნებს ჩვენივე იდეების განხორციელების გზებს. ამიტომ ჩვენს სახლში ყველა ჩანაფიქრი გამოვიდა.
– არის თუ არა რამე, რასაც ნანობთ თქვენი რემონტის შედეგად? რა შეცდომები დაუშვით ამ პროცესში?
– შემიძლია ვთქვა, რომ ესე არაფერს ვნანობ და რამე კონკრეტული შეცდომა არ დაგვიშვია. ჩვენ შემთხვევაში ის ფაქტი იყო მნიშვნელოვანი, რომ საკმაოდ დიდი ხანი ვაკეთებდით ამ ბინას და ამიტომ ძალიან გააზრებულად გადავდგით ყველა ნაბიჯი, ამისთვის ბევრი დრო გვქონდა. მაგალითად, წინა მოსამზადებელი პერიოდისთვის (გეგმარება და სახლის წყობის მოფიქრება) დაახლოებით 3 თვე დავხარჯეთ. შემდგომ რემონტის ყველა ეტაპს „ვაცადეთ“. მაგალითად, გადახურვის პროცესი იმდენ ხანს მიმდინარეობდა, რომ ყველანაირ ამინდს მოუსწრო. ამის შედეგად გაირკვა, რომ თურმე ფანჯრების ქვეშ წყალი შემოდიოდა. ასევე მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ წყალი არ ჩამოდიოდა არასდროს წვიმის დროს, მაგრამ თოვლის დროს ჩამოვიდა. ეს რომ უკვე გარემონტებულ ბინაში აღმოგვეჩინა, ნამდვილად ძალიან ვინანებდი.
აქედან გამომდინარე, ჩემი რჩევაა, სახლის მეპატრონეებმა დიდი დრო დახარჯონ გეგმარებაზე. ამ პროცესში არ შეიძლება სიჩქარე, ვინაიდან ყველაფერს თავისი ვადები და აუცილებელი პირობები აქვს. ჩქარა გაკეთებული საქმე შეცდომებს გვაშვებინებს.
– და ბოლოს, დაახასიათეთ თქვენი სახლი. როგორია ის?
– ჩვენ გვაქვს სახლი, რომელიც ფუნქციურად, იდეურად, დატვირთვით არის ზუსტად ისეთი, როგორებიც ვართ ჩვენ. თითქოს, ეს სახლი ტრანსოფრმირდება იმის მიხედვით, თუ რა განწყობაა ამ სივრცეში. ეს შეიძლება იყოს ტელევიზორის ერთობლივი ყურება, მეგობრების შეკრება, ვახშამი – ბინა ყველა სიტუაციას სრულყოფილად ერგება. ალბათ მთავარი მაინც ის არის, რომ რემონტის დროს “არ შევეშვით” ჩვენს ჩანაფიქრებსა და იდეებს. შესაბამისად, ახლა, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამით ვიღებთ სიამოვნებას. რაც ძალიან საინტერესოა, აბსოლუტურად ყველა მოსულ ადამიანს იგივე შეგრძნება აქვს. ეს არის სახლი, სადაც ყველაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ და ის ყველა ჩვენს აქტივობას იდეალურად ერგება.